პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის ინფორმაციით, დაგეგმილია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან კულტურის სამინისტროს კვლავ ცალკე უწყებად გამოყოფა. როგორც ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, სამინისტროს გაყოფის საკითხი იხილება და „დიდი ალბათობით, ასეც მოხდება“.
მისივე თქმით, „თავიდანაც შეცდომა იყო დაშვებული, როცა გაერთიანება მოხდა“.
„მთავრობის დაკომპლექტების საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს. გარკვეული შეთანხმებები უკვე არსებობს, მაგრამ საკითხი უნდა მივიდეს ბოლომდე. ჩვენ ამ არაჯანსაღ გარემოში არ უნდა მივცეთ არაჯანსაღ ძალებს ვითარების სკანდალურად აგორების საშუალება. მნიშვნელოვან ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, თუ არ ჩავთვლით იმ გეგმას, რომელიც შესაძლოა უახლოეს პერიოდში იყოს რეალიზებული - ეს არის კულტურის სამინისტროს გამოყოფა და იუსტიციის მინისტრის ვაკანტური პოსტის შევსება“, - განუცხადა ჟურნალისტებს გიორგი ვოლსკიმ.
მისივე ინფორმაციით, მთავრობაში სხვა ცვლილება დაგეგმილი არ არის.
პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა ნდობის მისაღებად დღეს წარედგინება.