მთავრობა პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვების შემსუბუქება 2 იანვრამდე იმოქმედებს.
„მოგეხსენებათ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგიებთან, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებთან, დაწესებული შეზღუდვების 24 დეკემბრიდან შემსუბუქების მიზანშეწონილობაზე. ყველა კარგად ვხედავთ, რომ 28 ნოემბრიდან დაწესებულმა შეზღუდვებმა იქონია პირდაპირი გავლენა ინფიცირების გავრცელების შენელებასა და ეპიდვითარების დასტაბილურებაზე. ინფიცირების დღიური მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, ინფიცირების დონე მაინც რჩება მაღალი. მხოლოდ დღეს ინტენსიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა ინფიცირების 3064 შემთხვევა, საავადმყოფოებში მკურნალობს 6358 მოქალაქე.
შესაბამისად, თითოეული ჩვენგანის, როგორც ხელისუფლების, ისე კერძო სექტორისა და თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, გავუფრთხილდეთ მიღწეულ შედეგს და იმ ფასს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა იხდის. ამიტომ, საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხორციელდეს სრული მოცულობით:
მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00დან 19:00 საათამდე, მომხმარებელების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით, რისთვისაც:
მაღაზიის ფართის ყოველ 20მ2 დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებელი; მაღაზიების როგორც შიდა, ასევე მაღაზიის გარე სივრცეში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მართვა;
ფასდაკლებების აქციები გამოცხადდეს ძირითადად დილის საათებში ან/და ონლაინ გაყიდვების შემთხვევაში;
ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებენ გასახდელები. ამასთან მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა ერთი თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ 1 თებერვლის შემდეგ. სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გადატანის სერვისით ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.