სენაკში 40 პაციენტზე გათვლილი ახალი კოვიდ-კლინიკა გაიხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განუცხადა. მისივე განმარტებით, რეგიონში ამჟამად 6 კოვიდ-კლინიკა ფუნქციონირებს.
„გვაქვს კარგი ინფორმაცია, ჩვენს რეგიონში გავხსენით მეექვსე კოვიდ-კლინიკა, რომელიც 40 საწოლზეა გათვლილი. კლინიკა „ლაზიკამედი“ სენაკში მდებარეობს და იმ პაციენტებს მოემსახურება, ვისაც ვირუსის გართულებული ფორმა აქვთ და ჰოსპიტალიზაციას საჭიროებენ. ჩვენ ახალი კოვიდ-კლინიკის გახსნით, რეგიონში კოვიდ-საწოლების რაოდენობა 360-მდე გავზარდეთ“, - აღნიშნა მალხაზ თორიამ.
სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ჟურნალისტებს არსებული შეზღუდვების შედეგად რეგიონში გაუმჯობესებულ ვითარებაზე ესაუბრა და მოქალაქეებს რეკომენდაციების მაქსიმალური დაცვისკენ მოუწოდა.
„არსებული შეზღუდვების შედეგად რეგიონში გაუმჯობესებული მდგომარეობა გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ტესტირებების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია ჩვენ ახალი გამოვლინებები შემცირებული გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პირბადის მოხმარების მაჩვენებელი გაზრდილია, თუმცა ეს არ არის საკმარისი, პირბადის მოხმარების მაჩვენებელი 90 პროცენტამდე მაინც უნდა ავიდეს, რომ დაიწყოს შეზღუდვების შემსუბუქება, რაც ეკონომიკური კრიზის დაძლევაში მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება. ამიტომ ყველას უნდა გვქონდეს მაღალი პასუხისმგებლობა და დავიცვათ არსებული რეკომენდაციები“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში ახალი ინფიცირების 199 შემთხვევაა. არსებულ კოვიდ-კლინიკებში მკურნალობის კურსს გადის 297 პაციენტი, მათ შორის საშუალო სიმძიმისაა 94 პაციენტი, ხოლო 27 კოვიდ-პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 69 ადამიანი. სამწუხაროდ, ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გარდაიცვალა 4 ინფიცირებული. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 295 პაციენტი.