logo_geo
eng_logo
ნატო გელაშვილი: GERA-მ პანდემიის დროს შეუძლებელი შეძლო
- +

18 დეკემბერი. 2020. 17:51

 

 

 

მსოფლიოში გავრცელებული ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები ქართველ ხელოვანებსაც რომ შეეხოთ არახალია. მას შემდეგ რაც, სხვადასხვა კულტურული ღონისძიების ჩატარება კანონმდებლობით აიკრძალა, ქართველ კომპოზიტორებს, მუსიკოსებსა თუ მომღერლებს, ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენლის მსგავსად სახლში დარჩენა მოუწიათ. გამონაკლისი არც ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, ნატო გელაშვილი აღმოჩნდა. როგორც მომღერალმა,  ჩვენთან ინტერვიუში აღნიშნა, პანდემიის პერიოდში მისი ძირითადი საქმიანობა ოჯახზე ზრუნვით შემოიფარგლა. აქვე ისიც დასძინა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თავად მასზე, როგორც მომღერალზე  და ზოგადად ქართველ ავტორ-შემსრულებლებზე „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“ (GERA) ზრუნავდა. ქალბატონი ნატო, „GERA“-სთან ურთიერთობის საკუთარ გამოცდილებასა და სამომავლო გეგმებზე ღიად გვესაუბრება. სწორედ ამ ინტერვიუდან გაიგებს მკითხველი თუ რას გააკეთებს მომღერალი პირველს, პანდემიის დასრულების შემდეგ.

 

-ქალბატონო ნატო, COVID-19-ის პანდემიის პერიოდში რითი ხართ დაკავებული?

-კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სახლში ვარ. ძირითადად ოჯახზე ზრუნვით ვარ დაკავებული.  ძალიანაც რომ მინდოდეს სხვას ვერაფერს ვაკეთებ. ყველაფერი დაკეტილია და შესაბამისად კონცერტებიც შეჩერებულია.

 

-პანდემიის პერიოდში ახალი სიმღერა თუ დაწერეთ?

 

-ახალი არაფერი დამიწერია, თუმცა დაწყებული მქონდა ალბომზე მუშაობა. ორი სიმღერა დამრჩა და ვფიქრობ, ახლა როცა ამის დრო მაქვს თავს მოვაბამ და დავწერ. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მომავალი  წელი ყველაფერს დაალაგებს და შევუდგები ახალი პროგრამის შექმნას.

 

-აღნიშნეთ, რომ კონცერტები შეჩერებულია. გვითხარით ამ პერიოდის განმავლობაში ვინ ზრუნავდა ქართველ ხელოვანებზე?

 

-შარშან აგვისტოში გავწევრიანდი „GERA-ში“. ეს არის „საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია“, რომელმაც პანდემიის პირობებში შეუძლებელი შეძლო. ქართველი ავტორ-შემსრულებლები, რომ არ დაზარალებულიყვნენ „GERA-მ“ ყველაფერი გააკეთა, რისთვისაც მადლობელი ვარ.

 

-რატომ გაწევრიანდით „გერაში“?

 

-იცით რა არის?  მე ძალიან მომწონს მათი მუშაობის სტილი. აი, დავუშვათ იდეა მომივიდა. მე შემიძლია ნებისმიერ დროს დავრეკო და შეხვედრაზე შევთანხმდეთ, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ რჩევებს, თუ როგორ ჯობია ამა თუ იმ იდეის განხორციელება. არ ხდება ისე, რომ შეხვედრაზე უარი გითხრან, პირიქით ნებისმიერ დროს მზად არიან შეხვედრისთვის. და ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე სწორი დამოკიდებულება. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ბაკუნას (ალექსანდრე გვარიშვილი „GERA-ს“თავმჯდომარე). ის ძალიან უშუალო ადამიანია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მეტად მან დამაახლოვა „GERA-სთან“. იმდენად კარგად დაიწყეს საქმიანობა, რომ მე მათზე დიდ იმედებს ვამყარებ და ვფიქრობ ეს იმედები გამართლდება.  მადლობა მხარში დგომისთვის და არღალატისთვის იმ მძიმე დღეებში და გაეგრძელებინოს ისე, როგორც დაიწყო.

 

-სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით? რას გააკეთებთ პირველს პანდემიის დასრულების შემდეგ?

 

-პანდემიამდე დაიგეგმა ვარსკვლავის გახსნა და ალბათ, როცა პანდემია  გაივლის, დაიწყება სამზადისი დიდი კონცერტისთვის.

 

-მალე ახალი წელი მოვა. რას უსურვებთ ჩვენს მკითხველს?

 

-პირველ რიგში ვუსურვებ უკორონობას და ჯანმრთეობას. ახალ წელს მოეტანოს ბევრი სიკეთე. იცი, როგორ შეგრძნება მაქვს? თითქოს საჭირო იყო ეს პანდემია, რადგან რაღაცები გადავაფასეთ და დავაფასეთ. თითქოს ყველა ახლიდან ვიწყებთ ცხოვრებას, ახალ ნაბიჯებს ვდგამთ და მინდა, რომ ეს ნაბიჯები იყოს ძალიან მყარი. ახალი ენერგიით და ახალი შემართებით გვევლოს. აი, ესეთი წელი მინდა იყოს ყველასთვის.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner