ავტორი ანა ნონიკაშვილი
ადვოკატებმა ელგუჯა ჩხაიძემ და გელა ნიკოლაიშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრეს. ჩხაიძის განცხადებით, 212-ე , 250-ე და 310-ე მუხლებში შედის ცვლილებები, რომელიც ძველი საქმეების გადახედვის შესაძლებლობას იძლევა. კონკრეტულად, თუ პროკურატურამ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებები დაირღვა, მას აქვს უფლება, სასამართლოში სარჩელი შეიტანოს. კანონპროექტში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გადაუგზავნა დასამტკიცებლად.
„ზაქარია ქუცნაშვილი იურიდიულ კომიტეტში შევიდა წინადადებით, რომ შექმნილიყო მუშა ჯგუფი, რომელიც შეიმუშავებდა საკანონმდებლო ცვლილებებს. ზაქარია ქუცნაშვილის ხელმძღვანელობით ამ ჯგუფში მონაწილეობდნენ უზენაესი სასამართლო, ადვოკატთა ასოციაცია, მეცნიერებათა აკადემია და თინათინ წერეთლის სახელობის სამართლის ინსტიტუტი. ამ ჯგუფმა დავიწყეთ მუშაობა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შეგვეტანა ცვლილებები ისე, რომ ძველი საქმეების გადახედვა შესაძლებელი ყოფილიყო. როდესაც დრო გადის, ძნელია ხელახლა გამოძიების დაწყება, მაგრამ შევეცადეთ, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს მიეცათ საშუალება, პროკურატურას შეძლებოდა დასაშვებობის ბარიერის გადალახვა. იმისთვის, რომ სამართალწარმოების პროცესში აღმოჩენილი დარღვევები სასამართლოში ყოფილიყო გასაჩივრებული, შევიდა ცვლილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 212-ე , 250-ე მუხლის მე-2 ნაწილში და 310-ე მუხლებში.
ცვლილებების მიხედვით, პროკურატურაში უნდა შევიდეს სარჩელი, რათა ახლად გამოვლენილი გარემოებების მიხედვით იქნას დაწყებული ახალი გამოძიება და თუ დაადგენს პროკურატურა, რომ იქნა დარღვეული ადამიანის უფლებები, მაშინ მას ექნება უფლება, შევიდეს სასამართლოში და გაასაჩივროს განაჩენი",- განაცხადა ჩხაიძემ.