„სულხან მოლაშვილის საქმეზე მე 22 ივნისს დავიკითხე. მაშინ - როცა მოლაშვილი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო," - განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა, მაია ნიკოლაიშვილმა გადაცემა 2030-ში.
"ჩემი დაკითხვა ჩემს მიერ 2004 წელს გაცემულ დასკვნას ეხებოდა. სულხან მოლაშვილის პირადი გასინჯვა დაზიანებების მიღებიდან დაახლოებით, 2 თვის შემდეგ მოვახდინე. გამოძიება ასევე დაინტერესდა სულხან მოლაშვილის ნაამბობით, რომელიც მან პირადი შეხვედრისას მიამბო და აგრეთვე - სამედიცინო დოკუმენტებით, რომელიც გამოვითხოვე", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.
მისი თქმით, სულხან მოლაშვილს ფეხზე მიყენებული დაზიანებების შესახებ საუბარი არ უნდოდა და ცდილობდა, ამის შესახებ არავის გაეგო.
"სულხან მოლაშვილს დაზიანებები აღენიშნებოდა ზურგზე, ნაწიბურების სახით, რაც თერმული ზემოქმედების კვალი იყო და შესაძლებელია, იმ პირობებში წარმოქმნილიყო, რაზეც მოლაშვილი ჩემთან საუბარში მიუთითებდა. კერძოდ იმაზე, რომ მას ამ მიდამოებში სიგარეტს აწვავდნენ. მას დაზიანებები ტერფის მიდამოებშიც აღენიშნებოდა, მაგრამ ფეხზე მიყენებული დაზიანებების შესახებ საუბარი არ უნდოდა და ცდილობდა, ამის შესახებ არავის გაეგო, რადგან როგორც მითხრა, ოჯახის წევრებზე ზემოქმედებით დაემუქრნენ", - განაცხადა სამედიცინო ექსპერტმა.
როგორც მან აღნიშნა, ყოფილი ხელისუფლების პირობებში, თვითდაზიანებაზე არც ერთი ექსპერტიზა არ ჩატარებულა, სადაც შეიძლებოდა დადგენილიყო, იყო თუ არა შესაძლებელი საკუთარი ხელით არსებული დაზიანებების მიყენება.
"ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დღესას აგრძელებენ საუბარს იმაზე, რომ სულხან მოლაშვილს თვითდაზიანებები ჰქონდა, მაგრამ ეს მათი მხრიდან თავდაცვაა. თვითდაზიანებაზე არც ერთი ექსპერტიზა არ ჩაუტარებიათ, სადაც შეიძლებოდა დადგენილიყო, შეიძლებოდა თუ არა საკუთარი ხელით ასეთი დაზიანების მიყენება. ამის იმდენად ეშინოდათ, რომ ექსპერტიზა არც კი ჩაატარეს. როცა დასკვნას ვწერდი, ამ ყველაფერზე ვფიქრობდი, ეს ყველაფერი გათვლილი იყო. სულხან მოლაშვილს სხეულზე ისეთი დაზიანებები ჰქონდა, რომელთა მიყენება საკუთარი ხელით გამორიცხული იყო", - განაცხადა მაია ნიკოლაიშვილმა.