ავტორი ნინო ლაბარტყავა
ქართულ პოლიტიკაში მიმდინარე პროცესებზე სასაუბროდ, „რეპორტიორი“ კინორეჟისორ გოგა ხაინდრავას დაუკავშირდა:
- „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ აპირებენ, განიხილონ კანონპროექტი „პოლიტიკური საბოტაჟის შესახებ“, რომლის თანახმად პარტიას, რომლის წევრებსაც შეუწყდებათ საპარლამენტო მანდატები ან რომლებიც საპარლამენტო მუშაობაში არ ჩაერთვებიან, სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდებათ ან ერთი წლით შეუჩერდებათ. ამ კანონს სამართლებრივად ვერ შევაფასებთ ახლა, სპეციფიკური თემაა, თუმცა, თვითონ ამ ინიციატივაზე რა აზრის ხართ?
- სახელმწიფოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი. საპარლამენტო უფლებამოსილების დელეგირებას ახდენენ მოქალაქეები. ამისთვის იმართება არჩევნები, ხომ? არჩევნების შემდეგების მიხედვით, ბარიერგადალახული პოლიტიკური ორგანიზაციები ერთვებიან ქვეყნის მართვაში. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, ესე იგი, ძირითადი სახელისუფლებო ინსტიტუტი არის პარლამენტი. დღეს გვაქვს მოცემულობა, როდესაც ოპოზიციაში დარჩენილი პარტიები და ცალკეული პოლიტიკოსები აცხადებენ უარს მათზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე. ახლა მოდით, მაგალითს მოგიყვანთ: სამარშრუტო ტაქსების მძღოლებმა რომ უარი თქვან მგზავრების მომსახურებაზე ან მეტროს მემანქანეებმა თქვან უარი მგზავრების გადაყვანაზე, ნებაყოფლობით - საერთოდ, ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა რომ თქვას უარი დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე, როგორ ფიქრობთ, ხელფასი უნდა გადავუხადოთ? როდესაც ადამიანი თავის საქმეს, მოვალეობას არ ასრულებს, ხელფასს რატომ უნდა იღებდეს?
- კი ბატონო, კარგი მაგალითია ნამდვილად - დამქირავებელი თანამშრომელს ხელფასს იმაში უხდის, რომ მან თავის საქმე გააკეთოს. ამ შემთხვევაში, დამქირავებელი არის ხალხი, რომელიც დეპუტატებს ხელფასს უხდის საკუთარი ჯიბიდან იმისთვის, რომ მათ საკანონმდებლო საქმიანობა განახორციელონ და იმუშაონ...
-ჰოდა, ის დეპუტატები, ვინც უარს აცხადებს ვალდებულების შესრულებაზე, რითი არიან გამორჩეულები? დეპუტატები - ხელფასს, ხოლო პარტიები დაფინანსებას, ხომ ქვეყნის ბიუჯეტიდან იღებენ? ე.ი. ვალდებულნი არიან, ამის საფასურად ნაკისრი მოვალეობა შეასრულონ. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი აჩრდილები, საპარლამენტო ვალდებულებების საბოტაჟს ეწეოდნენ ბოლო 4 წელიწადი, ეს ხომ ვნახეთ - ფაქტობრივად, სულ ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, თუმცა, ხელფასს იღებდნენ. უამრავი პრივილეგია ჰქონდათ, დაბრძანდებოდნენ საზღვარგარეთ, სამსახურებრივი მოვალეობის განსახორციელებლად, თუმცა, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ძირითადად, ჩვენს ქვეყანას ლაფში სვრიდნენ და მტრობდნენ მას - მაგალითად, გიორგი კანდელაკი, რომელიც მოუწოდებდა ევროპელ დეპუტატებს, არ მიეცათ ვიზა-ლიბერალიზაცია საქართველოსთვის! ეს არის მავნებლობა! კანდელაკი არის მავნებელი, ისევე, როგორც წერეთელი, სამადაშვილი, ბოკერია და სხვა. ისინი ხომ გააზრებულად და გეგმაზომიერად ვნებენ საკუთარ ქვეყანას, ანუ ყველა ჩვენგანს!
რაც შეეხება მანდატებზე უარის თქმას - სხვათა შორის, ეს ჩემთვის ნაცნობი თემაა. მე ვიყავი იმ დეპუტატებს შორის, ვინც ნაცების პარლამენტში შესვლაზე უარი განაცხადა. განსხვავებით დღევანდელობისგან, მაშინ ხელისუფლებამ ნამდვილად გააყალბა არჩევნები. ყველას კარგად გვახსოვს, სპეცდანიშნულების რაზმებს როგორ გამოჰქონდათ საარჩევნო უბნებიდან ყუთებით ბიულეტენები. დღეს კი რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ ოპოზიციაში მყოფი ძალები აყალბებდნენ არჩევნებს! ეს ყველამ გაიგო და დაინახა, აქაც და იქაც. იმიტომ არის ასეთი ერთსულოვანი რეაქცია ჩვენი უცხოელი პარტნიორების და საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან. სირცხვილი და თავის მოჭრა ამ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციებს! მადლობა ღმერთს, რომ ამჟამად ქაჯები მიდიან პოლიტიკიდან, „ნებაყოფლობით“. ქაჯები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით - ავი სულები, რომლებიც საკუთარ ქვეყანას, საკუთარ ხალხს, სახელმწიფოს ებრძვიან ძალაუფლების მოსაპოვებლად! ებრძვიან ყველა ხერხით და მეთოდით! ამ ქაჯებს უკან მიჰყვებიან ქაჯანები არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, მაგათ კი გაჰყვებიან ქაჯუნები მედიიდან - ეგენი ხომ ერთმანეთით სულდგმულობენ. ერთმანეთის გარეშე მათ არსებობა არ უწერიათ. თუ არ არიან ქაჯები, არც ქაჯანებს და არც ქაჯუნებს აღარაფერი საქმე არ აქვთ, ფუნქციას კარგავენ. კარგია, რომ ქრებიან, პოლიტიკური ველი იწმინდება, სხვა შემთხვევაში ამ ქვეყანას მშვიდობა არ უწერია. სახელმწიფო, როგორც ორგანიზმი, უნდა გაიწმინდოს ამ წყლულებისგან. ეს პროცესი დაიწყო, რაც ძალიან კარგია. თუ „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ თავში იპოვა ძალა, რეალურად განახორციელოს ეს საკანონმდებლო დონეზე, თუნდაც საკუთარი დანაკარგის ფასად - ეს იქნება ქვეყნისთვის არაჩვეულებრივი რამ! ვალმოხდილად შევრაცხთ.
- აუცილებლად ვაპირებთ ამ კანონპროექტის ინიცირებასო, კი იძახიან და ვნახოთ... კოჰაბიტაციაზე წარმოდგენაც არ გვქონდა თავის დროზე, მაგრამ კი ვნახეთ მერე ეს „სიკეთე“, „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობის მცდელობის სახით...
- „ნაცმოძრაობა“ არის სექტა. მას ჰყავს მიმდევრები, ფანატიკოსები, ფანები ანუ, როგორც მაგალითად მომღერლებს, სპორტსმენებს, მსახიობებს, ჯამბაზებს... თუმცა, ამას პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არა აქვს. მიშა უყვართ! განსაკუთრებით გარკვეული კატეგორიის ქალებს. რა ქნან?! უყვართ და... ყველა დანარჩენი ოპოზიციონერები მათთვის, ფანებისთვის, ან მასთან არიან გაიგივებულები, ან არა! იმის მიხედვით ანაწილებენ თაყვანისცემას, რამდენად მონობენ ისინი მიშიკოს. ოქტომბრის არჩევნებმა ზუსტად ასახა ეს სურათი. სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ არ გვყავს, თუნდაც ნორჩობაში მყოფი, პოლიტიკური ოპოზიცია. დღეს სახეზეა ხავსმოკიდებული პოლიტიკური წუმპე, რომელიც ყარს და ბუყბუყებს. ეს წუმპე გზას უღობავს ახალ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც შეეძლოთ, პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსულიყვნენ, რომ საქართველოში დაწყებულიყო ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება. თუ მმართველ პარტიას არ ჰყავს ოპონენტი, ვინც საქმიანად, გონივრულად, პროფესიონალურად ეპაექრება და საზოგადოებას აჩვენებს, რაში და სადაა მისი პრობლემა; თუ არ არსებობს ქვეყანაში ხელისუფლების ოპოზიცია, რომელიც მას პრობლემების გადაჭრის გზებს, საკუთარ ხედვას, არსებული საფრთხეებიდან გამოსავალს სთავაზობს - ეს ხელისუფლებისთვის საზიანოა. აქედან გამომდინარე, წესიერი, ადეკვატური, პოლიტიკური ოპონირების არარსებობა ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. სამწუხაროდ ასეთი პოლიტიკური ორგანიზაციები ჯერჯერობით არ ჩანან...
„ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელსაც ძალიან ბევრი მძიმე დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე პასუხი უნდა აგოს, ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების წინაშე. მე რომ მკითხოთ, მთლიანად კაცობრიობის წინაშე! მათთან ერთად ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ასევე დანაშაულია მგონია, მათი დანაშაულის გაზიარება.
კანონპროექტს რომ მივუბრუნდეთ: მე იურისტი არ ვარ და მიჭირს კანონებზე მსჯელობა, მაგრამ ვფიქრობ: თუ ადამიანს არ უნდა მუშაობა და უარს აცხადებს თავისი მოვალეობის შესრულებაზე, ბუნებრივია, მას არანაირი გასამრჯელო, მითუმეტეს, ხალხის ჯიბიდან, არ ეკუთვნის!
- „ოცნება“ აანონსებს ასევე მეორე კანონპროექტის ინიცირებას, რომელიც გულისხმობს, რომ პარტიას, რომლის ლიდერიც არღვევს კონსტიტუციურ ცენზს, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აღარ მიეცემა. ამ შემთხვევაში, საუბარია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის ლიდერზე, მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც ამ მომენტისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ქართული კანონებით გასამართლებულია. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები? თეორიულად მაინც თუ აკეთებთ დაშვებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, შესაძლოა, მიხეილ სააკაშვილს გაემიჯნოს, რომ პოლიტიკურად ხელფეხშეკრული აღარ იყოს მომდევნო არჩევნებისთვის?
- საერთოდ, კანონის უკან უნდა იყოს ლოგიკა, ხომ ასეა? სააკაშვილი არ არის ამ ქვეყნის მოქალაქე, ის ბევრ და მძიმე დანაშაულში არის მხილებული და ბრალდებული. ის, რომ უკრაინაში სააკაშვილისნაირი პერსონაჟი რაღაც თანამდებობაზე ჰყავთ, ეს მათი პოლიტიკური კულტურის, თავმოყვარეობის, დიპლომატიის ცოდნის და მეგობარ ქვეყნებთან ცივილიზებული ურთიერთობის უნარზე მეტყველებს. ვფიქრობ, ზელენსკის მთავრობამ, ამ მხრივ, საუკეთესოდ ვერ წარმოაჩინა თავი. თუმცა, ეს მათი ნებაა... ის მეგობრული ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც საქართველოს და უკრაინას შორის დღემდე არსებობდა, იყო სამაგალითო. ზელენსკის ხელისუფლება, სააკაშვილის აქტუალიზაციით, ცდილობს, ეს ურთიერთობები გაართულოს. მათ მშვენივრად იციან, რომ ქართველების უდიდეს ნაწილს არ მოსწონს ის, თუ როგორ იქცევა ჩვენი მეგობარი ქვეყნის ხელისუფლება. პოლიტიკაში მეგობრების, სტრატეგიული პარტნიორების სახელმწიფო ინტერსების გათვალისწინება არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რასაც დღეს ვერ ვხედავთ. რეალობა ასეთია: ქართული კანონმდებლობით ბრალდებული და ძებნილი ექს-პრეზიდენტი, ამავდროულად, უცხო ქვეყნის მოქალაქე, საქართველოში ოპოზიციური პარტიის ლიდერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია. საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობს, ძალადობას ქადაგებს, პოლიტიკურ საბოტაჟს ხელმძღვანელობს... როგორია ასეთ დროს რეაქცია ცივილიზებული, დემოკრატიული სახელმწიფოების სახელისუფლებო ინსტიტუტების მხრიდან, ნეტა? ევროპის ან აშშ-ის კანონმდებლობით... ჩვენ ხომ ამ ოჯახისკენ მივისწრაფვით, ჰოდა, ვიხელმძღვანელოთ მათი გამოცდილებით.
