საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპონენტები ცდილობენ, სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებულ ცვლილებებზე არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ.
ოხანაშვილის თქმით, დემოკრატიის პრინციპის თანახმად, სახელმწიფო ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ხალხი თავის ძალაუფლებას ახორციელებს საკუთარი წარმომადგენლების მეშვეობით.
მისივე განმარტებით, დემოკრატიის პრინციპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნდამენტია სწორედ ის, რომ პოლიტიკური პარტია, რომელიც იღებს მანდატს, შესაბამისად, იღებს დაკვეთას ამომრჩევლის მხრიდან, რომ განახორციელოს მათი წარმომადგენლობა.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, თუ პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, დემოკრატიის პრინციპს და საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე დემოკრატიის პრინციპს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ასეთ შემთხვევაში დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
„ჩვენ მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, გთავაზობთ, რომ ვიმსჯელოთ საკითხზე, იმ შემთხვევაში, როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა საკუთარი არჩევანი, დაავალა შესაბამის პოლიტიკურ პარტიას შესაბამისი ინტერესების წარმოდგენა და წარმომადგენლობის განხორციელება, თუ პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს ამომრჩევლის ნებას, დემოკრატიის პრინციპს და საბოტაჟს უცხადებს როგორც ამომრჩეველს, ასევე საბოტაჟს უცხადებს დემოკრატიის პრინციპს და პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში დაფინანსების მიზნობრიობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგება.
აქ შესაძლოა, დაისვას კითხვა, რამდენად ვანიჭებთ ჩვენ ამ კანონპროექტით უკუძალას იმ წარმოშობილ ურთიერთობებს, რომელიც აქამდე არსებობდა. ამასთან დაკავშორებითაც ყოველგვარ სპეკულაციას რომ წერტილი დაესვას, დღეს, ყველა პოლიტიკური პარტია, ვინც ცესკო-ში განაცხადი შეიტანა და მოიპოვა დაფინანსება, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და წარმოდგენილი კანონპროექტითაც, არ არის გათვალისწინებული დეკემბრის ან მომდევნო თვეებში პარტიებისთვის დაფინანსების შეწყვეტა, რაც ნიშნავს, რომ ეს კანონპროექტი დაარეგულირებს შემდგომში წარმოშობილ ურთიერთობებს, ეს ნიშნავს, რომ კიდევ მომდევნო 6 თვის განმავლობაში პოლიტიკური პარტიები მიიღებენ დაფინასებას, ჩვენ ამ დაფინასებას არავის ვუწყვეტთ.
თუმცა, უნდა ჰქონდეს თუ არა პოლიტიკურ პარტიას, რომელიც საბოტაჟს უცხადებს საკუთარ ამომრჩეველს, საბოტაჟს უცხადებს დემოკრატიის პრინციპს, პარლამენტს, როგორც კონსტიტუციურ ორგანოს, ამ შემთხვევაში რამდენად მიზნობრივია, რომ რომელიმე პოლიტიკური პარტია ბიუჯეტიდან იღებდეს დაფინანსებას? ჩვენი კანონპროექტით ვამბობთ, რომ ეს არ იქნება მიზნობრივი, ვინააიდან მიზნობრიობა დაკავშირებულია დემოკრატიის პრინციპთან, რაც ნიშნავს, რომ როდესაც ამომრჩეველმა გააკეთა არჩევანი და კონკრეტულ პარტიას მისცა ერთი ხმა, ერთი ნამდვილი ხმა უდრის 15 ლარს, ეს ნიშნავს, რომ კონკრეტულმა ამომრჩეველმა ასევე გადასცა დაფინანსება, ერთი ნამდვილი ხმა 15 ლარის ოდენობთ კონკრეტულ პარტიას.
თუ რომელიმე პარტია უარს ამბობს იმ მინიმალურ სტანდარტზე, უარს ამბობს იმ ვალდებულების შესრულებაზე, რომელიც დააკისრა ამომრჩეველმა და დემოკრატიის პრინციპმა, ამ შემთხვევაში ეს ნიშნავს საბოტაჟს და არა პოლიტიკურ ბოიკოტს, როგორც სურთ ოპონეტებს გააფორმონ და გაასაღონ საზოგადოებაში, ვითომ ისინი იმყოფებიან პოლიტიკურ ბოიკოტში. უნდა გაივლოს წითელი ხაზი, სად იწყება პოლიტიკური ბოიკოტი და სადამდეა ამომრჩევლის და პარლამენტის საბოტაჟი“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა პარლამენტში.