როგორც ლექსიკონები განმარტავენ, კლასიკურ ბალეტში ცალკეულ რიტმულ მოძრაობასა და ნაბიჯის გადადგმას პა ეწოდება. აღსანიშნავია, რომ არსებობს ორი სახის პა: ქალისა და მამაკაცის ცეკვას პა-დე-დე ჰქვია, რაც ფრანგულიდან ითარგმნება, როგორც „ორთა ცეკვა“, ხოლო პა-დე-ტრუა „სამთა ცეკვას“ ნიშნავს, რადგან ორი ქალისა და ერთი მამაკაცის მიერ სრულდება.
ვინაიდან მსოფლიოში კოვიდპანდემია მძვინვარებს, თეატრები დაკეტილია და კულტურული ღონისძიებები ვეღარ იმართება, ბალეტის მოყვარულებიც მოკლებული არიან სიამოვნებას, პროფესიონალი მოცეკვავეების მიერ სცენაზე შესრულებულ პა-დე-დესა თუ პა-დე-ტრუას უცქირონ, მაგრამ ჩვენმა საზოგადოებამ გასულ კვირას ცნობილი ქართველი პრიმა-ბალერინის ნინო ანანიაშვილის ქმრის სუპერპოლიტიკური პა იხილა.
საქმე ის არის, რომ ანანიაშვილის ქმარმა გრიგოლ ვაშაძემ ნაცმოძრაობა დატოვა. მეორენაირად და უფრო საინტერესო კონტექსტით რომ ვთქვათ, ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ ნაციონალური მოძრაობა დატოვა.
როცა პარტიას საკუთარი თავმჯდომარე ტოვებს, ეს ნამდვილად სუპერპოლიტიკური ნაბიჯია, ხოლო, როცა ამ ნაბიჯის გადამდგმელი კაცი ბალერინის ქმარია, საქმე გვაქვს სუპერპოლიტიკურ პასთან.
ანანიაშვილის ქმრის სუპერპოლიტიკური პა მორიგი შოკია ნაცმოძრაობისთვის, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ისედაც რეტდასხმულია და საბოლოო მარგინალიზაციის გზას დიდრონი ნაბიჯებით მიუყვება.
რა ლაპარაკი უნდა, რომ გრიგოლ ვაშაძეს ნაცმოძრაობის თავმჯდომარის პოსტი მხოლოდ ფორმალურად ეკავა, რეალურად კი პარტიის ერთპიროვნული მმართველი კვლავ უკრაინაში გაქცეული სააკაშვილია, თუმცა ანანიაშვილის ქმარი ნაცსექტაში რიგითი ფიგურა მაინც არ იყო. სხვა თუ არაფერი, ორიოდე წლის წინათ ნაცების საპრეზიდენტო კანდიდატი გახლდათ და პირველ ტურში ლამის დაამარცხა კიდეც სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.
გარდა ამისა, „ნაცმოძრაობის“ სხვა ლიდერებისგან ვაშაძეს საკუთარი ბიოგრაფია და პოლიტიკური ბეგრაუნდიც გამოარჩევს. მაგალითად, თუ მიხეილ სააკაშვილი საბჭოთა უშიშროების მიერ მკაცრად კონტროლირებადი სასაზღვრო ჯარის ეფრეიტორი იყო და კრემლის კულუარებში ურთიერთობების გასაბმელად საკუთარი ბიძის კაგებეს პოლკოვნიკ თემურ ალასანიას დახმარება სჭირდებოდა, გრიგოლ ვაშაძე რუსული სპეცსამსახურებისთვის იმდენად შინაური და სანდო კაცი გახლდათ, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებზე გაამწესეს: ჯერ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა, შემდეგ კი კოსმოსისა და ბირთვული შეიარაღების განყოფილებაში.
ისიც გავიხსენოთ, რომ 2008 წლის აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო და ჯიბეში რუსული პასპორტი ედო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია მოახდინა, ანანიაშვილის ქმარს რუსეთის მოქალაქეობაზე უარი არ უთქვამს. უფრო მეტიც, სააკაშვილმა ვაშაძე 2008 წლის ნოემბერში საქართველოს კულტურის მინისტრად დანიშნა, ერთ თვეში კი საგარეო საქმეთა მინისტრად გადაიყვანა, მაგრამ ანანიაშვილის ქმარი რუსულ პასპორტს ისევ ინარჩუნებდა. არც სააკაშვილს და არც ვაშაძეს არავითარ უხერხულობას არ უქმნიდა ის ფაქტი, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად რუსეთის მოქალაქე ეჯდა.
ვაშაძესა და სააკაშვილის ხელისუფლებას უხერხულობა არც მაშინ უგრძვნიათ, როცა საქართველოს კულტურის მინისტრად მომუშავე რუსეთის მოქალაქე გრიშამ 2008 წლის აგვისტოს ომიდან სულ რამდენიმე კვირაში ოკუპანტი ქვეყნის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა – ნება დაგვრთეთ, ქართული საბალეტო დასი და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები მოსკოვს გასტროლით ეწვიონო!
გრიგოლ ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობაზე ნაძალადევი უარის თქმა 2009 წელს მოუხდა, როცა რუსეთის დუმის დეპუტატმა ბაღდასაროვმა ერთი ამბავი ატეხა – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რუსული პასპორტი რატომ უნდა ჰქონდესო? მართალია, პუტინის პარტია „ედინაია რასიამ“, რომელიც დუმაში მუდმივად უმრავლესობით არის წარმოდგენილი, ბაღდასაროვის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და ვაშაძეს რუსეთის მოქალაქეობა არ ჩამოართვა, მაგრამ ამდენი ხმაურის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ რუსული პასპორტის შენარჩუნება არამარტო სააკაშვილის ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოსაც ნამეტან უხერხულობას უქმნიდა და ანანიაშვილის ქმარი იძულებული გახდა, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა.
თუმცა, ვაშაძემ ხმამაღლა განაცხადა – სულაც არა აქვს მნიშვნელობა, მედება თუ არა ჯიბეში რუსული პასპორტი, რადგან რუსეთი ისედაც ჩემი ცხოვრების ნაწილია და რუსული კულტურის ადამიანი ვარო!
აი, ამ ყველაფრის ფონზე, ცოტა არ იყოს, არადამაჯერებლად ჟღერს, რომ ანანიაშვილის ქმარმა ნაცმოძრაობის დატოვების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად მისი პარტიის ლიდერების მხრიდან ამერიკის ელჩისა და სხვა უცხოელი დიპლომატების კრიტიკა დაასახელა.
საერთოდ იმას, რასაც ახლა ნაცმოძრაობა აშშ-ის ევროკავშირისა და საქართველოს მეგობარი სხვა ქვეყნების ელჩების წინააღმდეგ სჩადის, კრიტიკა კი არა, ბინძური პოლიტიკური თავდასხმა ჰქვია, მაგრამ გრიგოლ ვაშაძე, თავისი წარსულითაც და აწმყოთიც, ნამდვილად არ არის ის ფიგურა, რომელსაც ანტიდასავლური და რუსეთის წისქვილზე წყლის დამსხმელი პოლიტიკა გულს შეუწუხებს.
ჩვენი ღრმა რწმენით, ანანიაშვილის ქმრის სუპერპოლიტიკური პა, რომელიც მის მიერ „ნაცმოძრაობის“ დატოვებაში გამოიხატა, რეალურად, იმით არის ნაკარნახევი, რომ სააკაშვილის პარტიამ ბოლო 8 წლის განმავლობაში 8 არჩევნები წააგო და 8-ჯერ დადგა ფაქტის წინაშე, რომ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ ბრუნდება, რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად კი რესურსები არ ჰყოფნის.
დიახ, გრიგოლ ვაშაძე „ნაცმოძრაობიდან“ იდეური შეუთავსებლობის გამო არ წასულა, იგი, უბრალოდ, სრულ პოლიტიკურ უპერსპექტივობას გაექცა, რომელიც სააკაშვილის პარტიას, განსაკუთრებით, პარლამენტში არშესვლის შემდეგ, სულ უფრო ცხადად და შემზარავად ეჯღანება.
მოკლედ რომ მოვჭრათ, ანანიაშვილის ქმარმა არ ისურვა პოლიტიკურ სამარეში ჩაჰყოლოდა სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“, რომლებსაც იქიდან „ქართული ოცნებაც“ ვეღარ ამოათრევს.
კიდევ ერთი მიზეზი, რომლითაც ანანიაშვილის ქმარი საკუთარ სუპერპოლიტიკურ პას ასაბუთებს, „ნაცმოძრაობაში“ ოდიოზური პერსონების გამოჩენაა. ჩვენ რომ გვკითხოთ, „ნაცმოძრაობა“ თავიდან ბოლომდე იოდიოზურობის განსახიერებაა, მაგრამ ვაშაძე, როგორც ჩანს, ცალკეულ პერსონებს გულისხმობს, როცა აცხადებს: „ვერ შევეგუები, რომ პარტიის გარშემო და მის შიგნითაც გამოჩნდნენ ისეთი ოდიოზური ფიგურები, რომლებიც ჩვენ კარგა ხანია, თითქოსდა, წარსულს ჩავაბარეთ“.
სავარაუდოა, რომ ანანიაშვილის ქმარს, უპირველეს ყოვლისა, მხედველობაში ჰყავს ვანო მერაბიშვილი, რომელიც „ნაცმოძრაობამ“ საარჩევნო სიაში სწორედ მისი ოდიოზურობისა და სისხლიანი ბეგრაუნდის გამო არ შეიყვანა, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ყოფილი „ხერხემალი“, როგორც ჩანს, პარტიის მართვა-გამგეობაში ჩრდილიდან მონაწილეობს და სანაცეთში დღემდე ბევრ რამეს წყვეტს.
როგორც კარგად ინფორმირებული წყაროები „ჩუხჩუხებენ“, ვაშაძისთვის მიუღებელი იყო ნაცმოძრაობის საარჩევნო სიაში, თანაც გამსვლელ პოზიციებზე, ისეთი პერსონების ჩაწერაც, როგორებიც კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი არიან. ცხადია, ორივე ამ ბიზნესმენმა ნაცების სიაში მოხვედრის სანაცვლოდ დიდი ფული გადაიხადა, მაგრამ, იგივე წყაროების მტკიცებით, ოქრიაშვილისა და ჩოჩელის მთავარი ლობისტი სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო.
ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სია პარტიის შიგნით ვნებათაღელვისა და უთანხმოების მიზეზი რომ გახდა, ამის შესახებ ფართო საზოგადოებამ ჯერ კიდევ თვენახევრის წინათ შეიტყო, როცა მედიაში გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში სალომე სამადაშვილი ამბობდა – სიაში გუბაზ სანიკიძის, მურმან დუმბაძის, და-ძმა ჩხეიძეების, ოქრიაშვილისა და ჩოჩელის ჩაწერით ნაცმოძრაობა მძღ...ში (ცენზურა ჩვენია. რედ) აღმოჩნდა, მე კი სულაც არ ვაპირებ ასეთ სიაში ჩავეწერო და თავზე მძღ...ი (ცენზურა კვლავ ჩვენია. რედ.) საკუთარი ხელით გადავისხაო!
ეს ფარული აუდიოჩანაწერი ჯერ კიდევ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე იყო გაკეთებული, შემდეგ კი, როგორც ვნახეთ, სალომე სამადაშვილი „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო სიაში მაინც ჩაეწერა, ანუ თავზე მძღ...ი მაინც გადაისხა, მაგრამ ეს სულაც არ ცვლის მოცემულობას, რომ სააკაშვილის ნაცში ვითარება არეულია.
საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ „ნაცმოძრაობას“ მალე სხვებიც დატოვებენ და ანანიაშვილის ქმრის სუპერპოლიტიკურ პას სუპერპოლიტიკური ბა-დე-დე და პა-დე-ტრუა მოჰყვება.
ტარიელ ჭანტურია თავის ერთ ლექსში წერს: „დაიქცევა ეს ქვეყანა, დაინგრევა, როგორც ტროა! დაიშლება სიყვარულის პა-დე-დე და პა-დე-ტრუა!“ ქვეყანა არა, მაგრამ ნაცმოძრაობა კი ნამდვილად დაიშლება და დაინგრევა, რაზეც ანანიაშვილის ქმრის სუპერპოლიტიკური პაც მეტყველებს.
ერთ-ერთი პირველი, ვინც გრიგოლ ვაშაძის შემდეგ სააკაშვილის პარტიას დატოვებს, დიდი ალბათობით, სალომე სამადაშვილი იქნება, რომელიც თავზე ქაქის გადასხმას იკმარებს და ნაცმოძრაობასთან ერთად პოლიტიკურ მძღ...ში ჩახრჩობას აღარ მოინდომებს.
ვინაიდან ჩვენ თვალწინ პოლიტიკური აბსურდის თეატრი თამაშდება, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ბოლოს ნაცმოძრაობაში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილი, გუბაზ სანიკიძე, მურმან დუმბაძე, ნატო ჩხეიძე და როსტომ ჩხეიძე დარჩებიან.
ვინც ანანიაშვილის ქმარს არ მიბაძავს და სუპერპოლიტიკურ პას არ გააკეთებს, იმათ ქართველი ხალხი პოლიტიკურ პანაშვიდს გადაუხდის!
ჯაბა ხუბუა