კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა მისი წამების საქმეზე პროკურატურაში ძიება გრძელდება. სულხან მოლაშვილის მიმართ ჩადენილ სისასტიკეზე „კვირის პალიტრას" ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ესაუბრა.
„ეს იყო გაუთავებელი პროცესი, რომელიც 2004 წელს მისი დაკავებით დაიწყო და საპატიმროდან მის გათავისუფლებამდე გაგრძელდა. ჩვენ ერთ პერიოდში აღმოვჩნდით ციხეში, მე მალევე ციხის საავადმყოფოში გადამიყვანეს, სულხანი კი იქ იმყოფებოდა. ვერ ვიცანი, არაადამიანურად იყო ნაწამები.
ყოფილი პროკურორი გამოვიდა და თქვა, სულხანი არავის უწამებია, ვარიკოზული დაავადებები ჰქონდაო... სიგარეტის ნამწვავებიც ვარიკოზული დაავადებით იყო გამოწვეული? სულხანზე „ნაციონალური მოძრაობის" სისასტიკემ სრულად გადაიარა. ღამეები არ ეძინა, პატიმრები ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებდნენ. ციხეში საღ-სალამათი შევიდა და იქედან C ჰეპატიტით და განადგურებული ჯანმრთელობით გამოვიდა", - ამბობს დავით მირცხულავა.