logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ოპოზიცია ქუჩაშია გაჭედილი და გამოძრომას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს
- +

23 დეკემბერი. 2020. 00:26

 

 

„ქართული ოცნების“ მხრიდან გაყალბება არ მომხდარა, მაგრამ ხომ არ მუშაობდა გაყალბებაზე თავად „ნაცმოძრაობა“?

გვესაუბრება პოლიტოლოგი, ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე.

 

– ბატონო რამაზ, რა ხდება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, რის მიღწევას ცდილობს ოპოზიცია?

 

– ბზეჟინსკის საქართველოში რომ ეცხოვრა, პოლიტიკას საჭადრაკო დაფას, ნამდვილად არ დაარქმევდა ქართული პოლიტიკის ხელწერა ჭადრაკს არ ჰგავს, ეს უფრო კრივის სტილისტიკაა, თუმცა, ჭკუა კრავსაც უნდა, მაგრამ ჩვენს პოლიტიკოსებში აზრიანი მომენტები გაიშვიათებულია, ეს არის მთელი პრობლემა. როგორც გაირკვა, გასაიდუმლოებულ სიაში ერთ-ერთი მოთხოვნა პლებისციტის ჩატარება გახლავთ, რაც ცოტა გაუგებარია. ოპოზიცია ახალ არჩევნებს ითხოვს, თანაც, იციან, რომ ამის კანონიერი საფუძველი არ არის. ამიტომ, თქვეს კიდეც, მის უდიდებულესობა ხალხს დავეკითხოთ, პლებისციტი დავნიშნოთო. ამ პროცესსაც თავის წესები აქვს, რაც კონსტიტუციაში არის გაწერილი. იგი არაფერს ავალდებულებს, უბრალოდ, პლებისციტის საშუალებით პოლიტიკაში ამა თუ იმ ჯგუფის განწყობები მოისინჯება. მაგრამ, ახლახან, 31 ოქტომბერს ამ ხალხის განწყობები, ხომ გამოაშკარავდა. კი ბატონო, უკლებლივ ყველა არ გავარდნილა არჩევნებზე, არცერთ ქვეყანაში არ არ არის 100 პროცენტიანი დასწრება, მაგრამ არჩევნების ჩატარებულად ჩასათვლელად საჭირო რაოდენობა მივიდა. რა პლებისციტს ვატარებთ?! ანუ ეს კაპრიზის მიხედვით ტარდება და არა კანონის. ვერც კანონი, ვერც პოლიტიკური ლოგიკა, ახლა, პლებისციტის ჩატარებას ვერ გაამართლებს გარდა იმისა, რომ ოპოზიცია ჭირვეულობს. თუკი ოპოზიციის ჭირვეულობის გამო პლებისციტი მაინც ჩატარდება, შედეგად მივიღებთ გაღიზიანებულ ამომრჩეველს. ეს ხალხი ერთი თვის წინ უკვე იყო არჩევნებზე, პლებისციტიც ხომ ისეთივე გამოკითხვას გულისხმობს როგორიც არჩევნებია. გამოდის, რომ ამ ხალხის ერთხელ მისვლას ანგარიშს არ უწევ და ამომრჩეველს პატივს არ სცემ. გაღიზიანებული ხალხი ოპოზიციასაც შეაგინებს და ხელისუფლებასაც და საერთოდ არ მიიღებს პლებისციტში მონაწილეობას. ამ პროცედურის მიმართ პროტესტი გაუჩნდებათ იმიტომ, რომ ეს მათი შეურაცხყოფაა. გამოდის, რომ ხალხის ერთხელ გამოთქმული აზრი არ გაითვალისწინეს, ეს შეურაცხმყოფელია. მეორეც, დავსვათ კითხვა: ვინ უნდა ჩაატაროს პლებისციტი, ისევ საარჩევნო კომისიამ, ხომ? ოპოზიციას ეს საარჩევნო კომისია არ მოსწონს. ვინ და როგორ უნდა გადაირჩიოს ეს საარჩევნო კომისია? ამას იმიტომ ვკითხულობ, რომ თავის დროზე თამარ ჟვანია, სწორედ, ოპოზიციის წარდგენილი კანდიდატურა იყო. მათ ჟვანიას დასამტკიცებლად დიდი ბრძოლა დასჭირდათ. რა გარანტია გვაქვს, როცა ახალ კანდიდატურას დაასახელებენ, მან თუ სასურველი შედეგი არ დადო, ოპოზიცია ისევ მოსყიდულობაზე არ ალაპარაკდება, ისინი ვინც მათ წინააღმდეგაა, ყველას რუსეთის აგენტობაში სდებენ ბრალს. ასე რომ, ამ განაჩენს ვერც ახალი კომისია გადაურჩება. რა შემთხვევაში დათანხმდება ოპოზიცია გინდ არჩევნების შედეგს, გინდ პლებისციტს და ა.შ. ამაზე არ საუბრობს, ოპოზიცია უკან დახევას არ აპირებს, ამიტომ, ყველა ეტაპზე მოსალოდნელია საპროტესტო ტალღამ ისევ იფეთქოს ბოლოსდაბოლოს იქამდე ხომ არ ჩატარდება არჩევნები, სანამ ოპოზიცია არ მოიგებს. პრინციპში, ამ ტიპის პრეტენზიასთან გვაქვს კიდეც საქმე.

 

– ხმების გადათვლას რაც შეეხება, ოქმები ხომ ყველა მათგანს აქვს, გადათვალონ, რა პრობლემაა. ამის უკან სხვა რამ ხომ არ იმალება?

 

– დიახ, მათ, ალბათ, უფრო დესტაბილიზაციის შექმნა სურთ, დიდი ხანია პრეტენზია – გავიმარჯვეთო, აღარ ისმის. ეს ერთი-ორჯერ მიშამ თქვა. ამოცანა არის დესტაბილიზაცია და ის, რომ პროცესი დროში გაიწელოს, სხვა ლოგიკური გამართლება ქუჩაში დაყენებულ მოთხოვნებს, არ აქვს. იმიტომ, რომ იგივე მოთხოვნები შეუძლიათ პარლამენტის ფორმატში გადაიტანონ და ეს საკითხები იქ, დააყენონ, რა პრობლემაა. პოლიტიკოსების მიერ პარლამენტში დაყენებული საკითხები გაცილებით უფრო მეტი წონის არ იქნება, ვიდრე ქუჩაში წამოსროლილი. ესენი ხომ პოლიტიკოსებიც არ არიან, სანამ მათ უფლებამოსილებას პარლამენტი არ დაამტკიცებს. იქამდე, არიან პოლიტიკური მოტივით ქუჩაში მყოფი ხალხი, მეტი არაფერი.

 

– ბატონო რამაზ, ხელისუფლება რომც დასთანხმდეს ხელახალ არჩევნებს, ეს რას გამოიწვევს? ვადა კონსტიტუციით არის განსაზღვრული, გაზაფხულამდე, ალბათ, ვერც ჩატარდება. რა გარანტია აქვთ, რომ ამ დროისთვის მათ სასარგებლოდ იქნება ყველაფერი?

 

– არ მგონია, მათ ასეთი დალაგებული სურათი და შესაბამისად, მიზანი ჰქონდეთ. უფრო ვფიქრობ, რომ მათი სურვილია თავისი გაიტანონ. პლებისციტიც ამის მცდელობაა – თავისას გაიტანენ, მერე, რა მოხდება, ამაზე აღარ ფიქრობენ. ისინი რომ უფიქრდებოდნენ ამ ყველაფერს რა მოჰყვება, ქუჩაში არ გაიჭედებოდნენ. ახლა, ოპოზიცია ქუჩაშია გაჭედილი და გამოძრომას ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს.

 

– ხელახალი არჩევნები ნულოვანი ბარიერით ვეღარ ჩატარდება, რაც წესით, არ უნდა აწყობდეთ იმ წვრილ-წვრილ პარტიებს, რომელთაც ბარიერი გადალახეს.

 

– კი, ასეა, ამ შემთხვევაში, ერთმანეთს სწირავენ. ამ ქუჩის რეჟიმზე ყოფნას, პატარ-პატარა პარტიები ეწირება, თან დიდი ხნით. იმიტომ, რომ ისინი 2024 წლამდე მიაღწევენ თუ არა, კაცმა არ იცის. ფაქტობრივად, გამოდის, რომ ნაცმოძრაობამ საქართველო იმისთვის გაწირა, რომ თავისი კაპრიზი აისრულოს.

 

– 1%-იანი ბარიერი, თითქმის, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ კოლექტიურმა „ნაცმოძრაობამ“ გადალახა, თუმცა, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პარტიები პარლამენტს მიღმა დარჩნენ. ეს, ალბათ, იმის ბრალიცაა, რომ „ქართული ოცნება“ დარწმუნებული იყო, არჩევნებში 63 პროცენტს მივიღებთო, რეალურად ხელთ 48 პროცენტი შერჩათ, 15 პროცენტი სადღაც გაქრა და „ქართული ოცნება“ საკუთარი მხარდამჭერების ნაცვლად, ისევ „ნაცების“ ამარა დარჩა?

 

– გეთანხმებით, თუ გაყალბება მოხდებოდა, ბუნებრივია, „ქართული ოცნება“ ამას თავისი მხარდამჭერი პატარ-პატარა პარტიების სასარგებლოდ გააკეთებდა. გაყალბების შემთხვევაში მაჟორიტარულ არჩევნებში მეორე ტურიც აღარ შედგებოდა. თუნდაც, მეორე ტური შემდგარიყო, გაყალბების შემთხვევაში, შედეგი სულ სხვა იქნებოდა. ბევრგან, ნაცმოძრაობის კანდიდატმა, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებდა, ხმები მაინც მიიღო.

– პარლამენტში შესვლა-არშესვლით ვაჭრობა უკვე ტრაგიკომედიას დაემსგავსა...

კომედიის წინ რა თქვით?

– ტრაგი-კომედიაა-მეთქი.

– აი, მე რაც ტრაგი-ს ნაცვლად მომესმა, მგონი იმას უფრო ჰგავს მათი საქციელი.

 

– ბატონო რამაზ, ბოლოს მინდა გკითხოთ: რა ერთობაზეა საუბარი, ამათ იმედზე უნდა იყოს ქართველი ხალხი?

– როგორც ჩანს, არც ერთობა არ არის დამაჯერებელი და არც მათი იმედი არ უნდა გქონდეს. სანამ სერიოზული პარტიული ძალები არ მომწიფდება და მხოლოდ იმაზე ვიდავებთ: ვის რა პლატფორმა უკავია და არა მათ უნარზე, იქამდე არავის იმედი არ უნდა გვქონდეს. სამწუხარო სურათი ის არის, რომ სახელმწიფოს საჭისკენ მოდიან ადამიანები, რომელთაც უნარი არ აქვთ სახელმწიფოს მართვის კი არა, უმარტივესი რამეების – პატარა ჯგუფის მართვისაც კი. ბრძოლის გამოცდილება აქვთ, ოღონდ, ისეთი რაც თქვენ მოიხსენიეთ – უშარვლოდ და ა.შ. პოლიტიკური კლასის ამ დღეში ყოფნაც სააკაშვილს უკავშირდება. მან პოლიტიკურ თანამდებობაზე დაიწყო ნაცნობების დანიშვნა – ხან თვითმფრინავში გაცნობილის, ხან ქუჩაში და იმ ხალხის წამოწევა, რომლებიც მართლაც თამაშობდნენ პოლიტიკით. გავიხსენოთ, იმერეთის ახალგაზრდა გუბერნატორი, რომელიც ბოთლში კალმისტრის ჩადების თამაშით ერთობოდა. ანუ ეს გუნდი არ იყო მომწიფებული საიმისოდ, რომ ქვეყნის საჭესთან დამდგარიყო. სააკაშვილმა კი ისინი სხვადასხვა საჭეებთან დააყენა. სწორედ, იქიდან იწყება ქართულ პოლიტიკაში არასერიოზულობის ტალღა და კომიკური პერსონების მოზღვავება. ამიტომ, ნაცების განშტოებებსაც არასერიოზულობის ნიშანი ადევთ. ისინი, ხშირად იქცევიან არასერიოზულად, თავშეკავებულად. იდეები აქვთ მარტო იმიტომ, რომ რაღაც თქვან და არა იმიტომ, რომ იდეას შედეგი მოჰყვეს. დღეს ოპოზიციური სპექტრი მომწიფებული არ არის იმისთვის, რომ სერიოზულ პოლიტიკაში იყოს.

 

თამარ შველიძე

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner