ოცდაათი წლის წინათ, ოცდაათი წლის შემდეგ...
ვინც ზვიად გამსახურდია დაამარცხა, მან დაამარცხა საქართველო! ვინც ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაზე ოცნებობს, მას საქართველოს დამარცხება სურს!
ეს დრო რაღაცით ჰგავს გასული საუკუნის 90-იან წლებს, როცა გარე ძალების წაქეზებით და მათივე ორგანიზებით, ოპოზიციური პარტიების ერთმა ნაწილმა და მათ ზურგს ამოფარებულმა კომუნისტურმა ნომენკლატურამ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დამხობა გადაწყვიტა და განზრახვის სისრულეში მოსაყვანად დიდ სამზადისს შეუდგა.
დიახ, ეს დრო ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 90-იან წლებს.
ჰგავს თავისი პიარტექნოლოგებით, ლოზუნგებით, პოლიტიკური სინტაქსით, მოწოდებებით.
ჰგავს თავისი სიბრიყვით, სისულელით, იდიოტიზმით, რომელიც ამ მოწოდებებშია ჩადებული.
ჰგავს პარანოიკული გამოხტომებით, ნგრევის ექსტაზით შეპყრობილი გიჟის თავგანწირვით, რომელიც ვერ აკონტროლებს თავის მოქმედებს და არც იცის და არც აინტერესებს, რას რა მოჰყვება, ოღონდ წინასწარ აკვიატებულ მიზანს მიაღწიოს.
– ძირს დიქტატორი გამსახურდია!
– გამსახურდია – ჩაუშესკუ!
– გამსახურდიამ დასავლეთს უღალატა და რუსებს შეეკრა!
– გამსახურდია – დემოკრატიის მესაფლავე?!
– გამსახურდია – ხაზინის ქურდი, რომელმაც ბიუჯეტის ფულით მერსედესი იყიდა!
– გამსახურდია პოლიტიკური ნიშნით დევნის ოპონენტებს!
– გამსახურდიას პოლიტიკური პატიმრები ჰყავს!
– ყველანი ერთად გამსახურდიას წინააღმდეგ!
– ერთად დავამარცხოთ გამსახურდია!
გახსოვთ ეს ფრაზები? გეცნობათ ეს ფრაზები?
თუმცა რაღა ცნობა და გახსენება უნდა – მიაყურადეთ „ნაცმოძრაობის“ და ოპოზიციის მოწოდებებს, ჩასვით იქ გამსახურდიას ნაცვლად ივანიშვილი და ყველაფერი იგივეა, რაც ოცდაათი წლის წინათ იყო.
არა მარტო ლოზუნგები და მოწოდებები, ადამიანთა ტიპაჟებიც კი, რომლებიც დღეს ივანიშვილის დამარცხებისკენ მოგვიწოდებენ, თითქოს პროტოტიპები არიან იმ ოცდაათი წლის წინანდელი მოვლენების მთავარი პერსონაჟებისა.
ჯაბა იოსელიანი – ჟორიკა რურუა, თენგიზ სიგუა – გიგა ბოკერია, თენგიზ კიტოვანი – ირაკლი ოქრუაშვილი, ლუიზა შაკიაშვილი – ელენე ხოშტარია, ირაკლი წერეთელი – ნიკა მაჭუტაძე და ა.შ. და ა.შ.
ოცდაათი წლის წინათაც ზუსტად ისე, როგორც დღეს, გვარწმუნებდნენ, რომ თუ ზვიად გამსახურდიას ვერ დაამარცხებდნენ და ვერ ჩამოაგდებდნენ, საქართველო დაიღუპებოდა, დაიღუპებოდა უძვირფასესი მონაპოვარი – დემოკრატია, ხოლო ჩვენ, იმპერიის მარწუხებისგან თავდაღწეულნი, რომლებმაც ნანატრი თავისუფლება მოვიპოვეთ, კვლავ დიქტატურის უღელქვეშ ამოვყოფდით თავს, როგორც მონები.
აი, ეს უბედურება რომ არ მომხდარიყო, საჭირო იყო მხოლოდ ერთი რამ – „დიქტატორ“ ზვიად გამსახურდიას დამხობა!
თუ ეს მოხდებოდა – გადავრჩებოდით და ქვეყანა წალკოტად გადაიქცეოდა.
და ვინ ხელმძღვანელობდა ამ „წმინდათა წმინდა“ ომს თავისუფლებისა და დემოკრატიის გადასარჩენად?
ვინ და „კანონიერი ქურდი“!
მსოფლიოში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო, საქართველოში კი მოხდა!
სულ მალე გაირკვა, რომ იმ ძალებს, რომლებმაც, დემოკრატიის გადარჩენის მოტივით, წარმოუდგენელი მასშტაბების უბედურება დაატეხეს თავს საქართველოს, არც დემოკრატია აინტერესებდათ, არც ქვეყნის ბედი აწუხებდათ – მათ მხოლოდ ერთადერთი მიზანი ამოძრავებდათ – დაუბრკოლებლად ეძარცვათ ქვეყანა, რაც ლეგიტიმური ხელისუფლების არსებობის შემთხვევაში შეუძლებელი იყო.
იმას, რაც საქართველოში მოხდა, თამამად შეიძლება ვუწოდოთ საუკუნის ძარცვა, რომლის მსგავსი საქართველოს არსებობის მანძილზე არცერთ მომხდურს და დამპყრობელს არ ჩაუდენია. მას შემდეგ კი, რაც ძარცვა-გლეჯას მორჩნენ, იმაზე იზრუნეს, რომ პოლიტიკური ძალაუფლებითაც განემტკიცებინათ პოზიციები და ამით დაეზღვიათ ნაძარცვ-ნაალაფარი.
გამსახურდია კი დაამარცხეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გამსახურდიასთან ერთად დაამარცხეს საქართველო და ქართველი ხალხი, რომელმაც ამ დამარცხების შემდეგ სული ვერ მოითქვა.
ისე ღრმა და უძირო იყო ის უფსკრული, რომელშიც საქართველო გადაჩეხეს, ჩვენ დღესაც იმ უფსკრულიდან ამოფორთხების პროცესში ვართ, მოვფორთხავთ, მოვფორთხავთ და ყვერა და ვერ ამოვფორთხებულვართ ზედაპირზე.
ჩვენ არ გვაცალეს დიდი ხნის ნანატრი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის მოპოვების სიხარულისგან გამოფხიზლება და ერთ წელიწადში ქვეყანა თავზე დაგვალეწეს.
თუ გახსოვთ, ამ საბედისწერო მოვლენებს წინ უძღოდა ერთი მნიშვნელოვანი ამბავი – ზვიად გამსახურდიამ განაცხადა, რომ იწყებდა ქვეყნის ქონებისა და სახელმწიფოში არსებული სხვადასხვა რესურსების ინვენტარიზაცია.
იქმნება შთაბეჭდილება, რომ იმ ძალებს, რომლებმაც გამსახურდიას დამხობა გადაწყვიტეს, სწორედ ამ განცხადებამ მისცა ბიძგი და მოტივაცია, რომ ოპერატიულად, სასწრაფოდ ემოქმედათ და ქვეყნის ქონებას მანამდე დაპატრონებოდნენ, სანამ ის სახელმწიფო დოკუმენტებში მოექცეოდა და სათანადო აღრიცხვას დაექვემდებარებოდა.
შეიძლება ეს ვერსია არ იყო მხოლოდ ერთადერთი მიზეზი 90-იან წლებში მომხდარი ამბებისა, თუმცა ის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რომ იყო, ეს მალევე გამოჩნდა, როცა ხელისუფლების დამხობისთანავე დაიწყო ქვეყნის ნამდვილი ძარცვა, რაც მოგვიანებით ე.წ. პრივატიზაციით დაგვირგვინდა, რასაც ხალხმა სამართლიანად უწოდა „პრიხვატიზაცია“.
არც დემოკრატია გახსენებია ვინმეს, არც თავისუფლება, არც სამართლიანობა, არც სხვა ფასეულობები და ღირებულებები, რისი სახელითაც და რის გამოც დაამხეს გამსახურდია – ქვეყანას ყაჩაღების და მოროდიორების ლაშქარი შეესია და პირწმინდად გაძარცვა და გააპარტახა იგი.
2003 წელს, ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, მძარცველთა ძველ თაობას მძარცველთა ახალი თაობა შეემატა მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით და რაც ძველებს მორჩათ, ახლა ამ ახლებმა მიიტაცეს და მიისაკუთრეს.
2012 წლის ოქტომბერში ქართველი ხალხისა და ბიძინა ივანიშვილის თავგანწირული ბრძოლის შედეგად ამ ყაჩაღებისა და ბანდიტების ხელისუფლებიდან ჩამოშორება მოხერხდა, თუმცა ვერ მოხერხდა მათი მთლიანად ამოძირკვა და ამოშანთვა, რის შედეგადაც ისინი კვლავ ხელისუფლებაში მობრუნებას აპირებენ და ერთხელ უკვე წაგებული არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვენ.
თუ კარგად დააკვირდებით ამ ოპოზიციურ სპექტრს, აღმოაჩენთ, რომ ორიოდე სუბიექტის გამოკლებით, მთლიანობაში ეს ძალა პირდაპირი სამართალმემკვიდრეა იმ ძალებისა, რომლებმაც კანონიერად არჩეული ხელისუფლება იარაღით დაამხეს, მოგვიანებით კი პრეზიდენტი გამსახურდია მოკლეს.
თავიანთი ბინძური ზრახვების აღსრულებაში ადრე თუ ზვიად გამსახურდია უშლიდათ ხელს, ახლა ბიძინა ივანიშვილი უშლით.
მაშინ თუ გამსახურდიას ეძახდნენ დიქტატორს, ახლა ივანიშვილს ეძახიან.
მაშინ თუ გამსახურდიას დებდნენ ბრალს დემოკრატიული ღირებულებების უგულებელყოფაში, ახლა იგივე ბრალდებას ივანიშვილს უყენებენ.
მაშინ თუ გამსახურდია უშლიდა ხელს საქართველოს აყვავებასა და გაფურჩქვნაში, ახლა ივანიშვილი უშლის თურმე ხელს.
მაშინაც „ყველას – მინუს ერთი“ იყო მთავარი დევიზი, ახლაც იგივეა, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მაშინ „მინუს ერთი“ გამსახურდია იყო, ახლა ივანიშვილია.
მაშინ დასავლეთის ღალატში და რუსეთთან ფარულ კავშირში დასდეს ბრალი გამსახურდიას, ახლა ივანიშვილს აბრალებენ იგივეს, თუმცა რუსეთის აგენტები თვითონ არიან, ისე, როგორც მათი „გმირი“ წინამორბედები, რომლებიც ქართულ-რუსული დაპირისპირების ჩაცხრობის შემდეგ, ჰოი, საკვირველებავ, რუსეთმა შეიფარა და გულში ჩაიხუტა.
რამე რომ მოხდეს, ამათაც ისევ რუსეთი ჩაიკრავს მკერდში, რადგან მისი ბარაქიანი ძუძუ აქვთ ნაწოვი და სისხლნარევი რძით გაზრდილებს, კვლავ სისხლი ენატრებათ, სისხლი უფრო ეტკბილებათ და ეგემრიელებათ, მით უმეტეს თუ ეს სისხლი ქართული „წარმოშობისაა“.
* * *
ბიძინა ივანიშვილის იძულებით წესით გაძევება ქართული პოლიტიკიდან ზუსტად ისეთივე დამანგრეველი და უკიდურესად ტრაგიკული იქნება საქართველოსთვის, როგორც ზვიად გამსახურდიას გაძევება იყო.
გამსახურდიამ საოცარი სიზუსტით იწინასწარმეტყველა ის, რაც მისი ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ საქართველოში მოხდებოდა იწინასწარმეტყველა არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველი იყო, არამედ იმიტომ, რომ ლოგიკურად აზროვნებდა და ისიც შესანიშნავად იცოდა, სინამდვილეში, რას წარმოადგენდა ის ძალა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს პირველ ხელისუფლებას წალეკვით და განადგურებით ემუქრებოდა.
არც მე ვარ წინასწარმეტყველი, მაგრამ ზუსტად შემიძლია ვთქვა, რა მოხდება საქართველოში „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმ მეთოდებით რომ „შეიცვალოს“, როგორც გამსახურდიას დროინდელი ხელისუფლება „შეიცვალა“ და ბიძინა ივანიშვილი იძულებული გახდეს პოლიტიკურ პროცესებს ჩამოშორდეს და ქვეყნიდან წავიდეს.
რა მოხდება და მოხდება ზუსტად ის, რაც გასული საუკუნის 90-იან წლებში მოხდა, რასაც აუცილებლად შეეწირება ქართული სახელმწიფო.
ეს იქნება სასტიკი და დაუნდობელი ბრძოლა ქვეყნის ხელახალი გადანაწილებისთვის, ქვეყანაზე ახალი კონტროლის დამყარებისთვის, რომელშიც ადგილობრივი კლანებისა და მაფიოზური სინდიკატების პარალელურად აუცილებლად ჩაერთვებიან როგორც ჩვენი მეზობელი, ასევე არამეზობელი სახელმწიფოები.
ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, თორემ საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით, თავისი გეოეკონომიკური, გეოსტრატეგიული მნიშვნელობით უნიკალური სახელმწიფოა.
საქართველოსთვის ომი ახლაც, მშვიდობიანობის დროსაც მიმდინარეობს, ოღონდ ეს არის ფარული, კულუარული, გამოუცხადებელი ომი, რომელშიც ბევრი მხარეა ჩართული.
ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ამ ფარული ომის პირობებშიც შეძლეს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, საფრთხეების პრევენცია და განეიტრალება, რის შედეგადაც რვა წელია საქართველოში სიმშვიდეა, თუმცა ქვეყანა, ფაქტობრივად, ფრონტის ხაზის გასწვრივ ცხოვრობს.
უდავოა, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს, მის პოლიტიკურ გამჭრიახობას, გნებავთ, მის პიროვნულ თვისებებს უკავშირდება.
ბიძინა ივანიშვილია დღეს ის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც შიდა თუ გარე ფაქტორებით გამოწვეული ფეთქებადსაშიში სიტუაციის განმუხტვას და დაბალანსებას ახერხებს.
ამიტომაც ვინც ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, ის სინამდვილეში საქართველოს ებრძვის.
ვისაც ბიძინა ივანიშვილის დამარცხება უნდა, მას, სინამდვილეში საქართველოს დამარცხება უნდა.
– ზვიადი პატრიოტი კაცი იყო – იტყვის თენგიზ კიტოვანი გამსახურდიას ტრაგიკული აღსასრულიდან 25 წლის შემდეგ.
დარწმუნებული ვარ, არც გონებაშეზღუდულ კიტოვანს, არც მის გონებაჩლუნგ ამფსონებს ბოლომდე არ ჰქონდათ გააზრებული, რა დიდი უბედურება მოჰყვებოდა პატრიოტი „ზვიადას“ დამხობას ქვეყნისთვის.
მათ თავიანთი პრიმიტიული ჭკუით პრიმიტიულად ეგონათ, რომ „ზვიადას“ თუ დაამარცხებდნენ, ყველა პრობლემა ავტომატურად მოიხსენებოდა და ქვეყანა მომენტალურად აყვავდებოდა და გაიფურჩქნებოდა.
როგორც კიტოვანს და მისნაირებს არ ესმოდათ, რა მასშტაბის კატასტროფა მოჰყვებოდა მათ ხისტ ნაბიჯებს, ასევე არ ესმით ეს კიტოვანზე არანაკლებ გონებაჩლუნგ ზოგიერთ პოლიტიკოსს, ბიძინა ივანიშვილის დამარცხება რომ დაუსახავთ უმთავრეს მიზნად.
