სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატი ლევან დავითაშვილი განმარტავს, რატომ გაიხსნა სავაჭრო ობიექტები და არ გაიხსნა ღია ტიპის ბაზრობები.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება ეფუძნება ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებს, რადგან სავაჭრო ცენტრებში წესრიგისა და სანიტარული ნორმების დაცვა ბაზრობებთან შედარებით მეტადაა შესაძლებელი.
„ჩვენთვის ძალიან მძიმეა ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვების დაწესებას ან მოხსნას უკავშირდება. აქ სოციალური სამართლიანობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია - გვესმის ეს ამბავი. მაგრამ იმის გამო, რომ ჩვენთვის ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლეა პრიორიტეტი, ჩვენი გადაწყვეტილებები ეყრდნობა ეპიდემიოლოგების რჩევებს. იქ, სადაც მეტად შესაძლებელი იქნებოდა წესრიგის, სანიტარული ნორმების დაცვა და რიგების კონტროლი - ეს პასუხისმგებლობა განესაზღვრათ მოლებს, თუ ეს ასე არ იქნება, შრომის ინსპექციას მყისიერი რეაგირება აქვს დავალებული. ამიტომ აღსრულების მეტი სივრცე არსებობს ბაზრობებთან შედარებით. გვესმის, რომ ბაზრობები ზიანდება, ამიტომ დახმარების პაკეტის ნაწილი ესეც იყო, როდესაც ჩვენ ბაზრობებზე მომუშავე ადამიანების სოციალურ კომპენსირებას ვითვალისწინებთ, რადგან გვესმის, რომ ამ ადამიანებს ვაზიანებთ, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ეპიდემიოლოგების რჩევებს“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, დღეიდან, 24 იანვრიდან 2 იანვრის ჩათვლით სავაჭრო ცენტრებს მუშაობის განახლების შესაძლებლობა მიეცათ, თუმცა, ღია ტიპის ბაზრობებს ფუნქციონირება კვლავ აკრძალული აქვთ.