რაც შეეხება თქვენი კითხვის მეორე ნაწილს: „ნაციონალური მოძრაობა“ დაშლის პირასაა, სრული მარგინალიზაცია მიმდინარეობს. ეს პროცესი არის შეუქცევადი. საარჩევნო სიის პირველი ოცეული ნახეთ... ლაშა ბუღაძის დონის „ინტელექტუალი“ უნდა იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიის წარმომადგენლების ინტელექტით აღფრთოვანდე... როგორ შეიძლება, ინტელექტი აღმოაჩინო სიაში, რომლის წევრებიც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ახალგაზრდებს ხვრეტდნენ და კაცებს საპყრობილეებში აუპატიურებდნენ?! იმ სიაში ზუსტად იმდენი ინტელექტია, რამდენიც ლაშა ბუღაძის ნაწერებში ლიტერატურა თუ დრამატურგიაა... სია კი არა, პარტია მთლიანად უნდა გასამართლდეს! პარტია, რომლის წევრი პრეზიდენტი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, იმის მინისტრი და ამის მინისტრი, გენერალური პროკურორი, მოადგილეებიანად - სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან! ასეთი პარტია, თავისთავად არის დანაშაულებრივი. ის არათუ საარჩევნო რეგისტრაციიდან არის მოსახსნელი, არამედ საერთოდ დასაშლელი და ასაკრძალია!
- ჩვენ ვხედავთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და კიდევ სხვა ე.წ. ოპოზიციური პარტიების ნაწილი იძახიან, არ შევალთ პარლამენტშიო და ზოგმა უკვე მიმართა შესაბამის უწყებას, საარჩევნო სიების გაუქმების მოთხოვნით. რა იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ნამდვილად არ შევლენ პარლამენტში და ოფიციალურად იტყვიან უარს მანდატებზე? შექმნის თუ არა ეს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს? გამოდის, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება...
- ძალიან კი უნდათ, ასე წარმოაჩინონ, მაგრამ ეს ერთპარტიული პარლამენტი არ არის, რადგან არჩევნების შედეგებით მასში 14 პარტია იქნა არჩეული.
- არჩეული ერთია, მაგრამ თუკი ესენი უარს იტყვიან საქმიანობაზე და არ შევლენ პარლამენტში, ფაქტობრივი მოცემულობა იქნება ის, რომ ერთპარტიული პარლამენტი გვექნება, ამას ვგულისხმობ...
- პარლამენტის ლეგიტიმაციას და მასში სასურველი პარტიების წარმომადგენლობას ირჩევს და ახორციელებს ხალხი და არა საარჩევნო სუბიექტების ახირება. თუ მათ არ უნდათ მუშაობა, არავინ აძალებს. ხალხმა გადაწყვიტა და აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი. დღეს პარტიები შალიკოს ფანჩატურიდან, ნაცების შიშით, უარს აცხადებენ თავისი მოვალეობის შესრულებაზე - ძალიანაც კარგი! ეს ოპოზიცია კი არა, საქაჯეთია. იქ პოლიტიკური ორგანიზაციები არ არიან. ავიღოთ მაგალითად „გირჩი“, ეს არის კლასიკური სექტა, სადაც მსახურობენ „ეპისკოპოსები“, აქვთ გასაბერი, რეზინის ეკლესია, მარიხუანის კულტივაციას ქადაგებენ, პედოფილიაზე მსჯელობენ თავის „მრევლთან“ ერთად - არის თუ არა ეს დანაშაული. სხვა ორგანიზაციებს რაც შეეხება, პარტიობას ვინც იჩემებს - ისინი, ძირითადად, არიან „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტები, სახელები გადაირქვეს, თუმცა, როგორც ცნობილია, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება! როგორც წეღან ვთქვი - თუ არ შევლენ პარლამენტში - ძალიან კარგი! სულს მოვითქვამთ. კი, ბატონო, ცუდია, როდესაც მმართველ პარტიას პარლამენტში ოპონენტები არ ჰყავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოპონენტები გამოჩნდებიან ჩვენ საზოგადოებაში - უამრავი კარგი სპეციალისტი გვყავს სხვადასხვა სფეროში, ხომ? აგერ ნახეთ, ამ პანდემიის პირობებში როგორი ურთიერთობა ყალიბდება ხელისუფლებასა და ბიზნესს შორის, ხელისუფლებასა და სამედიცინო სფეროს შორის... ასე იქნება სხვა დარგებშიც. მთავრობა ხალხის წინაშეა ანგარიშვალდებული და არა სექტების... მთავარია, მიზანი იყოს გონივრული და ხალხისთვის სასარგებლო, მცოდნე ხალხი გამოჩნდება.
- გამოდის, რომ იმ ნაცდეპუტატების და მათი თანამოაზრეების ნაცვლად, ქვეყნის საქმეს ისევ ხალხი გააკეთებს თავისი აქტიურობით, ოპონირებით, პრობლემებზე საჯარო რეაგირებით...
- რა თქმა უნდა! ქართველ საზოგადოებას რამე თუ არ მოეწონა ხელისუფლების საქმიანობაში, ამას არ მალავს. არც ის ეშლება, ხმამაღლა როგორ დააფიქსიროს უკმაყოფილება. აქციების გამართვა და პროტესტი ხომ საერთოდ ჩვენი მოგონილი მგონია. ასე რომ, ამ ქაჯების გარეშეც შევძლებთ ხელისუფლების მართვას.
- აუცილებლად მინდა შევეხო ბოლო დროს განხორციელებულ კამპანიას, რომელიც „ნაცმოძრაობის“ ლიდერების, მათი მხარდამჭერებისა და ნაც-მედიის მხრიდან, ევროკავშირის დიპლომატებზე, აშშ-ის ელჩზე მიმდინარეობს. ის, რასაც ჩემ მიერ ზემოჩამოთვლილი სუბიექტები აკეთებენ, რიგითმა მოქალაქემ რომ გააკეთოს და თქვას, მაშინვე რუსეთუმედ, პუტინის რუსეთის მყვარებლად გამოაცხადებენ. ასე გადარიათ ესენი არჩევნებში დამარცხებამ, რომ ვეღარ ზომავენ უკვე, ვისზე რას ამბობენ და რა ფორმით? თუ რაღაც სხვა რამეშია საქმე?
- ძალიან კარგად ზომავენ და მოძღვრავენ რუსეთიდან აქაურ მეხუთე კოლონას. თქვენი აზრით, რამდენი ქვეყანა არის მსოფლიოში, რომელიც ღიად ებრძვის ევროკავშირს თუ ამერიკის შეერთებულ შტატებს? ასეთი სულ სამი ქვეყანა მახსენდება - ჩრდილოეთ კორეა, რუსეთი და ირანი. ჩრდილოეთ კორეასთან, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში, ამ ქაჯებს კავშირი არ აქვთ. სავარაუდოდ ირანთანაც. ვინ დარჩა? - რუსეთი! ჰოდა, რასაც ჩვენ ამ ბოლო დროს ვისმენთ და რასაც მეკითხებით, არის ზუსტად რუსული პროექტის განხორციელება საქართველოში! 15 წელია, ვიძახი, რომ „ნაცმოძრაობა“, თავის აჩრდილებიანად, არის რუსული ინტერესის გამტარებელი ჩვენს ქვეყანაში და ეს მათი საქმეებით დასტურდება. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების დასტური და ა.შ. ნათქვამია - არაფერი არის დაფარული, რომ არ გაცხადდეს... მთელი ამ წლების განმავლობაში „ნაციონალური მოძრაობის“ ელიტა ემსახურებოდა რუსულ საქმეს და ჩვენ ამის ფაქტები გვაქვს და ვიცით. ჩვენი ქვეყნის ნაწილი, რომელიც არასდროს ყოფილა დაპყრობილი, კოდორს ვგულისხმობ, ნაცმოძრაობამ „ზემო აფხაზეთად“ მონათლა და გადასცა რუსეთს; ცხინვალის რეგიონი და ზედ ახალგორი მიართვა რუსეთს... ეს ხდებოდა მიზანმიმართულად. სააკაშვილი, თემურ ალასანია, ვარშალომიძე, მერაბიშვილი, ბეჟუაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, რუსულ, საბჭოთა ჩეკისტურ ყაიდაზე არიან გაზრდილები. იმთავიდან აკეთებდნენ და დღესაც აგრძელებენ რუსულ საქმეს საქართველოში. ახლა უკვე, ამ პროექტის