არ ესმით ეს ამ ვაიპოლიტიკოსების ფეხის ხმას აყოლილ მათ მხარდამჭერებს, არ ესმის მოსახლეობის იმ 27%-ს „ნაცმოძრაობას“ რომ მისცა ხმა და არც იმათ, ბოკერია-უგულავა-ხაზარაძე-ვაშაძე რომ აურჩევიათ წინამძღოლებად ბედნიერებისკენ მიმავალ გზაზე.
არაფერს ვამბობ ჭკუიდან გადასულ სააკაშვილზე, რომელსაც აშკარაა, რომ მძიმე ფსიქიკური პრობლემები აქვს და რომელიც მზად არის მთელი საქართველო დალეწოს და დაანგრიოს, ოღონდ ამ ნანგრევებში როგორმე ივანიშვილი მოაყოლოს.
ასევე არაფერს ვამბობ შალვა ნათელაშვილზე, რომელიც ჭკუიდან გადასული სააკაშვილის „იდეებს“ ახმოვანებს და ისეთი აღფრთოვანებით, ისეთი შთაგონებით, ისეთი აღტყინებით ლაპარაკობს ივანიშვილის „ამოშანთვაზე“ ქართული სივრციდან და ამას რომ ამბობს ისე უბრწყინავს თვალები, მე მგონი სააკაშვილზე ნაკლები გიჟი არც ეგ არის.
კი, მაგრამ, ჩვენ რა ვქნათ – გიჟების, შლეგების, ავანტურისტების, სულელების ჭკუაზე უნდა ვიაროთ და შორიდან მშვიდად უნდა ვუყუროთ, როგორ დააქცევს ეს ჭკუით გაპენტილი „ნაღები საზოგადოება“ ქვეყანას?
30 წელია გიჟებს, სულელებს, ავანტურისტებს, ყაჩაღებს და ბანდიტებს ვეჯაჯგურებით, რომ ქვეყნის მართვის სადავეები მთლიანად არ წაგვართვან ხელიდან და უფსკრულში არ გადაგვჩეხონ, ამ შინაურ მავნებლებთან ჭიდილსა და ძიძგილაობას იმდენი ენერგია მიაქვს, რომ გარეული მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველად უკვე ძალა არ გვყოფნის.
* * *
არ მინდა, ეს წერილი ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ბიძინა ივანიშვილის ბრმა თაყვანისმცემელი ან „ქართული ოცნების“ ფანატიკოსი მხარდამჭერი ვიყო, რომელიც ფიქრობს, რომ ხელისუფლების სათავეში უცვლელად და მარადიულად მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ უნდა იყოს.
ეს ნამდვილად არ არის ასე, თუმცა არც იმას დავმალავ, რომ მოცემულ სიტუაციაში მე ვერ ვხედავ პიროვნებას, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ჩაანაცვლებს და მასზე უკეთესად გაუმკლავდება იმ საბედისწერო პრობლემებს, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას.
მოცემულ სიტუაციაში მე ვერც ისეთ პოლიტიკურ ძალას ვხედავ, რომელიც „ქართულ ოცნებაზე“ უფრო წარმატებულად უპასუხებს იმ საფრთხეებს, რომლებიც საქართველოს ოთხივე მხრიდან უტევს.
დიახ, ამ ისტორიულ ეტაპზე ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ ჩანს ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელიც ღირსეულ კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთი ძალა მომავალში არ გამოჩნდება, ქართული პოლიტიკა ერთ ადგილზე გაიყინება და ზრდას და განვითარებას შეწყვეტს.
დრო აუცილებლად გამოაჩენს ახალ ადამიანებს, ახალ იდეებს, ახალ კონცეფციებს, ახალ ლიდერებს, თუმცა იმ დრომდე უნდა მივიდეთ, უფრო ზუსტად, ის დრო ჩვენ თვითონ უნდა მოვიყვანოთ ჩვენი გარჯით, ჩვენი თავდადებით, ჩვენი ერთგულებით, ჩვენი მოღვაწეობით.
* * *
ხშირად ვფიქრობ ხოლმე – დღეს რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალი ყოფილიყო და საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი, რაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოსთვის გააკეთა, რას იტყოდა იგი ბიძინა ივანიშვილზე?
რას იტყოდა და იმას იტყოდა, რომ საქართველოს ისტორიაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ამდენი სიკეთე გაეკეთებინოს თავისი ქვეყნისთვის.
ამასთან ერთად, ალბათ იმასაც იტყოდა, რომ ერის უდიდესი სირცხვილია, როცა ერი უფლებას აძლევს ვიღაც ვიგინდარებს და ვათანძარებს მადლიერების და პატივისცემის ნაცვლად აუგად მოიხსენიონ და ლაფი და ტალახი ესროლონ, ასეთ ადამიანს.
ზვიად გამსახურდიას არც იმის თქმა დაავიწყდებოდა, რომ არ არსებობს უფრო უკეთური და ეშმაკისეული თვისება ადამიანისა, ვიდრე უმადურობაა.
უმადურობა, სინამდვილეში, უღმერთობაა, ღმერთის შეგინებაა, რადგან ყველა ეროვნული კატასტროფაა, ეროვნული უბედურებაა, როცა უმადურობა ერის მთავარ მახასიათებელ ნიშან-თვისებად იქცევა.
ისიც ეროვნული კატასტროფაა, როცა ერს არ შეუძლია თავისი ღირსეული შვილების დაცვა.
ეროვნული უბედურებაა ისიც, როცა ავაზაკების, მედროვეების, ავანტურისტების ხროვას, ერის რისხვის, ერის მკაცრი სამართლის არ ეშინია.
ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის ოქტომბერში ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილთან ერთად დაამარცხა ის ძალები, რომლებიც ზვიად გამსახურდიას მკვლელების და დამოუკიდებელი საქართველოს დამპყრობელ-დამაქცევრების სამართალმემკვიდრეები იყვნენ.
შეცდომაა, როცა ვამბობთ, რომ 2012 წელს „ნაცმოძრაობის“ რვაწლიანი რეჟიმი დავასრულოთო.
მხოლოდ რვა წელი კი არა, ეს არის რვა წელს პლუს თერთმეტი წელი, ანუ პერიოდი 90-იანი წლებიდან 2012 წლამდე, რაც მთლიანობაში 19 წელს შეადგენს.
იქიდან გამომდინარე, უფრო სწორი და მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ 2012 წელს „ქართულმა ოცნებამ“ შევარდნაძე-სააკაშვილის ცხრამეტწლიანი რეჟიმი დაამარცხა, რადგან პირველი მეორის დასაწყისია, მეორე – პირველის გაგრძელება.
2012 წელი 90-იან წლებში დამარცხებული, მაგრამ ხელახლა აღორძინებული და ფერფლიდან აღმდგარი ახალი ეროვნული მოძრაობის გამარჯვების წელია, ამ გამარჯვებას კი ბიძინა ივანიშვილმა ჩაუყარა საფუძველი.
როგორც ვთქვით, ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილს ებრძვის, ის ებრძვის საქართველოს და საქართველოსთან ერთად ებრძვის საკუთარ თავს.
ვისაც დღეს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება სურს, მას საქართველოს და საქართველოსთან ერთად საკუთარი თავის დამარცხება სწადია.
ასე იყო 90-იან წლებშიც, როცა ეგონათ, რომ „დიქტატორი“ ზვიად გამსახურდია დაამარცხეს, ვერ მიხვდნენ, რომ სინამდვილეში, საქართველო და საქართველოსთან ერთად საკუთარი თავი დაამარცხეს.
არსებობს გამარჯვებები, რომლებიც დამარცხებაზე გაცილებით უარესი და გაცილებით ტრაგიკულია.
სანამ ამას არ მიხვდებიან საქართველოში, მანამდე სულ დამარცხებულები ვიქნებით...
ვახტანგ ხარჩილავა