logo_geo
eng_logo
ტოკიოს პროკურატურამ გადაწყვიტა, ყოფილ პრემიერ სინძო აბეს ბრალი არ წარუდგინოს
- +

24 დეკემბერი. 2020. 10:54

 

 

ტოკიოს პროკურატურის სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა გადაწყვიტა, არ წარუდგინოს ბრალი ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, სინძო აბეს, რომელსაც გამოძიება ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვაში და პოლიტიკური ფონდების შესახებ კანონმდებლობის დარღვევას ედავებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ავრცელებს.

 

ამავე საქმეზე პროკურატურამ ბრალი სინძო აბეს ყოფილ უფროს მდივანს, 66 წლის ჰიროუკი ჰაიკავას წარუდგინა.

 

გამოძიება უკავშირდება 2013-2019 წლებში ტოკიოს ერთ-ერთ სასტუმროში სინძო აბეს მომხრეთა ყრილობების ჩატარებას. მომხრეები თავად ფარავდნენ კვების ხარჯებს, მაგრამ ეს თანხა საკმარისი არ იყო და ყოფილი პრემიერის ფონდებიდან ამ მიზნებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების გარეშე სულ მცირე 40 მილიონი იენი (დაახლოებით 387 ათასი დოლარი) დაიხარჯა.

 

მსგავსი ქმედება შეიძლება შეფასდეს როგორც კანონდარღვევა და ამომრჩეველთა მოსყიდვა. ამ მუხლით გათვალისწინებულია სასჯელი 1 მილიონი იენის ოდენობის ჯარიმის ან 5 წლამდე პატიმრობის სახით. ოპოზიცია 66 წლის სინძო აბეს პარლამენტში დაბარებას და დაკითხვას ითხოვს.

 

სინძო აბე მთავრობის მეთაურის პოსტს 2012 წლის დეკემბრიდან 2020 წლის სექტემბრამდე იკავებდა. მან თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner