ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, ოპოზიციას მოუწოდა, შევიდნენ პარლამენტში და დემოკრატიული ინსტიტუტების გამოყენებით განაგრძონ ბრძოლა სისტემური ცვლილებებისთვის.
როგორც ელჩმა აღნიშნა, არჩევნები აღარ უნდა ჩატარდეს იმავე სისტემით, რამაც ადრე არ გაამართლა, ამისთვის კი, საჭიროა, საკონსტიტუციო ცვლილება და, შესაბამისად, ოპოზიციის შესვლა პარლამენტში.
„არ დაიგეგმება არჩევნები იმავე სისტემით, რაც ადრე არ მუშაობდა კარგად. ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი იყოს პარლამენტში, მიიღონ საკონსტიტუციო ცვლილება და იბრძოლონ ცვლილებისთვის პარლამენტის შიგნიდან. არსებობს დემოკრატიული ფორმატი. ახლა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს სჭირდებათ გამოიყენონ ეს ფორმატი დემოკრატიის გასაუმჯობესებლად.
შარშან ზაფხულშიც აქტიურად ვმუშაობდით პარლამენტთან საარჩევნო რეფორმის პაკეტის გაძლიერებაზე, რომელიც ახლახან მიიღეს, თუმცა ხმამაღლა გამოვთქვი ისიც, რომ ამ პაკეტში არ იყო შესული ის რეკომენდაციები, რომელიც ოდირმა და სხვა ექსპერტებმა შესთავაზეს.
ახლა ჩვენ ვხედავთ შანსს, რომ საბოლოოდ მოგვარდეს პრობლემები, რომლებიც გამოყვეს ოდირისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მაგრამ, ეს მოითხოვს, რომ ყველა წევრი მივიდეს პარლამენტში და იბრძოლოს ცვლილებებისთვის იმ ინსტიტუტების შიგნით, რომელიც მათ შექმნეს და ააშენეს. ამიტომ, მოვუწოდებთ მათ, როგორი ხარვეზებიც არ უნდა ჰქონდეთ ამ ინსტიტუტებს და როგორი სუსტებიც არ უნდა იყვნენ ისინი ოპოზიციის თვალში, ეს არის დემოკრატიული ფორმატი, რომლის აშენებასაც საქართველომ 20 წელი მოანდომა. ამიტომ, გვინდა ის გამოიყენოთ, რომ სისტემა უკეთესი გახდეს,"- განაცხადა ელჩმა.