ფარგლებში, ჩერგოლეიშვილი, ბოკერია და გვარამია ღიად ებრძვიან ჩვენს მოკავშირეებს - ევროკავშირს, გერმანიას, აშშ-ს... მე არ ვიცი, როგორ უნდა გადავუხადოთ ქართველებმა გერმანიას და მის ხალხს ის ამაგი, რაც ამ ქვეყანას ჩვენთვის უანგაროდ აქვს გაწეული. დამოუკიდებლობის პირველ დღეებიდან მოყოლებული 1918-21 წლებში, განსაკუთრებით კი 1990-იანი წლებიდან დღემდე, ჩვენი ყველაზე დიდი მხარდამჭერი იყო და არის გერმანია. ვინ უნდა იყო, რას უნდა წარმოადგენდე და ვის და რას უნდა ემსახურებოდე, რომ ამ ქვეყნას, საქვეყნოდ, შეურაცხყოფა მიაყენო და მისი ელჩი ლანძღო?! ან აშშ-ის ელჩი, ეს არაჩვეულებრივად გონიერი, კეთილგანწყობილი და გამოცდილი ქალბატონი, კელი დეგნანი. იმის მაგივრად, რომ დავაფასოთ, პატივისცემა გამოვხატოთ მისი შრომის, ჩვენი ხალხის სასიკეთოთ მიმართული ძალისხმევის მიმართ - ლანძღავენ, ცილს სწამებენ, გაუგონარს უგონებენ... ვერ გავიგე, რა ჰგონიათ ამ ქაჯებს, ბნელა ამ ქვეყანაში? თუ დავყრუვდით ყველა? არც ბნელა და არც სმენა გვღალატობს. ყველანი კარგად ვხედავთ და მშვენივრად გვესმის, რომ რასაც ეს ნაცსექტა სჩადის, არის რუსული პროპაგანდის იარაღი საქართველოში! ამას სათავეში უდგას, იქით სააკაშვილი-ალასანია, აქეთ ნაპროკურორალი გვარამია! ზურგს უმაგრებენ მედია-საროსკიპოები: „მთავარი“ თუ დამხმარე „ტვ პირველი“ და ხელშემწყობი „ფორმულა“...
რუსული სპეცსამსახურების ტაქტიკა და სტრატეგია საქართველოში, თუნდაც გრიგოლ ვაშაძის მაგალითზე, მშვენივრად იკითხება. ჯერ ლამის პრეზიდენტად დაგვისვეს ამ ქაჯების მხარდაჭერით, ახლა გვერდზე გაწიეს. დაინახეს, რომ ამოწურა ამ გუნდმა თავისი თავი, ვერ შეასრულეს ნაკისრი ვალდებულებები ჯეროვნად, ამიტომაც მოარიდეს ფავორიტი. შემოინახეს. დარწმუნებული ვარ, ვაშაძე ისევ ამოყვინთავს ქართულ პოლიტიკაში.
- საინტერესოა, ამჯერად ვისთან ერთად? თუ დამოუკიდებლად შეეცდება თამაშს და საკუთარ გუნდს, პარტიას „შეკრავს“?
- ამასაც ვნახავთ. ეს ვნებათაღელვა მალე გადაივლის. მორჩა შალიკოს ფანჩატური. ახლა პარალელურ პარლამენტს შექმნიან და იქ გადაჭამენ ერთმანეთს... სექტებად კი დარჩებიან ალბათ, თუმცა, პოლიტიკური მავნებლობის რესურსი აღარ გააჩნიათ. გამოჩნდებიან ახლა ახალი ძალები, ჩვენს ჩრდილოელ „მეგობარს“ არ სძინავს. მაქარაშვილებს რა გამოლევს ამ ქვეყანაში... გამოძერწავენ ახალ „დემონსტრანტებს“, დაგეგმავენ „გავრილოვის ღამეებს“, ხელს შეუწყობენ კრიზისების გაჩენას, ააგდებენ ასაგდებებს... ჰოდა, აი, მაშინ გამოჩნდება გრიგოლეტო ვაშაძეც... თუმცა, ჩვენც აქ დავხვდებით! ვნახოთ, ვისი აჯობებს! ჯერჯერობით სადაც წავაწყდით, ყველგან მოვუგეთ...