logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ სამხარაძე: იმის გამო, რომ ვიღაც ვერ მოხვდა პარლამენტში, ვადამდელი არჩევნები ვერ ჩატარდება
- +

18 დეკემბერი. 2020. 18:24

 

„ოპოზიციასთან შეთანხმებისთვის სივრცე, რა თქმა უნდა, დარჩა. ვინც დღეს მშვიდობიან რევოლუციასა და აჯანყებაზე საუბრობდა, მათგან ორს საერთოდ არ აქვს მოპოვებული მანდატები. კერძოდ, ერთის პარტიამ საერთოდ ვერ გადალახა 1%-იანი ბარიერი, მეორე კი „ევროპული საქართველოს“ პარტიულ სიაში ისეთ ადგილზე იყო, რომ მანდატი ვერ მიიღო“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ბუნებრივია, რომ ამ ადამიანებს მოლაპარაკებისა და შეთანხმების მიღწევის სურვილი არ აქვთ, ვინაიდან ისინი ვერც ერთ შემთხვევაში პარლამენტში ვერ ხვდებიან და ამიტომ სურთ კრიზისის შექმნა.

 

„ვადამდელ არჩევნებს ყველა ქვეყანაში ყოველთვის აქვს რაღაც საფუძველი. რა უნდა იყოს ეს საფუძველი ჩვენს ქვეყანაში? ეს შეიძლება მომხდარიყო მაშინ, თუ ვინმე დაამტკიცებდა, რომ ეს არჩევნები არ იყო თავისუფალი და მისი შედეგები არ გამოხატავდა ამომრჩევლის ნებას. ეს ყველაფერი ვერ დამტკიცდებოდა, ვინაიდან არანაირ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია. ეს იხილა მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ, შესაბამისად, ვადამდელი არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაც ვერ მოხვდა პარლამენტში და არ მოსწონს ქართული საზოგადოების განწყობა, ეს ვერ იქნება გამართლება ახალი არჩევნების დასანიშნად. თუმცა ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებიც ხვდებიან, რომ მათ ამ საკითხზე არგუმენტები გამოეცალათ. ამიტომ ამ ხალხთან, რომლებიც დღეს უკვე სხვა ტალღაზე არიან, მოლაპარაკების და შეთანხმების სივრცე არსებობს“, - განაცხადა სამხარაძემ.

 

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების მიერ გამოყენებულ ტერმინზე „მშვიდობიანი რევოლუცია“ და განაცხადა, რომ ეს ტერმინი უნდა შევცვალოთ „ძალადობრივი გადატრიალებით“, ვინაიდან სხვანაირად მშვიდობიანი რევოლუცია წარმოუდგენელია.

 

„მშვიდობიანი რევოლუცია ხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც საზოგადოება ერთსულოვანია და მას სურს ხელისუფლების შეცვლა. არჩევნებმა დამანახა, რომ ამომრჩეველთა 48%-მა, მილიონამდე ადამიანმა მისცა ხმა „ქართულ ოცნებას“ და კიდევ ერთხელ ანდო ჩვენს ძალას ქვეყნის მართვის მანდატი. გარდა ამისა, ოპოზიცია ამ საკითხში ერთიანი არაა. ბოლო დღეებში არაერთი განცხადება მოვისმინეთ, რომ ზოგიერთი პარტია ემიჯნება რევოლუციურ სცენარს და არ სურს ამაში მონაწილეობა. ამ პოზიციაზე თითქმის ყველა, „ნაცმოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ გარდა. თვითონ „ნაცმოძრაობაშიც“ ცალკეულმა ადამიანებმა თქვეს, რომ მათ არ სურთ არანაირი ძალადობრივი სცენარი. შესაბამისად, ეს არაა საერთო ოპოზიციური სულისკვეთება“, - განაცხადა სამხარაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner