ავტორი ანა ნონიკაშვილი
ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ისაუბრა. ხაჭაპურიძის განცხადებით, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა გამოიძიოს მოლაშვილის საქმე და დამნაშავეები დაისაჯონ. ასევე ხაჭაპურიძემ, მოსამართლე ლევან მურუსიძეს და ყველა იმ მოსამართლეს, ვინც მოლაშვილის წინააღმდეგ უკანონო განაჩენი გამოიტანა, თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.
„სულხან მოლაშვილის სიკვდილით ის არ დამარცხდა, პირიქით, თავისი სიკვდილით მან მტერი დაამარცხა. მოლაშვილის სიკვდილმა დიდი პროტესტი გამოიწვია საზოგადოებაში. საქართველოს ხელისუფლებამ დროზე უნდა გამოძიოს ეს საქმე, მითუმეტეს, რომ სტრასბურგის სასამართლომ დაავალდებულა. აუცილებელია, პასუხისგებაში მიეცნენ ის ადამიანები, ვინც მონაწილეობა მიიღო სულხან მოლაშვილის წამებაში და არაადამიანურ მოპყრობაში. გამოძიება უნდა ჩატარდეს და დაისაჯონ, რათა შემდგომში არცერთმა ხელისუფლებამ აღარ განახორციელოს ისეთი საშინელებები, რაც პირადად სულხან მოლაშვილის მიმართ განხორციელდა. მურუსიძეს და ყველა იმ მოსამართლეს მოვუწოდებ, რომლებმაც ეს უკანონო განაჩენი გამოიტანეს მოლაშვილის წინააღმდეგ, ეყოთ ვაჟკაცობა და დატოვონ თანამდებობა. მისი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას და მის სიკვდილში მონაწილე ყველა დამნაშავე დაისჯება. მივაღწევთ, განხორციელდეს მიზანი, რომელიც მოლაშვილს ჰქონდა - შექმნილიყო ცივილიზებული, წესიერი სახელმწიფო ",- განაცხადა ხაჭაპურიძემ.