logo_geo
eng_logo
მამუკა არეშიძე: რულოვსი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია!
- +

19 დეკემბერი. 2020. 23:57

 

 

გერმანიის პოლიცია ჩეჩენი საველე მეთაურის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეში სანდრა რულოვსის დაკითხვას ითხოვს, რომელიც მკვლელობის დღეს მას ტელეფონით ესაუბრა, ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აცხადებს, რომ თუ არა სერიოზული ეჭვები და მინიშნებები, გერმანიის პოლიცია ამ საქმეში სააკაშვილის თანამეცხედრის გვარ-სახელს არავითარ შემთხვევაში არ გაახმაურებდა:

 

– ზელიმხან ხანგოშვილის პერსონის შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც მან სააკაშვილის დროს კუდ-ის ანტიტერორისტულ ცენტრთან თანამშრომლობა დაიწყო. ეს იყო დაახლოებით 2009-2012 წლები, როცა საქართველოში ძალიან ბევრი ჩეჩენი იმყოფებოდა და არაერთ მათგანს ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის საბუთიც ჰქონდა. ეს ბიჭები იარაღით დადიოდნენ და, როგორც მახსოვს, უმეტესწილად „სტეჩკინით“. ზელიმხან ხანგოშვილის გვარმა 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის მოვლენების დროსაც გაიჟღერა. ის მაშინ იყო ერთ-ერთი მომლაპარაკებელი ხელისუფლებასა და ამბოხებულთა შორის, რომლებიც რუსეთში აპირებდნენ გადასვლას. ხანგოშვილის გარდა მომლაპარაკებელთა შორის იყვნენ ჩატაევი და მაისურაძე – ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომელი. მოგვიანებით ნანუაშვილის კომისიამ გაარკვია, რომ მებრძოლების შემოყვანა საქართველოში სააკაშვილის ხელისუფლების დავალებით დაიწყო 2012 წლის მარტში და ერთ-ერთი, ვინც ამ ახალგაზრდებს საქართველოში ეპატიჟებოდა და ოქროს მთელს პირდებოდა, იყო სწორედ ზელიმხან ხანგოშვილი. ძირითადად, ევროპაში მცხოვრები ჩეჩნები და რამდენიმე დაღესტნელი შემოიტყუეს.

 

– ბატონო მამუკა, ბოლოს და ბოლოს, რისთვის აჯანყდნენ ის ბიჭები?

 

– სააკაშვილის სპეცსამსახურები მათ არწმუნებდნენ, რომ რუსების წინააღმდეგ ჩრდილოეთ კავკასიაში გაუშვებდნენ საომრად, მაგრამ, როცა ახალგაზრდები ჩამოვიდნენ და მომზადება გაიარეს, აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას სხვა მიზანი ჰქონდა.

 

– მაინც რისთვის სჭირდებოდათ ეს ბიჭები?

 

– ამას ვერ ვიტყვი, რადგან საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს დავაზარალებ! მოკლედ, მოლაპარაკებაზე წასული სამი კაციდან ხანგოშვილი და მაისურაძე უკან დაბრუნდნენ, ხოლო ჩატაევი იმ ამბოხებულ ბიჭებთან დარჩა, რადგან მიხვდა, თუ რა ფინალისკენაც მიჰყავდა ხელისუფლებას საქმე. მოგვიანებით ჩატაევმა ამაზე თქვა – დავრჩი იმიტომ, რომ ვიცოდი, მებრძოლებს დახოცვას უპირებდნენ და ბიჭებს თვალებში ვერ შევხედავდიო! ამიტომაც იყო ჩეჩნეთის წინააღმდეგობის მოძრაობის ბევრი წევრი ხანგოშვილზე ნაწყენი. ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ რამდენიმე ბიჭი მაშინ შეტაკებას გადაურჩა, რომლებიც თავად ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელებმა ვალეს გავლით თურქეთის საზღვრამდე მიაცილეს. მათ შორის ერთ-ერთი გახლდათ სწორედ დაღესტნელი იბრაგიმოვი, რომლის სასამართლო პროცესიც დღეს ავსტრიაში მიმდინარეობს. რაზმის ერთადერთი წევრი „რაბანი“, რომელმაც იმ დღეებში რუსეთის საზღვარი გადალახა, რუსეთის სპეცსამსახურების აგენტი აღმოჩნდა.

 

– რა ურთიერთობა ჰქონდა ხანგოშვილს სანდრა რულოვსთან, რომელიც გერმანიის პოლიციამ მხოლოდ იმიტომ დაიბარა, რომ მკვლელობის დღეს ხანგოშვილს ტელეფონით ელაპარაკა?

 

– 2015 წელს ხანგოშვილს საქართველოშიც დაესხნენ თავს და მაშინაც ყადიროვისკენ გაიშვირეს ხელი, რაც არასწორი მგონია. ყადიროვის სპეცსამსახურებს მართლაც ჰყავთ მოკლული რამდენიმე ჩეჩენი ევროპაში, რომლებიც თავისუფალი იჩქერიის იდეას ემსახურებიან. ამ საქმეს ყადიროვის დავალებით ყოველთვის ასრულებდნენ ჩეჩნები, მაგრამ ხანგოშვილს რუსები დაესხნენ თავს, რაც სხვა კითხვებს ბადებს. რაც შეეხება სანდრა რულოვსისა და ხანგოშვილის ახლობლობას, სააკაშვილის ცოლი ყოველთვის აქტიურობდა პანკისის ხეობასა და სამეგრელოში. მაგალითად, მას პანკისში ახლო ურთიერთობა ჰქონდა მალხაზ მაჩალიკაშვილთან, რომელსაც, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, აფინანსებდა.

