მომღერალ ზურა მანჯავიძეს, მიუხედავად პანდემიის გამო შექმნილი მდგომარეობისა, მაინც იმედი აქვს, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება და ყველა შეძლებს საყვარელ საქმეს დაუბრუნდეს. მასთან ქვეყანაში შექმნილ პრობლემებსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზეც ვისაუბრეთ – ძველზეც და ახალზეც.
– არაერთმა თქვენმა კოლეგამ გამოთქვა პროტესტი, რომ პანდემიის პერიოდში სახელმწიფომ არ იზრუნა მომღერლებზე და ისინი სოციალური პაკეტის გარეშე დარჩნენ.
– უფულობა და უმუშევრობა კარგი არავისთვისაა, მაგრამ ვხედავ, რომ ხელისუფლება რაღაცას მაინც ცდილობს და აკეთებს. ჩვენ ამერიკასავით ძლიერი ქვეყანა არ ვართ, რომ უსაზღვროდ შესძლებოდა სახელმწიფოს თავისი მოქალაქეების დახმარება, საწუწუნო შეიძლება სხვაზე მეტი მქონდეს, მაგრამ გაგებით უნდა მოვეკიდოთ ამ ყველაფერს.
– კორონაპანდემია და არჩევნები ერთ პერიოდს დაემთხვა და ვფიქრობ, ამან გაამწვავა ზოგადი ფონიც და საზოგადოებაში დაპირისპირებაც.
– ყოველთვის კარგად გამოგვდიოდა ერთმანეთთან ქიშპობა. ქართველის ყველაზე დიდი მტერი ისევ ქართველია. ერთ მუშტად შეკრულები რომ ვყოფილიყავით და შიდა დაპირისპირება არ გვქონოდა, დღეს უფრო ძლიერი ქვეყანა გვექნებოდა.
– თქვენი აზრით, ვის შეუძლია სიტუაცია შეცვალოს და სასიკეთოდ შემოატრიალოს?
– ვისაც ეს ხელეწიფება, ეკლესიაა, მაგრამ ახლანდელ ოპოზიციას ეს არ აწყობს, პირიქით, ქვეყანაში დესტაბილიზაცია სურს. ბევრს ხელები ეფხანება, ისე ამოვიდა ყელში მათი უმსგავსობა. თავს ვიკავებთ, რომ რადიკალური ზომების გამოყენება არ დავიწყოთ და ჩვენც მათ არ დავემსგავსოთ. ხელისუფლებას ვადანაშაულებ, ბოდიშს ვიხდი გამოთქმისთვის, მაგრამ ამდენი ხანი რომ „აბლატავებენ“ ამ ნამუსგარეცხილებს, რომელთაც ძალადობის მეტი არაფერი გაუკეთებიათ. ვერ მოიძებნა გზა, რომ სამართლებრივად მიეჩინათ მათთვის ადგილი. პოლიტიკაში ყოფნის კი არა, ხმის ამოღების უფლება არ უნდა ჰქონდეთ, ქუჩაში გამოსვლის უნდა რცხვენოდეთ.
– ალბათ ხშირად გეკითხებიან, რატომ ხართ ასე კატეგორიულად მათ წინააღმდეგ განწყობილი, პირადად თქვენ რა დაგიშავეს?
– ესე იგი მე თუ არ დამიშავეს და ჩემს მეზობელს დაუშავეს, სხვისი ჭირი ღობის ჩხირია, არა? თუმცა, პირადად მეც დამიშავეს, ვიღაცას რომ სასტიკად მოექცნენ და ეს გავაპროტესტე, ჩემ მიმართაც წამოვიდა აგრესია, ჩუმად რომ ვყოფილიყავი, მაშინაც კარგ ტალღაზე ვიქნებოდი და ახლაც. ჩვენი დაპირისპირება 2007 წლიდან დაიწყო, როდესაც 3 ნოემბერს მიტინგზე გამოვედი, ზღვარი გირგვლიანის მკვლელობა იყო, ამის შემდეგ განსაკუთრებული შეტევა დაიწყო ცნობილ ადამიანებზე, ვინც ხალხს უყვარდა, რათა მათ ხალხზე გავლენა არ მოეხდინათ. ყველანაირ ხერხს იყენებდნენ, იქით რუსეთია, აქეთ ეს ნათელი წერტილი მიშა, რომელსაც, მართალია ცოტა უხეშად გამოსდის რაღაცები, მაგრამ მომავლისთვის ასე ჯობიაო, გვეუბნებოდნენ.
– არ გეშინოდათ?
– თავი ისე მეჭირა, ვითომ არ მეშინოდა და იხტიბარს არ ვიტეხდი, მაგრამ ოჯახი მყავდა, უფროსი ბიჭი გარდატეხის ასაკში იყო და შეიძლებოდა ნარკოტიკი ან რამე ჩაედოთ, ახლობლები მაფრთხილებდნენ შენი დაჭერა უნდათო, რაზე–მეთქი, რომ ვკითხე, მიპასუხეს, დაგიჭერენ და რა მნიშვნელობა აქვს ან ნარკოტიკს ჩაგიდებენ, ან იარაღს, ან წამალს გაგიკეთებენ ძალითო. „ნაცმოძრაობა“ და მასთან აფილირებული ანასხლეტები უნდა აიკრძალოს ქვეყანაში, როგორც ფაშისტური ორგანიზაცია აკრძალეს, პარლამენტში თუ არ შევლენ, გახდებიან მარგინალები, აღმოჩნდებიან პოლიტიკურ წუმპეში და მოუსავლეთში, სადაც მათი ადგილია და თანდათანობით გაქრებიან, თუმცა, ვინ იცის, რა მოხდება, ჯერ არ გადაუთქვამთ სიტყვა თუ რა?
– ყველაფრის მიუხედავად, იმედიანად დავამთავროთ ჩვენი საუბარი.
– შობა-ახალი წელი ახლოვდება და მინდა 2020-მა წელმა წაიღოს ყველანაირი სიავე, ბოროტება, განსაცდელი, მშვიდობას და ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩემს ქვეყანასა და ხალხს!
ნინო ჯავახიშვილი