თბილისის კოლორიტი პოროვნება! როგორ არ იყო! არა მარტო კიკა და მარინა, ღმერთმა დაგვიფაროს, ქალაქს არ ყოლოდა მათ გარდა კოლორიტული პირები. ნიაზ დიასამიძე და ქართლოს კასრაძეო, რა თქმა უნდა! დოდო აბაშიძე, ასტამურ აჩბა... უამრავი სილამაზით, ფიზიკური ძალით, მიხვრა-მოხვრით ცნობილი პირი. ერთიც აღსანიშნავია, კოლორიტად აღიარება მისი ცხოვრების ტრაგიკული დასასრულის შემდეგ ხდებოდა. ასე იყო, ისინი საბჭოთა სისტემის უარმყოფი, საკუთარი მრწამსის პირები უნდა ყოფილიყვნენ, ან ისეთი ავადმყოფი, რომელსაც მრწამსი არ ექნებოდა.
დღეს ერთ კოლორიტზე მინდა მოგითხროთ: სასტუმრო საქართველოს წინ, მელიქიშვილის ქუჩის მეორე მხარეს პატარა მაღაზია იყო, რომელსაც ეწერა:
"ანტიკვარული წიგნი". შიგნით , მაღაზიის შუაში, ხის ტიხრებით გამოყოფილ ადგილას იჯდა მოხუცი კაცი, ტიმოთე მახაური. მუდმივად ნაცრისფერი კოსტუმი ეცვა, გახუნებული, სულ წერდა მიღების აქტებს. რომ შეხვიდოდი, ამოგხედავდა და მისალმებაზე: სალამი ტიმოთე ბიძია! გიპასუხებდა: ღმერთმა მშვიდობა მოგცესო. ტიმოთე - თბილისში ყველაზე მხცოვანი და ცნობილი ბუკინისტი.
მისი წლოვანების გამყიდველი მაშინ თბილისის არცერთ მაღაზიას არ ყავდა. მას შემცვლელი ვერ მოუძებნა საქწიგნმა. მაშინ ყველა მაღაზია საქწიგნს ეკუთვნოდა. ტიმოთე 1961 წლიდან ბუკინისტად მუშაობდა. მასთან შედიოდნენ კონსტანტინე გამსახურდია, სერგი ჭილაია, გოგლა ლეონიძე, მურმან ლებანიძე, პარტიული მოღვაწეთაგან გოგი ჯავახიშვილი, ძოწენიძე, მთელი სამეცნიერო აკადემიის შემადგენლობა, არაფორმალები, მათ შორის ძველი რეპრესირებული თაობა. მაშინ იყო ლიტერატურა, რომელიც ბიბლიოთეკებში აკრძალული იყო. მათ შორის ისეთიც, ნორმალური საბჭოთა ცენზორი რომ არ აკრძალავდა? უკვეთავდნენ ტიმოთეს. შოულობდა, აფორმებდა მაღაზიაში და მიყიდიდა კლიენტს. იყო ისეთებიც, რომელსაც ვერ აფორმებდა, ათხოვებდა და შიშის კანკალით ელოდა მის დაბრუნებას. მე შემსწრე ვარ ასეთი თხოვების. არადა წიგნი იმიტომ იყო აკრძალული, რომ ბერიას სახელობის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი ეწერა კოლექტიურ ავტორად. სასაცილო ქვეყანა იყო. ლენინის გამოცემებიც იყო აკრძალულ გამოცემათა სიაში. ტიმოთეს მთავარი განძი იყო ის გამოცდილება, რაც მას შეძენილი ჰქონდა. ეს იყო ჩემთვის ყველაზე საინტერესო. ვეკითხებოდი: ეს წიგნი რამდენჯერ შეგხვედრიათ მეთქი? თუ იტყოდა: 1, 2, 3 ჯერო, ესე იგი უიშვიათესი იყო. მაგალითად , ტიმოთე ამაყობდა, რომ ერთხელ შეხვდა ვეფხისტყაოსნის 1712 წლის გამოცემა, რომელიც კარგად დავაბინავეო. გურამ შარაძე ვნახეო. გურამმა დამაბინავებინა, მფლობელს 300 მანეთი მივეციო. მერე კი შარში ჩავვარდიო. გურამს სადღაც დაუკვეხნია, 1712 წლის წიგნი ბუკინისტურ მაღაზიაში შევაძენინე უნივერსიტეტშიო და დამადგა დამიანე ალანიაო!(დამიანე ალანია მაშინ სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო სისხლის სამართლის განხრით, სამმართველოს უფროსები მიდიოდნენ და მოდიოდნენ ის კი იყო ერთერთი მთავარი ფიგურა შინაგან საქმეთა სამინისტროში. დიდი ბიბლიოფილი, მისი კოლექციის შევსებაზე მუშაობდა მთელი საქწიგნი, დაპატიმრებულთა მშობლებიც. ) დამიანე აფრთხილებდა ხოლმე ტიმოთეს, თუ გინდა პენსიაზე არ გაგიშვან, რასაც საინტერესოს მოგიტანენ, მანახეო. ტიმოთემ 1712 წლის ვეფხისტყაოსანი არ ანახა. მოადგა და უთხრა: ტიმოთე, ეს რა ქენიო? რა ვქნა ბატონო დამიანე, რომ მომიტანეს, მაშინ შემოვიდა შარაძეო. აბა შარაძე რომ ამბობს, უნივერსიტეტში შევხვდითო? ტიმოთე! დაუყვირია დამიანეს. მეორე კვირას შემოწმება მიადგა ტიმოთეს. დაუკეტეს და აუღწერეს მაღაზია. მიუტანა რამდენიმე საინტერესო გამოცემა დამიანეს, იმასაც გული მოელბო. გავიდა ხანი. ტიმოთეს ცოლი გარდაეცვალა. საფლავი უნდა გაეკეთებინა. მოიტანა სახლიფდან "ოხოტა ნა კავკაზე". დაურეკა დამიანეს. მე იქ ვიყავი, რომ მოვიდა დამიანე. ანახა წიგნი. გაუწითლდა ისედაც ვარდისფერი სახე დამიანეს. რა ღირსო? ეს ჩემია, ცოლის საფლავის გასაკეთებლად ვყიდიო... რა ღირსო! მკაცრად უთხრა დამიანემ. 1750 მანეთიო. დიდი ფული იყო მაშინ ეს თანხა. 1000 მანეთს მოგცემ. ეს წიგნი მაშინ რომ გყავდა შემოწმება, რატომ არ მომიტანეო? ო, როგორ გაბრაზდა ტიმოთე... 2000 ლარად გაიყიდება ხვალ, რომ გავაფორმებო. არავინ იყიდისო, უთხრა დამიანემ. ბერძენს ვეტყვიო... მშვიდად უთხრა ტიმოთემ . ამოიღო ფული დამიანემ და იყიდა წიგნი. დავრჩით მე და ტიმოთე მარტო. იდო ფული მაგიდაზე. ცრემლები ჰქონდა ტიმოთეს თვალებზე. 40 წელი ეს წიგნი მქონდა, ჩემი ქალიშვილისთვის მინდოდა დამეტოვებინა. არ გამომადგაო. ჩემს ცოლს გავუკეთებ საფლავს და ჩემიც იქნებაო. ის არაფერს გაგვიკეთებსო. რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა ტიმოთე. მე არ ვიყავი თბილისში. მინდოდა საფლავზე გასვლა. მიმიყვანა ერთმა ბიბლიოფილმა. ელდა მეცა. ახლადგამოყოფილი ერთადგილიანი საფლავი იყო, რკინის ჯვარი და ნომერი. შვილს ვერ მიუგნია დედის საფლავისათვის მუხათგვერდში. ტიმოთე მარტო დაკრძალეს. დიდი ადამიანები უძეგლოდ იკარგებიან.