 

– მაინც რამდენს უხდიდა?

 

– როგორც ერთგან ითქვა, სანდრა რულოვსმა მაჩალიკაშვილს 30 ათასი დოლარი მისცა! რაც შეეხება ზელიმხანსა და სანდრას, 2015 წლის თავდასხმის შემდეგ ხანგოშვილმა სანდრა რულოვსს დახმარებისთვის მიმართა. სანდრამ ევროპაში ხანგოშვილისა და მისი ოჯახის დასაბინავებლად ევროპული სტრუქტურები შეაწუხა. როცა სააკაშვილი ოდესის გუბერნატორი იყო, ზელიმხან ხანგოშვილი ოჯახთან ერთად ოდესაშიც ცხოვრობდა.

 

– ე.ი. ხანგოშვილი სააკაშვილებთან ძალიან დაახლოებული ყოფილა... ჰოდა, ვინც ძალიან ახლოს იყო, იმან ხომ არ მოკლა?

 

– როგორც ხანგოშვილის ოჯახის წევრები ამბობენ, რულოვსს ადგილობრივ ჩეჩნურ დიასპორას თან უნდოდა შეხვედრა და იმ დღეს ხანგოშვილს ამაში დახმარებას სთხოვდა.

 

– სანდრა რულოვსს ჩეჩნურ დიასპორასთან შეხვედრა რაში სჭირდებოდა?

 

– თუ გავიხსენებთ იმას, რომ სააკაშვილი ჩეჩნებს ყოველთვის რუსების წინააღმდეგ საომრად იწვევდა და მერე ძალიან ცუდად მთავრდებოდა ეს ყველაფერი, კაცმა არ იცის, რას ემსახურებოდა რულოვსის მცდელობა. ფაქტი ერთია – გერმანიის პოლიციამ გაამჟღავნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სანდრა რულოვსის დაკითხვა სურთ! ასეთი ინფორმაციები შემთხვევით არ მჟღავნდება, როგორც ჩანს, საქმე ძალიან სერიოზულადაა!

 

– სააკაშვილს ზელიმხან ხანგოშვილი საქართველოში სიტუაციის ასარევად ხომ არ სჭირდებოდა?

 

– ყველაფერი შეიძლება, მაგრამ მე მაინც ორი ვერსია მაქვს – ხანგოშვილი მოკლეს კონკრეტული არასწორი საქციელის გამო ან რაღაცას გეგმავდნენ და პრევენციის მიზნით გაანეიტრალეს! გერმანელებმა მითხრეს – სანდრა რულოვსისა და ზელიმხან ხანგოშვილის შეხვედრის შინაარსი იმდენად მნიშვნელოვანია, ვერ გაგიმხელთო!

 

– კი მაგრამ, ხანგოშვილის მკვლელობიდან წელიწადნახევარი გავიდა და გერმანელებმა ახლა გაარკვიეს, რომ ზელიმხანს სანდრა რულოვსმა დაურეკა მკვლელობის დღეს?

 

– საქმეც ის არის, რომ გერმანიის პოლიცია სანდრა რულოვსის სახელსა და გვარს მხოლოდ ამ ფაქტის გამო არ გაასაჯაროებდა. ეტყობა, რაღაცაშია საქმე... გერმანიის სპეცსამსახურებმა ეს ფაქტი გაახმაურეს იმიტომ, რომ რულოვსი არ აპირებდა გერმანიაში ჩასვლას.

 

– სანდრა რულოვსი 1992 წელს საქართველოში ჩამოვიდა მოსკოვიდან და არა ევროპიდან... თქვენ გამორიცხავთ იმ ფაქტს, რომ რულოვსი რუსეთის სპეცსამსახურების აგენტია და იმ დღეს რუს სპეცქილერებს ზელიმხან ხანგოშვილის კვალის პოვნაში დაეხმარა, როცა მას ტელეფონზე დაურეკა?

 

– კი ბატონო, მეც არაერთხელ მსმენია, რომ რულოვსი რუსეთი სპეცსამსახურების აგენტია. ფაქტია, რომ ეს საქმე არის პირადად ანგელა მერკელის კონტროლზე და გერმანიის ხელისუფლება აწი რუსეთის ურთიერთობის პოლიტიკას ააგებს ამ საქმის მიხედვით. ხანგოშვილი რომ რუსებმა მოკლეს, ფაქტია, მაგრამ სანდრა რულოვსს რა როლი ჰქონდა ამ საქმეში, გამოძიება გამოარკვევს! გარმანელებმა ერთიც მითხრეს – სხვა გვარებიც ფიგურირებს საქმეში, მაგრამ მხოლოდ სანდრა რულოვსის გვარი გაახმაურესო! აი, სწორედ ეს მიჩენს ეჭვს, რომ საქმე ძალიან სერიოზულადაა!

 

დიტო ჩუბინიძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner