„მითი რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზე, როგორც ადამიანზე, რომელმაც რუსეთი კოშმარული 1990-იანებიდან გამოიყვანა და ცხოვრების დონე აამაღლა, წარსულშია. ახლა მასთან, როგორც დაბერებულ დიქტატორთან, ქვეყანაში პრობლემების ზრდა ასოცირდება. მას არ შეუძლია არაფერი ახლის შეთავაზება და მხოლოდ ძალაუფლებას ეპოტინება“ - ამის შესახებ გამოცემა „ობოზრევატელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსმა პოლიტიკოსმა, მსოფლიოს მე-13 ჩემპიონმა ჭადრაკში გარი კასპაროვმა განაცხადა.
პუტინის ჯანმრთელობის პრობლემებზე ბოლო დროს გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით, კასპაროვი ამბობს, რომ ნებისმიერი დიქტატურის პირობებში ბელადის ჯანმრთელობა ერთ-ერთი უმთავრესი სახელმწიფო საიდუმლოებაა.
„გაგიგიათ ალბათ - კვამლი ცეცხლის გარეშე არ არსებობს. რამდენად უწყობს პუტინს ჯანმრთელობა ხელს, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, არ ვიცი, მაგრამ ირიბი ნიშნებით შეიძლება იმის ვარაუდი, რომ მართლაც რაღაცაშია საქმე. დიქტატურის დროს ძალაუფლებისთვის ბრძოლა დახურულად მიმდინარეობს. ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ეს არის „ბულდოგების შერკინება ხალიჩის ქვეშ“ - აცხადებს კასპაროვი.
მისი თქმით, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ბოლო დროს პუტინის პირად ცხოვრებაზე, მის უკანონო შვილებზე, მის ბიზნეს-კავშირებზე, ანუ ფულზე, ბევრი საუბარი მიდის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პუტინმა სიტუაციაზე კონტროლი დაკარგა.
„რასაკვირველია, პუტინი მთავარ მოთამაშედ რჩება. მაგრამ რჩება კითხვა - რამდენ ხანს გასტანს ეს სიტუაცია? ირიბი მტკიცებულებებით მე მექმნება შთაბეჭდილება, რომ სიტუაცია იცვლება. სწრაფი ცვლილებების მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ სისტემის ძირითადი საყრდენი ცვდება. ხოლო ამ საყრდენის გაქრობა მთელი სისტემის დაშლას გამოიწვევს.
პუტინმა მთელ პოლიტიკურ სივრცეზე კონტროლი დაამყარა. არ მესმის, როგორ შეძლებს ის რუსეთში არსებულ სხვადასხვა ჯგუფზე გავლენის შენარჩუნებას, თუ პრეზიდენტის სავარძელში აღარ იქნება. მაგრამ თუ პუტინი ამ სავარძელს დათმობს და წავა, ეს მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის კატასტროფული გაუარესებით იქნება გამოწვეული. სხვა არანაირი მიზეზი ამის გაკეთებას ვერ აიძულებს“ - აცხადებს გარი კასპაროვი.
გარი კასპაროვი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს ცნობილი მოჭადრაკე იყო, 1990-იანი წლებიდან პილიტიკაში წავიდა. რუსეთის სათავეში ვლადიმერ პუტინის მისვლის შემდეგ, კასპაროვი მისი ერთ-ერთი უმთავრესი ოპოზიციონერი იყო. 2013 წელს გარი კასპაროვი იძულებული იყო საზღვარგარეთ წასულიყო, ვინაიდან, მისივე თქმით, რუსეთში მის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა. ამჟამად გარი კასპაროვი აშშ-ში ცხოვრობს.