logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავითგარეჯას საქმესთან დაკავშირებით ეჭვები და კითხვები არსებობს, ამიტომ გამოძიებას ევალება, ყველა დეტალი გაარკვიოს
- +

23 დეკემბერი. 2020. 14:37

 

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დავითგარეჯას საქმესთან დაკავშირებით ეჭვები და კითხვები არსებობს, ამიტომ გამოძიებას ევალება, ყველა დეტალი გაარკვიოს.

 

მან დავითგარეჯას საქმესთან დაკავშირებით თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის განცხადებით, „რადიკალური ოპოზიციის მცდელობაა, საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას, როგორც „კარტოგრაფების საქმე“, რაც მიუთითებს, რომ მათი მცდელობაა, საკუთარი დანაშაული დაფარონ“.

 

მამუკა მდინარაძის თქმით, ვერც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი ვერ ისაუბრებს იმაზე, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კონკრეტულად, ვის დაკავებას უნდა ველოდოთ.

 

„არ მაქვს პასუხი, ვის დაკავებას უნდა ველოდოთ. სხვათაშორის, არც ამ და არცერთ სისხლის სამართლის საქმეზე. ასეთი პასუხის გაცემის არათუ ლეგიტიმური, მორალური უფლებაც კი არ მაქვს, ჰიპოთეტურად რაღაცები წარმოდგენაშიც რომ მქონდეს. თუმცა, რაც შეეხება კონკრეტულ საქმეს, რა თქმა უნდა, არსებობს ეჭვები, კითხვები. ფაქტია, რომ საქართველოს ინტერესების, მისი ტერიტორიული მთლიანობის, მისი ტერიტორიების და ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, კონკრეტული გადაწყვეტილების, რბილად რომ ვთქვათ, პროექტი გამზადებული იყო. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, გამოძიებას ევალება, ყველა დეტალი გაარკვიოს და აღმოაჩინოს ყველა ის ობიექტური გარემოება, რის გამოც ჩვენთვის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები შეიძლება გამოსულიყო საბოლოოდ. დანარჩენი, უკვე გამოძიების საქმეა და ამაზე ვერც ერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი კონკრეტულ მინიშნებას ვერ მოგცემთ. რაც შეეხება იმას, რომ თავდაცვის მინისტრმა დავალება მისცა პროკურატურას, ეს არის ტყუილი, რომელიც უდავოა, რომ ვიღაცის ინტერპრეტაციის ნაყოფია“,- განუცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებს.

 

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, „რადიკალურ ოპოზიციას” აქვს მცდელობა დავითგარეჯას საქმეში საკუთარი დანაშაული დაფაროს.

 

როგორც ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიცია ცდილობს, აღნიშნულ საქმეს „კარტოგრაფების საქმე“ დაერქვას.

 

შეგახსენებთ, რომ დავითაგარეჯას საქმეზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა არიან დაკავებულები. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებით.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner