logo_geo
eng_logo
თეა ფირცხალავა: საოცარი ისტორიაა, ტანში რომ დაგივლის, ისეთი...
- +

21 დეკემბერი. 2020. 00:11

 

 

“უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი

 

არა დაღვრილის, დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა,

 

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი -

 

არ გამაჩნია!”

 

მურმან ლებანიძის ეს ლექსი ქართული სიტყვის დარად მოუხდა უფლისციხის ქვაბულს ჩახუტებულ დღევანდელ იუბილარს, ჩვენს რევაზ ინანიშვილს, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი იყო და როგორც მოკრძალებულ ადამიანს შეშვენის, ჩუმად და დაუყვედრებლად აკეთებდა ქართულ საქმეს.

 

1926 წლის 20 დეკემბერს, სოფელ ხაშმში, დაიბადა ქართველი მწერალი და სცენარისტი, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი და, უბრალოდ, საოცარი მთხრობელი რევაზ ინანიშვილი. მას ხშირად ვადრი ხოლმე ერნესტ ჰემინგუეის, რადგან დიდი ამერიკელი მწერლისა არ იყოს, ჩვენი ქართველი დიდოსტატიც გამოირჩეოდა თავისი განსაკუთრებული სტილით, ფენომენალური ლაკონურობით და საჭირბოროტო საკითხების მოკლედ, მაგრამ ყოვლისმომცველად გადმოცემის უნარით... კინაღამ დავწერე, ინანიშვილი ჩემი საყვარელი მეზღაპრე იყო-მეთქი, მაგრამ მივხვდი, რომ ქვეცნობიერი „ამიმუშავდა“, რომელმაც მისი ჯადოსანი მოხუცი მეზღაპრე გამახსენა, რომელსაც, ხევსური მინდიასი არ იყოს, კარგად ესმოდა ცხოველთა ენა და მათ ნაამბობს ზღაპრებად გარდაქმნიდა ხოლმე... არადა, რევაზ ინანიშვილი მეზღაპრე კი არა, სინამდვილის საუკეთესო აღმწერელი იყო, იმ სინამდვილისა, რომელიც ძალზე მარტივი დასანახია, რადგან ხელის გულზე გვიდევს, მაგრამ ჩვენი უგულობის, უსუსურობის, გულცივობის, ან, სულაც, „სიბრმავის“ გამო, ვერ და არ ვამჩნევთ... როცა ინანიშვილის პროზას ვკითხულობ მეჩვენება, რომ ჩემს მაგივრად იგი „საუბრობს“, ჩემს ჩახლართულ სულში ზის, მერე კი ლაბირინთებიდან თავს ითავისუფლებს და იქ ჩამალულ საიდუმლოს სრულიად სამყაროს უმხელს...

 

რევაზ ინანიშვილის სცენარით (და თანაავტორობით) გადაღებულია არაერთი ფილმი, მათ შორის მერაბ კოკოჩაშვილის „არდადეგებზე“, ნანა მჭედლიძის „ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“, თენგიზ აბულაძის „ნატვრის ხე“, ოთარ იოსელიანის „პასტორალი“, გიორგი შენგელაიას „ქვიშანი დარჩებიან“... თავად ამბობდა, სანამ სცენარების წერას დავიწყებდი, ოჯახს საკმაოდ უჭირდა და ხშირად ჩემს თავზე ვბრაზობდი, ნეტა რისთვის ავიტეხე მწერლობა, ცოლ-შვილს, ლამისაა, ვაშიმშილებ და ყველაფერი ენატრებათო...

 

მერე კი... მერე მისი პროზაული ნაწარმოებები მრავალ ენაზე ითარგმნა... და...

