logo_geo
eng_logo
ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი იწყება
- +

4 ივლისი. 2016. 19:00



5 ივლისს, 19:00 საათზე, ოზურგეთის დრამატულ თეატრში, ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი საპრემიერო სპექტაკლით „ბოშები"გაიხსნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.


სპექტაკლი „ბოშები" რეჟისორმა გიზო ჟორდანიამ ოზურგეთის თეატრის დასთან ერთად დადგა; სპექტაკლზე ასევე მუშაობდნენ კომპოზიტორი გომარ სიხარულიძე და სცენოგრაფი ლომგულ მურუსიძე.


ოზურგეთის დრამატული თეატრი ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს 5 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლით უმასპინძლებს. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს თორმეტი (მათ შორის სახელმწიფო და კერძო თეატრები) და ერთი ლიტვური (ქ. პანევეჟისი) თეატრი, რომელიც საპატიო სტუმრის სტატუსით, ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლს „გამარჯობა ხალხო" (რეჟისორი ვასო ჩიგოგიძე) წარმოადგენს.


ფესტივალი აერთიანებს სხვადასხვა თეატრებში ნოდარ დუმბაძის ნაწაროებების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს. ათი დღის განმავლობაში მაყურებელი დუმბაძის ნაწარმოებების განსხვავებულ ინტერპრეტაციებს იხილავს. ფესტივალს დახურავს ქართულ-ლიტვური კოპროდუქცია - ოზურგეთისა და პანევეჟისის თეატრების ერთობლივი სპექტაკლი „გამარჯობა ხალხო". სცენაზე ნოდარ დუმბაძის პოპულარულ და ყველასთვის საყვარელ პერსონაჟებს ლიტველი და ქართველი მსახიობები ერთდროულად გააცოცხლებენ.


ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსიები გურიის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად და კრიტიკოსთა შეხვედრები პრესასთან.


14 ივლისს, ნოდარ დუმბაძის დაბადების დღეს, დაგეგმილია მწერლის  იუბილეს აღნიშვნა -  ჩოხატაურში, ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმში, ჩოხატაურის სახალხო თეატრის სპექტაკლის ჩვენება გაიმართება.


ნოდარ დუმბაძის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი წელს პირველად იმართება და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ოზურგეთის მერიის  მხარდაჭერით ყოველწლიური გახდება.


ფესტივალის დამფუძნებლები: ოზურგეთის თეატრი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინინსტრო, ქ. ოზურგეთის მერია.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner