logo_geo
eng_logo
კახა კახიშვილი: თბილისის მერია ძალიან ბევრ სტადიონს აშენებს, ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება
- +

24 დეკემბერი. 2020. 17:47

 

პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი, პლენარულ სხდომაზე სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებს შეეხო.

 

კახიშვილმა პრმიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მიმართა, ხომ არ არსებობს სამართალდამცავთა სისტემის თანამშრომლების სოციალური გარანტიების პაკეტი, რამდენადაც ისინი ურთულესი სისტემის თანამშრომლები არიან და მათ ეს განსაკუთრებით სჭირდებათ.

 

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია სამართალდამცავი სისტემის დაღუპული თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრების სოციალური გარანტიები.

 

„გმირი უნდა იყოს მაგალითი და გმირის ოჯახი უნდა იყოს დაფასებული, რათა ადამიანებმა ნახონ, სახელმწიფო ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვეს ქვეყნის ინტერესები“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

კახა კახიშვილი ასევე შეეხო ქუჩის სპორტის პოპულარიზაციას და განაცხადა, რომ ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება.

 

„მინდა, გთხოვოთ, იქნებ, რაიმე გეგმა გვქონდეს ჩვენ ქუჩის სპორტის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ მერია ძალიან ბევრ სკვერსა და სტადიონს აშენებს თბილისის უბნებში, მაგრამ ამავდროულად ცუდი არ იქნება, თუ ქუჩის მწვრთნელების პროგრამა ამოქმედდება. მაგალითად, არ არსებობს, რომ სადაც სკვერი და სტადიონია იმ კორპუსში მწვრთნელი არ ცხოვრობდეს და სიმბოლურ თანხად ამეცადინებდეს ბავშვებს საღამოობით, ეს იქნება კარგი და მე ვფიქრობ, უფრო მეტ ტალანტს აღმოვაჩენთ“, - განაცხადა კახიშვილმა.

 

დეპუტატმა ვეტერანების დახმარებასთან დაკავშირებით საკითხი დააყენა. კერძოდ, მისი თქმით, „სამწუხაროდ ვეტერანები გაყვეს „ჩემს ვეტერანებად“ და „სხვის ვეტერანებად“ და არ არის გათანაბრებული მათი დახმარება, რაც უბრალოდ უხერხულია.

 

„ამ კუთხით, ხომ არ ვიფიქროთ ჩვენ, რომ ერთიანი სტაბილური სისტემა შევქმნათ ვეტერანების დასახმარებლად“, - აღნიშნა კახიშვილმა.

 

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დეპუტატმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს მიმართა, შშმ პირებს ეხებოდა. კახიშვილის განცხადებით, დღევანდელი მოქმედი რეგულაციით, ისინი 18 წლამდე იღებენ დახმარებას. შემდეგ კი სასამართლოს მეშვეობით უნდა დაამტკიცოს მშობელმა, რომ არის მზრუნველი, რაც რა თქმა უნდა, ურთულესი პროცედურებია.

 

„ამაზეც ხომ არ ვიფიქროთ? რაც უფრო იზრდება ადამიანი, მით უმეტეს შეზღუდული შესაძლებლობის პირი, ოჯახს ხარჯი ემატება და ვფიქრობ, არალოგიკურია, რომ დახმარება მხოლოდ 18 წლამდეა“, - განაცხადა კახიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner