logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: სანდრო გლურჯიძე - 80
- +

17 დეკემბერი. 2020. 21:32

 

 

დღეს სანდრო გლურჯიძის დაბადების დღეა. 80 წლის შესრულდებოდა.

 

ძალიან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან. 50-ც კი არ ჰქონდა შესრულებული.

 

უფროს თაობას და იმ ნაწილსაც, ახლა რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდად ითვლება, შეუძლებელია არ ახსოვდეს თბილისის "ბურევესტნიკი", ანუ "ქარიშხალა", რომელიც "ნერვებს უშლიდა" სსრ კავშირის კალათბურთელთა ჩემპიონატში  (უმაღლესი ლიგა) მონაწილე გუნდებს. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის (ახლა რომ ტექნკური უნივერსიტეტი ეწოდება) სტუდენტთა გუნდი, ანუ, "ძია მიშას" (კეკელიძის) ბიჭები იყვნენ ჩვენი სიყვარულისა და აღტაცების ადრესატები. რა დამავიწყებს თბილისელ კალათბურთელთა ორი გუნდის - სახელგანთქმული "დინამოს" და "ბურევესტნიკის" პაექრობას, რომელიც სადაც არ უნდა ჩატარებულიყო - "კიროვის პარკში" თუ სპორტის სასახლეში, ყოველთვის თან სდევდა გადაჭედილი ტრიბუნების ვნებათა ღელვა და... აზარტული თამაშით ტკბობა, რაც არც თუ იშვიათად სტუდენტების გამარჯვებით მთავრდებოდა.

 

"ბურევესტნიკი" - სულ ნარჩევი, გარეგნულად და სულიერად, არა მარტო სიმპათიურები, არამედ ვაჟკაცები, მებრძოლები, მიზანსრაფვისა და გამარჯვებისათვის შეუპოვარი მებრძოლები, მართლაც რომ კალათბურთის, თბილისის, საქართველოს პატრიოტები.

 

და არა მგონია ვინმე შემომეკამათოს იმ შეფასებაში, რომ ამ გუნდის სული და გული, მისი მართლაც წინამძღოლი გახლდათ სანდრო გლურჯიძე.

 

მას არაფერი მოსვლია ადვილად. არც კალათბურთში, არც ცხოვრებაში. არ უსარგებლია არცერთი შეღავათით. ყოველთვის და ყველგან იწყებდა "ცარიელი" ადგილიდან, მიუხედავად იმისა, რომ ჰქონდა მორალური უფლება ზოგჯერ გამოეტოვებია რომელიმე საფეხური. არა! ეს მისი პრინციპი, ცხოვრების წესი იყო, რომლის ერთგული დარჩა სიცოცხლის ბოლო წუთამდე.

 

 

კრისტალივით სუფთა, წიგნიერი, ნებისყოფიანი, აბსოლუტურად უღალატო და საიმედო საქმეშიც და მეგობრობაშიც. ნამდვილი  რ ა ი ნ დ ი!

 

თითქმის ყველაფერს მიაღწია კალათბურთშიც (საქართველოს ნაკრები), პროფესიაშიც (მშენებელი) საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში და სახელმწიფო ასპარეზზე.

 

სპორტის შემდეგ მშენებლობის სამმართველოს უფროსი, ტრესტის მმართველის მოადგილე და მერე-მმართველი,  მინისტრის მოადგილე, კომპარტიის მშენებლობის განყოფილების ხელმძღვანელი - ცენტრალური კომიტეტის მდივანი, ბოლოს საქართველოს მთავრობის წევრი-მინისტრი, რეორგანიზებული ტრანსპორტის სამინისტროს თავკაცი.

 

სანდრო გლურჯიძის უშუალო მონაწილეობით და კურატორობით აშენდა ლანჩხუთის სტადიონი, მოხდა რეკონსტრუქცია ჯანსუღ კახიძის ცენტრისა და "კიროვის პარკის" საკალათბურთო არენისა. ვიმეორებ: ამ სამ ობიექტს იმიტომ ვასახელებ, რომ უშუალო მონაწილე ვარ მისი დაუღლელობის და პროფესიული თავდადების.

 

იმ პერიოდში, მისი როგორც ამ მშენებლობების  პარტიული კურატორის სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყებოდა ადგილზე მისვლით და პროცესისთვის ხელისშემწყობის ღონისძიებათა დაგეგმვა-კონტროლით. ვინაიდან ეს ობიექტები, მათი დამთავრების შემდეგ ჩემ საკურატორო სფეროში გადმოდიოდა,  ამ მოტივით და არა უახლოესი მეგობრის სტატუსით,  სანდრო ითხოვდა ჩემ ჩართვას ამ საქმიანობაში.

 

 

 

აღარაფერს ვამბობ სახალხო მეურნეობის იმ უმნიშვნელოვანეს ობიექტებზე, რომელსაც იგი, როგორც პროფესიონალი და სტრუქტურის ხელმძღვანელი აშენებდა.

 

ასევე, განუზომელი იყო მისი ინტერესი და  ზრუნვის მასშტაბები, როცა საქმე კალათბურთს და მის ბაზებს ეხებოდა. აქაც, ჩვენი ინტერესები გადაჯაჭვული იყო, რამეთუ ის როგორც ყოფილი "ვარსკვლავი" და საქმეში ჩახედული, მე კი, როგორც კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, გულწრფელად ვემსახურებოდით სპორტის ამ ულამაზესი სახეობას, მის განვითარებას. ძალიან დამეხმარა სანდრო კალათბურთის იმ დარბაზის რეკონსტრუქციისას, რომელიც ჯერ პროფკავშირებს გამოვტაცეთ, მერე მძლეოსნებს, განათლების სამინისტროს სპეციალიზირებულ საკალათბურთო სკოლას  დავუკანონეთ და საბოლოოდ... როცა უსინდისო "პრიხვატიზაცია" დაიწყო, უსინდისო მაღალჩინოსანმა "ძიებმა" ბავშვებს წაართვეს და მისი ხელში ჩაგდება ავანტიურისტებმა მოახერხეს.

 

 

ახლა, მგონი, ის დარბაზი ზაზა ფაჩულიას ეკუთვნის და გული აღარ მწყდება სანდროსა და ჩემი მხრიდან გაწეული უშედეგო ოფლისღვრისა და ნერვიულობის გამო. თუნდაც იმიტომ, რომ იქ ნორჩი კალათბურთელები ჟრიამულობენ და არა ყველის ვაჭრები და სპეკულიანტები, რომლებიც  "მადა დაუკმაყოფილებელმა" რჩეულიშვილებმა სამარცხვინოდ  გაამწესეს  ქართული კალათბურთის "მექაში" - ე.წ, "ლენინის დარბაზში", იქ, სადაც ევროპის თასის მატჩები  ტარდებოდა და სადაც გაიზარდა და დავაჟკაცდა ქართული კალათბურთის არაერთი ლეგენდარული თაობა.

 

კიდევ ერთი პაწია, მაგრამ მრავლისმეტყველი შტრიხი მისი ბიოგრაფიისა: 1988 წელს, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრისთანავე, სანდრო პირველი ჩავიდა იქ, უფრო ადრე, ვიდრე მისი სომეხი კოლეგა. თუ როგორ იმუშავა და რა გააკეთა ამაზე მეტყველებს გულწრფელი ცრემლები და გამომშვიდობება იმ სამთავრობო დელეგაციის წევრებისა, სანდროს დაკრძალვის ცერემონიალში რომ მიიღეს მონაწილეობა და მისი სახელობის ქუჩა, რითაც სომხეთმა გამოხატა პატივისცემა სპიტაკის აღდგენაში ამ უღირსეულესი ქართველი მოღვაწის განსაკუთრებული დამსახურების აღსანიშნავად.

 

 

კაცი, მით უმეტეს, ზეცაში ამაღლებული, უწინარესად, საქმიანი კვალის თანაბრად  დატოვებული ოჯახით ფასობს. სანდროს ვაჟი - აღიარებულ სცენოგრაფი შოთა გლურჯიძე და მისი მეუღლე, ცნობილი  ნანიკო შონია, ქალიშვილი - საამაყო კინორეჟისორი რუსუდან გლურჯიძე და მისი მეუღლე, ავტორიტეტული კინომოღვაწე ზურა მაღალაშვილი თავიანთი საქმიანობით, შემოქმედებით, მოქალაქეობრივი და ზნეობრივ მრწამსით აგრძელებენ დაუვიწყარი სანდრო გლურჯიძის სიცოცხლეს და მისი ულამაზესი მეუღლის, ქალბატონ ეთერის გვერდში დგომით ჩვენ, მათ მეგობრებს გვანიჭებენ უდიდეს სიხარულს და სიამაყის გრძნობას.

 

სანდრო გლურჯიძეს გაუმარჯოს ზეციურ საქართველოში!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner