logo_geo
eng_logo
აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა დაამტკიცა
- +

25 დეკემბერი. 2020. 12:12

 

 

14 ხმით აჭარის უმაღლესმა საბჭომ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა დაამტკიცა. წინააღმდეგი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გასული დეპუტატი ირაკლი ჩავლეიშვილი იყო. ის სხდომას დღეს პირველად დაესწრო.

 

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცებულმა, თორნიკე რიჟვაძემ მადლობა გადაუხადა საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის.

 

„მინდა, მადლობა გადავუხადო უმაღლეს საბჭოს გამოცხადებული ნდობისთვის. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით აჭარის მოსახლეობას, რომელმაც ნდობა გამოგვიცხადა, რომ შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში მათთან ერთად ვიმუშაოთ მათი პრობლემების გადასაჭრელად“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

მისი თქმით, მოკლევადიან პერსპექტივაში მთავარ ამოცანას წარმოადგენს ეპიდემიის დასტაბილურება და ლოკალიზება.

 

„დღეს საბედნიეროდ, კიდევ უფრო დადებითი დინამიკა გვაქვს; ორნიშნა რიცხვს დავუბრუნდით ახალი ინფიცირების შემთხვევების მხრივ და ეს საქმე არის ბოლომდე მისაყვანი, მინიმალური დანაკარგებით.

 

ამის პარალელურად, არ უნდა დაგვავიწყდეს აჭარის მოსახლეობა, რომელთა ყოველდღიური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად მძიმდება. ამისთვის ჩვენ უკვე გადავდგით და გადავდგამთ შესაბამისი ნაბიჯები, როგორც მათი უზრუნველყოფა ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ ამ პანდემიის დროს. ასევე, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი მთავრობის სამოქმედო გეგმა წარმოდგენილია საკმაოდ ამბიციურად, მაგრამ რეალისტურად, რომელიც მიზნად ისახავს ყოველდღიურად ეკონომიკის  ექვს და ხუთპროცენტიან ზრდას, ასევე აჭარის ეკონომიკის გაზრდას 30%-ით 2024 წლისთვის. ამას ემატება უმუშევრობის შემცირება, რომელიც პანდემიის დროს დამძიმდა. ჩვენ გვმართებს შესაბამისი ღონისძიებების გატარება ამ მიმართულებით. ფერმერები, გლეხები სოფლად უფრო მეტად იგრძნობენ ჩვენი პროგრამებისა და იმ მხარდაჭერის ეფექტურობას, რომელსაც განვახორციელებთ.

 

რეგიონი განათლების მიმართულებით უნდა დარჩეს კვლავაც სამაგალითო. როგორც ინფრასტრუქტურის ასევე მასწავლებლების, პედაგოგების ზრუნვის თვალსაზრისით ჩვენ ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, ეკონომიკის გაუმჯობესებასთან ერთად, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ მათ პირობებს.

 

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ხელისუფლების განხორციელების ნაწილში ბრძოლის წინა ხაზზე დგანან ჩვენი ექიმები, სამართალდამცველები და ყველა ერთად ვიმუშავებთ ძალიან ბევრს, რომ ამ ქვეყნის ყველა მოქალაქემ იგრძნოს მთავრობის, სახელმწიფოს გვერდში დგომა“, – განაცხადა რიჟვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner