გოჩა ლორთქიფანიძე, რომელიც ცოტა ხნის წინ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ აირჩიეს, იმ პროცედურას განმარტავს, რომლის მიხედვითაც, ჰააგის სასამართლოში მოსამართლეებისთვის უფლებამოსილების გადაბარება ხდება. მისი განმარტებით, სასამართლო პრაქტიკით დადგენილ პროცედურებს რამდენიმე თვე სჭირდება და ამ დროის განმავლობაში, მისთვის პატივი იქნება, თუ საქართველოში, იუსტიციის მინისტრის პოზიციაზე იქნება დანიშნული.
„სასამართლო პრაქტიკა გულისხმობს რამდენიმეთვიან ვადას, რა პერიოდშიც, ჩეხმა მოსამართლემ თავისი უფლებამოსილება უნდა დაამთავროს და შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში, ესაა რამდენიმე თვე და შესაძლოა, უფრო მეტიც, ჩემთვის პატივი იქნება, თუ საქართველოს პარლამენტი მოიწონებს და დაამტკიცებს საქართველოს მთავრობას და ამ გუნდის შემადგენლობაში, როგორც იუსტიციის მინისტრმა, გავაგრძელო ისეთივე პასუხისმგებლობითა და შემართებით მუშაობა, როგორც ადრე“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ის ასევე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობასა და ყველა იმ პირს, რომელიც ჩართული იყო მის საარჩევნო კამპანიაში.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, ვიყო არჩეული მოსამართლედ, საქართველოს მხრიდან, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რისთვისაც, მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერმინისტრსა და პრეზიდენტს საარჩევნო კამპანიაში მხარდაჭერისა და გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს, რადგან მთელი საარჩევნო კამპანია თუ პროცესი მისი აქტიური მხარდაჭერითა და ჩართულობით წარიმართა. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის როლი, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა საელჩოს, განსაკუთრებით, ნიუ იორკში ჩვენი მისიის, ყველა დიპლომატისა და თანამშრომლის როლი, ვინც ამ საქმეში წვლილი შეიტანა. აღსანიშნავია იუსტიციის გუნდი, რომელიც მუხლჩაუხრელად მუშაობდა საარჩევნო კამპანიის ბოლომდე, წარმატებით მისაყვანად“ - განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
პირველი ქართველი მოსამართლე ჰააგის სასამართლოში გოჩა ლორთქიფანიძე იქნება.
18 დეკემბერს გიორგი გახარიამ პარლამენტს მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარუდგინა. დოკუმენტის თანახმად, იუსტიციის მინისტრის თანამდებობა გოჩა ლორთქიფანიძემ უნდა დაიკავოს.