„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არა ორი და სამი, არამედ მეტი ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ამის მტკიცების საშუალებას მაძლევს ის ძალიან დიდი სივრცე, რაც მანევრირებისთვის აქვს „ქართულ ოცნებას“. რადგან ოპოზიციას არავითარი სივრცე არ აქვს მანევრირებისთვის, მათ ისეთ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, რომ ახლა არჩევანი უნდა გააკეთონ ცუდსა და უარესს შორის. მათთვის ცუდია პარლამენტში შემოსვლა, რადგან ძალიან მაღლა ასწიეს თამასა და მათთვის უარესია ბუნებრივია არშემოსვლა, რადგან მცირე სივრცე აქვთ მანევრირებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ავთანდილ ენუქიძის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, კობახიძე აცხადებს, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ ანალოგიური გადაწყვეტილება, სხვა პარტიების წარმომადგენლებმაც მიიღონ.
„პატრიოტთა ალიანსის“ სიის მეოთხე ნომერმა, ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა, რომ პარლამენტში შედის.