ავტორი სოფო ხუგოიანი
პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია, რომ პოლიტიკურმა დაპირისპირებამ კოალიციაში სრულიად არაადეკვატური ფორმა მიიღო. პრემიერი პოლიტიკურ პარტნიორებს მოუწოდებს, ნებისმიერი სადავო საკითხი მხოლოდ კოალიციის შიგნით განიხილონ; წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და კოალიციის ლიდერი, აუცილებლად განახორციელებს ცვლილებებს, რომლებიც უზრუნველყოფს მთავრობის სტაბილურ ფუნქციონირებას და პოლიტიკური პროცესის ჯანსაღ ჩარჩოებში მოქცევას.
ამ განცხადებასთან დაკავშირებით „რეპორტიორს" ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ესაუბრა. მისი თქმით, პრემიერის განცხადება არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის. თუ კონფლიქტი გაგრძელდება მიუხედავად პრემიერის პრინციპული პოზიციისა, ბუნებრივია ამას მოყვება კოალიციის ლიდერის მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებები.
„პრემიერის განცხადება არის ძალიან მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ეს გასაგები უნდა იყოს განსაკუთრებით იმათთვის, ვინც კონფლიქტი თუ აზრთა სხვადასხვაობა გარე დისკუსიაში გადმოიტანა. შედგა შეთანხმება, რომ კოალიციის შიგნით უნდა მოხდეს ყველა საკითხის გადაწყვეტა. „რესპუბლიკურ პარტიასა" და „მრეწველებს" შორის არსებული უთანხმოება უნდა მოგვარდეს მხოლოდ შიდა დისკუსიის ფორმატში. თუ ეს გაგრძელდება მიუხედავად პრემიერის ძალიან მკაფიო და პრინციპული პოზიციისა, ბუნებრივია ამას მოყვება კოალიციის ლიდერის მხრიდან გარკვეული გადაწყვეტილებები. ეს, რა თქმა უნდა, დაუშვებელია, ჩვენი მოსახლეობა ჩვენგან ელოდება გადაწყვეტილებების მიღებას მათი საჭიროებებიდან გამომდინარე.
თავდაცვის სამინისტროს პირველი პირს და მრეწველებს შორის დაპირისპირება, ბუნებრივია გარკვეულ უხერხულობებს ქმნის, აუცილებელია გარე გარჩევები დასრულდეს და საკითხის გადაწყვეტა შიდა სივრცეში მოხდეს.
პროგნოზს ვერ გავაკეთებ ეს როგორ მოხდება, მაგრამ შესაძლო გადაწყვეტილებები ნიშნავს იმ სიტუაციაში შესაბამის მოქმედებას. ვფიქრობ, პრემიერის განცხადებით დასრულდება პარტიების მხრიდან ცალკეული გამოსვლები", - განაცხადა ბესელიამ.
იხილეთ პრემიერ-მინისტრის განცხადება:
http://reportiori.ge/inside.php?menuid=2&id=1402