57 წლის მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში სიკვდილს ებრძვის. ორი წლის წინათ ის ოჯახთან ერთად უცხოეთში იმ იმედით გაემგზავრა, რომ უმუშევრობას თავს დააღწევდა და ცხოვრებას თავიდან დაიწყებდა. მეგობრების დახმარებით, ისრაელის აეროპორტის დაცვაში მოეწყო და საღამოობით კონცერტებშიც მონაწილეობდა. მაგრამ, სამწუხაროდ, უკურნებელი სენის გამო მუშაობის გაგრძელება ვეღარ შეძლო, თანაც საქართველოში მას უკვე გაკეთებული ჰქონდა გულის ოპერაცია და გადატანილი ჰქონდა კლინიკური სიკვდილი.
მატერიალური პრობლემების გამო ოჯახი ავადმყოფის სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებს, ამიტომ საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარის დავით ოქიტაშვილის ინიციატივით, პარასკევს, 18 დეკემბერს, საქართველოს საზოგადოებრივ არხზე მომღერლის დასახმარებლად მოეწყობა მარათონი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მომღერლის მეგობრები და გულშემატკივრები.
დავით ოქიტაშვილი, საქართველოს კულტურის პალატის თავმჯდომარე:
– საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ზურა დოიჯაშვილის დასახმარებლად მარათონი პარასკევს, 18 დეკემბერს, 09:15 საათზე დაიწყება, ისრაელიდან საჰაერო რეანიმობილით მისი გადმოყვანა საქართველოში 20 ათასი დოლარი ჯდება, ანუ 66 ათასი ლარი, ამიტომ გადავწყვიტეთ მთელი საქართველოსთვის მიგვემართა. კარგად ვიცით, რომ პანდემიაა და არავის ულხინს, მაგრამ თუნდაც მცირეოდენი თანხის შემოტანა უკვე დიდი სიკეთეა. ზურა დოიჯაშვილი სიცოცხლის ბოლო წუთებს ითვლის, სასუნთქ აპარატზეა, უგონოდ, უამრავი გულშემატკივარი გვეხმაურება, დახმარების სურვილს გამოთქვამს, ვიცი, მთელი საქართველო ფეხზე დადგება და გულთან ახლოს მიიტანს ამ ამბავს.
– ამავე დღეს გაიხსნება ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი...
– დიახ, იმ დღესვე, 18 დეკემბერს, დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარედ გაიხსნება ზურა დოიჯაშვილის სახელობის ვარსკვლავი. ხათუნა ხოფერიამ თქვა, სიმბოლურია, რომ სწორედ ზურას სიმღერის ტექსტშია ეს სიტყვები: „მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა...“ დიდი საკონცერტო დარბაზიც ხომ მელიქიშვილის გამზირზეა, აქ არის იაც, ვარდიც და ბზაც... ზურა დოიჯაშვილმა თავისი ცხოვრებითა და ხელოვნებით თავისი სახელობის ვარსკვლავი დაიმსახურა.
– ოჯახის წევრები ვარსკვლავის გახსნას დაესწრებიან?
– ზურას ორი შვილი საქართველოშია, ვარსკვლავის გახსნას ისინი დაესწრებიან. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს ღირსშესანიშნავი ცერემონია ზურას გარეშე ჩაივლის. ვესაუბრე მის მეუღლეს, ქალბატონ ქეთის, ტირის, დიდ მადლობას უხდის თითოეულ ქართველს დახმარებისთვის, იქნებ ზურა როგორმე ცოცხალი დავაბრუნოთ საქართველოში. გვერიდება, ყველას გვიჭირს, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ ერთად დგომით ქართველები ამ თანხას შევაგროვებთ. შეიძლება, ყოველი წუთი ბოლო სუნთქვა აღმოჩნდეს ზურასთვის, მაგრამ გვინდა, რომ სამშობლოში ცოცხალი დაბრუნდეს და აქ შეებრძოლოს უკურნებელ სენს.
– ამ ყველაფერს ორგანიზებას საქართველოს კულტურის პალატა უწევს?
– საქართველოს კულტურის პალატა ცდილობს, გვერდით დაუდგეს ხელოვან ადამიანებს. კულტურის მოღვაწეთა დაფასება და პატივისცემა ოჯახიდან მომყვება, დედა კლარა გოშაძე მოცეკვავე იყო, ბუხუტი დარახველიძესთან ანსამბლში ცეკვავდა, ამიტომ არ დავიღლები ისტორიის შემოქმედი ადამიანების მოფერებითა და თანაგრძნობით. როცა ადამიანს უჭირს, უნდა დაეხმარო, სწორედ ამ დროს ჩანს, ვინ რისი გამკეთებელია. დიდი მადლობა თბილისის მერს კახი კალაძეს, რომელმაც ზურა დოიჯაშვილის მკურნალობის კურსი დააფინანსა – კახი ერთადერთი იყო, ვინც ეს გააკეთა. ახლა დახმარებას ცდილობს საქართველოს საელჩოც ისრაელში.
– ვინ მონაწილეობს სატელევიზიო მარათონში?
– ზურას კოლეგები, მეგობრები... მარათონს წავიყვანთ მე და საზოგადოებრივი არხის დილის ეთერის ჟურნალისტები. ზურას დასახმარებლად ყველა ერთსულოვანია. ნამდვილად არავის შევაწუხებდით, თვითმფრინავის ბილეთის თანხაზე რომ იყოს საუბარი, ზურას მეუღლემ სპეციალურად უნდა დაიქირავოს სათანადო აპარატურით უზრუნველყოფილი ავიარეანომობილი, რათა ფრენის დროს ზურამ სუნთქვა შეძლოს.
– ბოლოს როდის ესაუბრეთ ზურა დოიჯაშვილს?
– რამდენიმე წლის წინათ, მაშინაც სამკურნალოდ თანხა ესაჭიროებოდა, დავეხმარეთ, მაგრამ აფიშირება არ გაგვიკეთებია. წავიდა საზღვარგარეთ, გული ძალიან დამწყდა, მაგრამ მას ეს სჭირდებოდა. ახლა ვერაგ დაავადებას ებრძვის, სანამ ჯერ კიდევ საუბარი შეეძლო, ოჯახისთვის უთქვამს – საქართველოში წამიყვანეთო, მაგრამ მკურნალობის კურსს ვერ შეუწყვეტდნენ და მისი გადმოყვანა შეუძლებელი იყო. ახლა ხალხის იმედი გვაქვს.
დიდ მადლობას მოვახსენებ თქვენს გაზეთს, საზოგადოებრივ არხს და ყველა გულშემატკივარს, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ზურა დოიჯაშვილის უმძიმესი მდგომარეობა და გვერდით უდგას. ასევე ბოდიშს ვუხდით თითოეულ ქართველს ამ მძიმე დროს შეწუხების გამო.
ქეთევან ხამიცაშვილი