„2012 წლამდე საქართველო იყო დესტაბილიზაციის წყარო, 2012 წლის შემდეგ საქართველო ამ კუთხით პოზიტიური წვლილის შემტანი გახდა რეგიონში“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის დროს პრეზიდენტის განცხადებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.
„2012 წლამდე საქართველო იყო დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში და ამის საუკეთესო გამოხატულება იყო 2008 წლის ომი, რომელშიც ჩაითრია ქვეყანა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომლის საფუძველზეც ჩვენ დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიების 20%. საქართველო 2012 წლამდე იყო დესტაბილიზაციის წყარო რეგიონში, 2012 წლის შემდეგ საქართველო ამ კუთხით პოზიტიური წვლილის შემტანი გახდა რეგიონში. სტაბილურობის და უსაფრთხოების კუთხით სქართველოს მხოლოდ და მხოლოდ დადებითი წვლილი შეაქვს და ამ მიმართულებით რა თქმა უნდა, ჩვენი ძალისხმევა უნდა გაგრძლდეს. რაც შეეხება კონკრეტულ ინიციატივებს, ამას სჭირდება ჩაღრმავება და განხილვა,“- განაცხადა კობახიძემ.
ცნობისათვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრის, „ელჩების კონფერენცია 2020"-ის გახსნის ცერემონიაზე, ქართველ დიპლომატებს სიტყვით მიმართა, სადაც ასევე რეგიონულ ჭრილშიც.
„მეორე გამოწვევა, ამ წლის, იყო კონფლიქტი ჩვენს რეგიონში - ძალიან დიდი გამოწვევა. კიდევ ერთხელ მინდა მივესალმო იმას, რასაც ადრეც მივესალმე - ანუ მშვიდობის აღდგენას, რაც ჩვენთვის და არამხოლოდ ჩვენი მეზობლებისთვის, ყველასთვის, სამივესთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მთლიანი რეგიონის კეთილდღეობა და განვითარება ამაზეა დამოკიდებული - მშვიდობაზე და სტაბილურობაზე. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ყველანი ჩართულები იყვნენ ამ მიზნის მიღწევაში, ყველა ფასილიტატორი, ყველა - ჩვენს გარდა! ეს ძალიან სამწუხაროა. სწორედ ყველას ერთად თავმოყრის შესაძლებლობა იყო საუკუნეების მანძილზე საქართველოს ისტორიული როლი კავკასიაში .... და არის!. სწორედ ამიტომ მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ საქართველო კავკასიური პლატფორმის ინიციატივის მიმართ ვერ იქნება ვერც პასიური და ვერც მეორეხარისხოვანი. ვიმედოვნებ, რომ 2021 წელი იქნება ამ კუთხით ჩვენი გაცოცხლების წელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.