დღეს, როცა კორონავირუსის შიშმა მთელი საქართველო მოიცვა, როცა ხალხს უბრალო სურდოც კი აშინებს, დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ადამიანების გამამხნევებელ სიტყვებს, რომლებმაც ეს განსაცდელი უკვე გადალახეს, მათ შორისაა მსახიობი კახა მიქიაშვილი.
– ბატონო კახა, რას ეტყვით მათ, ვისაც კოვიდის არსებობა ეეჭვება და ამბობს, არ მეშინიაო?
– კოვიდი არსებობს და სახუმარო სულაც არ არის, მაგრამ პანიკას აყოლაც დიდი შეცდომაა.
– თქვენ როგორ გადაიტანეთ?
– საბედნიეროდ, ძალიან მშვიდად და იოლად, მიუხედავად იმისა, რომ სიცხეც მქონდა და ორმხრივი პნევმონიაც, მაინც მსუბუქ პაციენტად ვითვლებოდი. ექიმების ყველა რეკომენდაცია უნდა გავითვალისწინოთ და თავს გავუფრთხილდეთ, მაგრამ თუ ისე მოხდება, რომ მაინც შეგხვდათ, ნუ შეგეშინდებათ, იმუნიტეტს სტრესი ყველაზე მეტად აქვეითებს, ისე განეწყეთ, რომ ამ ყველაფერს გადაიტანთ და მერე ცხოვრებას ჩვეულებრივად განაგრძობთ.
– მოსახლეობაში უკვე გაჩნდა შიში, რომ თანამდევი დაავადების დროს პაციენტს კოვიდსასტუმროში სათანადოდ ვერ მიხედავენ.
– თუ თანამდევი დაავადება აქვს, ექიმიც ხომ ეყოლება? სწორედ ამ ექიმმა უნდა გადაწყვიტოს რა ჯობია მისთვის. ძალიან ყურადღებიანი და კვალიფიციური ექიმები გვყავს – ეს ჩემს თავზე გამოვცადე, რომელ ექიმს უნდა რომ პაციენტს რაიმე დაემართოს? – არცერთს, ხშირად პაციენტი შეშინებულია და ჰგონია, რაღაც სჭირდება... თუ ავადმყოფს მძიმე დაავადება აქვს, მაშინ მეტი ყურადღებაა საჭირო, მაგრამ თუ ქოშინი, ხველა და სუნთქვის გაუარესება არა აქვს, თუ ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა არ ადის, საავადმყოფო არ სჭირდება, ამას ჩემი გამოცდილებით ვამბობ. ტყუილად გაწვალდება იქ ყოფნით და ისეთი პაციენტის ადგილს დაიკავებს, ვისაც ექიმების დახმარება ძალიან სჭირდება. მართალია, პნევმონია მქონდა, მაგრამ ექიმებმა ამიხსნეს, რომ ეს არის ვირუსული ფილტვების ანთება, რომელიც განსაკუთრებულ ჩარევას არ საჭიროებს. ვირუსის დამარცხებასთან ერთად, ანთება ჩაცხრებაო, ასეც მოხდა და დავრწმუნდი, რომ ჯანმრთელი ადამიანისთვის ეს ვირუსი საშიში არ არის.
– ამბობენ, რომ სიმპტომებს განკურნების შემდეგაც ტოვებს, თქვენ როგორ გრძნობდით თავს კლინიკიდან გამოსვლის შემდგომ?
– მიუხედავად იმისა, რომ ორმხრივი პნევმონია მქონდა, ხველა და სუნთქვის გაძნელება არ მქონია. ალბათ, იმანაც მიშველა, რომ სიგარეტს არ ვეწევი, მოწევა ხომ ფილტვებს ვნებს – სუსტი ფილტვები კი კორონავირუსს ნამდვილად არ უხდება. ძალიან ბევრი ნაცნობი მყავს, ვინც კოვიდი გადაიტანა და ახლა კარგად არის, ამიტომ, ნუ შეგეშინდებათ და ცუდზე ნუ იფიქრებთ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არ არის მკვლელი ვირუსი, თუ ექიმების რჩევებს დავუჯერებთ და შევასრულებთ.
ხათუნა ჩიგოგიძე