logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ეს ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რეზოლუციაა რუსეთის წინააღმდეგ!
- +

4 ივლისი. 2016. 15:01



„ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული რეზოლუცია, რომელიც ბოლო წლებში რუსეთის წინააღმდეგ იქნა შემუშავებული", - ასე აფასებს „ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერი ზურაბ ქადაგიძე ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტის ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში".



ქადაგიძის თქმით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ ოპოზიციის განცხადებები - ცილისწამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.



„ხშირად ოპოზიცია მთავრობას აკრიტიკებს, რომ მათი კურსი გახლავთ სწრაფვა  რუსეთისკენ და შორდებიან დასავლეთს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე წარდგენილი დოკუმენტი კი ადასტურებს, რომ ოპოზიციის განცხადებები გახლავთ ცილისწამება და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა, რადგან რეალურად დღეს არსებული მთავრობა ახდენს დასავლეთთან დაახლოებას და შორდება რუსეთს (ეს ცხადია, არა მხოლოდ აღნიშნული რეზოლუციის გამო, არამედ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსული ინვესტიციები საქართველოში, ხდება რუსეთზე  დამოკიდებულების და ჩვენს ქვეყანაზე მისი  ზეგავლენის  შემცირება).

 

 

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ  საქართველოს დელეგაციის დაუღალავი მუშაობა ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, რათა რეზოლუცია მიღებული  ყოფილიყო იმ სახით, როგორი სახითაც ის ჩვენმა დელეგაციამ წარადგინა. აუცილებელია საქართველომ კიდევ უფრო გააქტიუროს მუშაობა საერთაშორისო ასპარეზზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ნებისმიერი  საშუალება, რათა მოვახდინოთ რუსეთზე ზეწოლა. აუცილებელია, მშვიდობიანი გზით შევძლოთ კონფლიქტის მოგვარება და  მოვახდინოთ რუსული ოკუპაციის დამარცხება", - განაცხადა ქადაგიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.



ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა კომიტეტმა ქართული დელეგაციის მიერ მომზადებულ რეზოლუციას „კონფლიქტი საქართველოში" მხარი დაუჭირა. აღნიშნულ რეზოლუციას, რომელსაც 56 წევრი ქვეყნის დელეგაცია უჭერს მხარს, დიდი ალბათობით ხვალინდელი სესია დაამტკიცებს.  17-პუნქტიან რეზოლუციაში დეტალურად არის საუბარი კონფლიქტის რეგიონებში არსებულ ვითარებაზე, როგორ არღვევს და უგულებელყოფს რუსეთი 2008 წლის 12 აგვისტოს მიღებულ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ასევე როგორ ეწევა მცოცავ ოკუპაციას, რა პრობლემები არსებობს ე.წ. საზღვრისპირა რეგიონებში, რატომ ჭიანურდება დევნილთა დაბრუნება.  მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ  რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევას და ა.შ. ბოლოს კი  რეზულიციაში მოწოდებაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გააძლიერონ მუშაობა საქართველოში კონფლიქტის მოგვარების მხრივ.  



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner