კახეთში კოვიდპაციენტების მიღება კიდევ ერთმა კლინიკამ დაიწყო. „კოვიდ-19“- ით დაავადებულ მოქალაქეებს დედოფლისწყაროს საავადმყოფო მოემსახურება.
საავადმყოფოს დირექტორის, ხათუნა აგლაძის ინფორმაციით, კლინიკაში უკვე 24 კოვიდინფიცირებულია მკურნალობს.
„დღევანდელი მდგომარეობით, გვყავს 24 პაციენტი, აქედან ხუთი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს. სათანადო აღჭურვა გვაქვს, მედპერსონალმაც შესაბამისი გადამზადება გაიარა. ყველა მუნიციპალიტეტიდან გვყავს პაციენტები. მძიმე მდგომარეობაში, უმთავრესად, ასაკიანი და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები არიან“, – განაცხადა ხათუნა აგლაძემ.
ამ ეტაპზე, დედოფლისწყაროს საავადმყოფოს, კორონავირუსით ინფიცირებული, 25 პაციენტის განთავსება შეუძლია.
კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალში, არქიმედეს კლინიკაში, თელავის ცენტრალური საავადმყოფოსა და ჰიბრიდული ტიპის თელავის ევექსისის კლინიკაში მკურნალობენ.
აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებები, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების რაოდენობის ზრდის შესაბამისად კოვიდკლინიკებად ეტაპობრივად გადავიდნენ.