ალუაშვილების ოჯახის ისტორია ის ბედნიერი გამონაკლისია, რომელთა ცხოვრებაც ერთმა კადრმა უკეთესობისკენ შეცვალა. მამა-შვილ ნუგზარ და ომარ (ომიკო) ალუაშვილებს ე.წ. აფრიკის ტერიტორიაზე ფოტო მაშინ გადაუღეს, როდესაც თბილისის მუნიციპალურმა ინსპექციამ მათი საცხოვრებლის სიახლოვეს უკანონოდ აშენებული რამდენიმე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი დაიწყო. ფოტოზე აღბეჭდილია ზამთრის სუსხსა და ტალახში მდგომი მამა-შვილი, რომლებიც იტალიური ნეორეალისტური ფილმების გმირებს უფრო ჰგავდნენ, ვიდრე თანამედროვე რეალობის ადამიანებს. მათმა სასოწარკვეთილმა სახეებმა, განსაკუთრებით 10 წლის ბავშვის მზერამ, ისე ნათლად წარმოაჩინა გაჭირვებული ოჯახის წამყოს სიმძიმე, რომ თბილისის მერმა კახი კალაძემ საკუთარი ოჯახის სახელით ალუაშვილების ოჯახს ბინა შეუძინა.
თავად კახი კალაძემ სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა: „გავარკვიე საღამოსვე, რა პირობებში ცხოვრობს ომარ ალუაშვილი და ჩემი პირადი საჩუქარი ჩემი ოჯახის სახელით იქნება ბინა ამ ოჯახისთვის, ამდენი სიძულვილის, ცილისწამებისა და ტყუილის ფონზე ამ ოჯახის გაბედნიერებაა ჩემთვის დღევანდელი დღის შედეგი“. მეორე დღეს კახი კალაძემ ალუაშვილების ოჯახი თბილისის მერიაში მიიღო, ახლოს გაიცნო და ყოველმხრივ დახმარებას შეპირდა.
ნუგზარ ალუაშვილმა ბინის მესაკუთრის საბუთი გასულ კვირას, 18 დეკემბერს, თბილისის იუსტიციის სახლში მიიღო, საკუთრებაში გაუფორმდა ერთი დღის ვადაში, თან ახლდნენ შვილები – ომარ და ალექსანდრე ალუაშვილები. 27 დეკემბერს ოჯახი ახალ ცხოვრებას დაიწყებს ვარკეთილში, იმედა კახნიაშვილის ქუჩაზე ოთხოთახიან, გარემონტებულ ბინაში.
ვესაუბრებით ამ საოცარი ისტორიის რეალურ გმირს, 10 წლის ომარ ალუაშვილს:
– ბედნიერი ვარ და ძალიან მიხარია, რომ კახი კალაძე ახლოს გავიცანი. მამაჩემს ფეხბურთი უყვარს და ამბობს ხოლმე კახი ძალიან კარგი ფეხბურთელი ი ყო, ბევრი გულშემატკივარი ჰყავდა და ხალხს ძალიან უყვარდაო. ფეხბურთი მეც მიყვარს, კახი კი, მართალია, ფეხბურთს აღარ თამაშობს, მაგრამ კეთილი კაცია, ბინა და ბედნიერება გვაჩუქა!
– როგორ აღმოჩნდა ოპერატორების წინ, რომლებმაც გასულ კვირას მამასთან გადაგიღეს?
– ტელევიზორში თქვეს, აფრიკაში სახლებს ანგრევენო და მე და მამა გარეთ გავედით. ციოდა, მაგრამ თბილად არ ჩამიცვამს, როგორც სახლში ვიყავი, ისევე გავედი, ხელში ჯოხი მეჭირა. მოსული იყო ტელევიზია, შევამჩნიე, რომ მიღებდნენ, მაგრამ არაფერი მითქვამს. მერე ფოტო გაავრცელეს, რომელიც კახიმაც ნახა, მერე მე და მამა მერიაში მიგვიწვია, კანფეტები და ტკბილეული მაჩუქა. ძალიან გამიხარდა, კეთილი და თბილი ადამიანია, მომეფერა, მერე ერთად გადავიღეთ ფოტო.
მარიამ მოდებაძე, 10 წლის, ომარ ალუაშვილის დისშვილი: – როცა ომიკო ტელევიზორში აჩვენეს, მოწყენილი იყო, არც ნორმალურად ეცვა, ამიტომ იყო ასეთი განწირული სახით.
– კახი კალაძემ შენთან შეხვედრის მერე განაცხადა: სინამდვილეში ომიკოს ყველაზე ლამაზი ღიმილი აქვს და სიცილი საოცრად უხდებაო...
ომარ ალუაშვილი: – მერიაში მეც გახარებული ვიყავი, მამაც და ჩემი ძმაც. დედა გარდაცვლილია, თორემ მასაც ძალიან გაუხარდებოდა. მენატრება დედა, მინდა ჩავეხუტო და ვუთხრა, რომ კახი კალაძემ ბინა გვაჩუქა. ამ საახალწლოდ კახისთვის საჩუქარს მეც გავამზადებ და გავახარებ – დავხატავ და იმ ნახატს ვაჩუქებ.
– კარგად ხატავ?
– ვხატავ, მიყვარს ლექსები, მათემატიკა. სკოლაში არ დავდივარ, ამიტომ მენატრებიან ჩემი კლასელები და მასწავლებლები. მამამ მითხრა, როცა სწავლა დაიწყება და სკოლები გაიხსნება, ახალ სკოლაში მიგიყვანო.
– კახი კალაძის გარდა, კიდევ ვის გაიცნობდი?
– გიორგი გახარიას და ბიძინა ივანიშვილს, ისინი კეთილი ადამიანები არიან, მათ ბავშვებთან ერთად ვითამაშებდი ფეხბურთს.
ნუგზარ ალუაშვილი, ომარ ალუაშვილის მამა: – კახი კალაძის მიმართ როგორ გამოვხატო მადლიერება, არ ვიცი, ღმერთმა გაუმარჯოს – სულ გამარჯვების გზით იაროს თავის ოჯახთან ერთად! ბინა გვაჩუქა, შვილები გამიხარა, ახალ წელს ახალ სახლში შევხვდებით.
– რამდენი წელია, რაც აფრიკის დასახლებაში ცხოვრობთ?
– მეორე წელია, მე თვითონ ავაშენე პატარა ოთახი. ადრე მუშტაედის ბაღთან გვქონდა ფართი, იქ ვცხოვრობდით, მუშტაედშივე ვმუშაობდი, „კარუსელების“ ოპერატორი ვიყავი, რაც აქ გადმოვედით, აღარ მაქვს სამსახური, ხანდახან ელექტროგაყვანილობას თუ გავუკეთებ ვინმეს.
– რამდენი შვილი გყავთ?
– ექვსი: თინათინი, ალექსანდრე, სპარტაკი, ლიზი, ომარი და ლუკა, მყავს ასევე ოთხი შვილიშვილი. თინათინი უფროსია, პატარების გაზრდაში მეხმარება, თან თავისი ოჯახიც ჰყავს, მეუღლე ნინო საღინაშვილი 7 წლის წინათ თრომბით გარდამეცვალა, დაკრძალულია კუკიის სასაფლაოზე, კახი კალაძისგან ბინის ჩუქების მერე სასაფლაოზე წავედით და ჩემს მეუღლესაც გავაგებინეთ ეს სასიხარულო ამბავი.
– ომიკო სკოლაში არ დადის, როგორც თვითონ თქვა, სკოლა ენატრება...
– 116-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა, მაგრამ როცა აფრიკაში გადმოვედით, ახალ 131-ე სკოლაში ადგილები აღარ იყო და ბავშვი სკოლაში ვერ მიიღეს. პანდემიის შემდეგ, როცა გაიხსნება, ომიკო ახალ სკოლაში მივა, მეოთხე კლასში.
მომავალი კვირიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებთ, მადლობა კიდევ ერთხელ კახი კალაძეს ჩემი შვილების გახარებისთვის, ვულოცავ შობა-ახალ წელს, წარმატებები არ მოუშალოს ღმერთმა, როცა ეკლესიაში შევალ, მისი ოჯახისთვის ვილოცებ!
ბოლოთქმა: ალუაშვილების ახალი ბინის მისამართია: ვარკეთილი, იმედა კახნიაშივლის №12, მეხუთე სართული, ბინა 18. როგორც ამ ბინის ძველმა მეპატრონეებმა გვითხრეს, 26 დეკემბერს უკვე ბინას დაცლიან და 27 დეკემბრიდან პატარა ომარ (ომიკო) ალუაშვილი და მისი ოჯახი გადავა საცხოვრებლად. ჭერი დაელოცოთ! ახალი წლის წინ თბილისის მერი ის კეთილი თოვლის ბაბუა აღმოჩნდა, რომელიც პატარებს სურვილებს უსრულებს და ოცებებს უხდენს. ღმერთმა უმრავლოს საქართველოს კეთილი ადამიანები!!!
ქეთევან ხამიცაშვილი