 

ეჭვი მეპარება, თარგმანი ისევე აფორიაქებდეს უცხოელის სისხლს, როგორც მე ინანიშვილისეული ქართული სიტყვა მიფორიაქებს. ვერ წარმომიდგენია, თარგმანმა, თუნდაც საუკეთესომ, სირღმისეულად გადმოსცეს დედაზე დაწერილი ინანიშვილის საოცრება, ან ის მისტიური სევდა, რომელიც ავტორის თქმისა არ იყოს, „ქვებზე ფრთებგაშლილი თევზებივით მოხტუნავე“ სიტყვებით აქვს გადმოცემული... ინანიშვილის თითოეული ნაწარმოები, მაგალითად სულ ერთი ციდა ჩანახატი „კაცი და ქალი“, ერთგვარი საიდუმლოა, კაცის და ქალის საიდუმლო, რომლის თარგმნა ისეთივე რთულია, როგორც, მაგალითად, ტერენტი გრანელის ამ, ერთი შეხედვით, მარტივი, ლექსისა:

 

„გაზაფხულის საღამოა მშვიდი,

ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი...“

 

ასე მგონია, რომ ამ ლექსისა არ იყოს, რევაზ ინანიშვილიც დაიკარგება თარგმანში. ძნელად წარმომიდგენია თუნდაც ამ, ერთი შეხედვით მარტივად სათარგმნი პასაჟის გადმოცემა უცხო ენაზე: „იყო შემთხვევები, რომ ჩემი წყრთის სიგრძე ჭანჭრები და მურწები დამიჭერია...“

 

თქვენი არ ვიცი და მე რეზო ლაღიძისა და პეტრე გრუზინსკის კიდევ ერთი საოცრება გამახსენდა:

 

„მთვარე ამოსვლას რომ დააპირებს,

ბადით ჩავყვები მე მტკვრის ნაპირებს.

ლოქო, ჭანარი, მურწა, კალმახი,

უკვე გასაღდა ექვსი თაბახი.“

 

ახლა კი გაგახსენებთ რევაზ ინანიშვილის შექმნილ ერთ ლეგენდას, რომელიც ჩვენმა იუბილარმა ალექსი ჭინჭარაულს „გაანდო“, მაგრამ არ დაუბეჭდავს. ინანიშვილის ამ ჩანახატს თავისუფლად შეიძლება ეწოდოს „კახური ლეგენდა“, რომელიც დაახლოებით ასეთი შინაარსისაა:

 

კახეთის აოხრების დროს შაჰ აბასმა ვენახების პირწმინდად გაჩეხვის ბრძანება გასცა და იქვე დაიმუქრა, ვინც არ დამემორჩილება და თუნდაც ერთ ძირს შეინარჩუნებს, იმას თავს მოვკვეთთო. კახელებმა საკუთარი ხელით აჩეხეს ვაზი, მაგრამ ერთ-ერთი გლეხის ვენახში ამაოხრებლებმა შემთხვევით აღმოაჩინეს ერთი ძირი და ურჩი კაცი შაჰ-აბასს მიჰგვარეს. შაჰის ბრძანებით კაცს საჯაროდ მოკვეთეს თავი, ხოლო მისი გვამი მიწაში ჩამარხეს. ერთი წლის შემდეგ იმ კაცის საფლავზე ვაზის რქა ამოიყარა. როგორც გაირკვა, დასჯილ კახელ გლეხს ღილებაწყვეტილი ახალუხი ვაზის ლერწით ჰქონია შეკრული.

 

საოცარი ისტორიაა, ტანში რომ დაგივლის, ისეთი...

 

(უცებ გამახსენდა საშინელი 2007 წელი და ის „სურათი“, როდესაც რამდენიმე გზააბნეულმა კახელმა გლეხმა დიდი „ენთუზიაზმით“ აჩეხა საკუთარი ვენახი, იმდროინდელი „შაჰის“ გულის მოსაგებად).

 

65 წლის რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. იგი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაიკრძალა.

 

და ამ ფბ-მიძღვნას კვლავ ჩვენი მურმანის სიტყვებით დავასრულებ:

„მშვენიერია ორ-ზღვას-შუა კავკასის ხედი

და კითხვა: „ვინ ვის?“ ბებერ გულში ლახვრად მაჩნია,

არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,

არავითარი სხვა გზა, სხვა ხსნა

არ გამაჩნია!“

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner