დღეს, ეროვნული გვარდიის კასპის ბატალიონის პირველი მეთაურის და კასპის რაიონის გამგებლის, პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის დაბადების 60 წლისთავთან დაკავშირებით მის მშობლიურ სოფელ ზემო ხანდაკს კასპის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე თამაზ ტატანაშვილი, ტარიელ შარიფაშვილის ყოფილი თანამებრძოლები და საზოგადოების წარმომადგენლები ეწვივნენ.
პოლკოვნიკის სახელის უკვდავსაყოფად სოფელ ზემო ხანდაკში ტარიელ შარიფაშვილის ბიუსტი და საფლავი გვირგვინით შეამკეს და ბრძოლის ეპიზოდები გაიხსენეს.
ტარიელ შარიფაშვილი 1993 წლის 25 სექტემბერს, სოხუმის დაცვისას გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. იგი ომის დაწყებიდან, სიცოცხლის ბოლო წუთამდე კასპის ბატალიონთან ერთად ცხელ წერტილებში იბრძოდა. საქართველოს მთავრობამ, სამშობლოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირი, გარდაცვალების შემდეგ ვახტანგ გორგასლის სახელობის I ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. ტარიელ შარიფაშვილის სახელი ეწოდა მშობლიური სოფლის - ზემო ხანდაკის საჯარო სკოლას, სოფლის სკვერს, სადაც დგას მისი ბიუსტი, ასევე კასპში ერთი ქუჩა მისი სახელობისაა.