შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კოვიდ 19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს განაგრძობს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თბილისში, 2 კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქე: 1982 წელს დაბადებული ბ.ჯ. და 1985 წელს დაბადებული ა.კ. იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის დააჯარიმეს.
ბ.ჯ. კოვიდ-აღრიცხვაზე 2020 წლის 15 დეკემბრიდან იმყოფება, ხოლო ა.კ. – 20 დეკემბრიდან. ორივე მათგანზე სპეციალისტებმა თვითიზოლაციის რეკომენდაცია გასცეს. მიუხედავად ამისა, აღნიშნულმა მოქალაქეებმა თვითნებურად დატოვეს იზოლაციის ადგილი.
სამართალდამცველებმა კოვიდ-ინფიცირებული ა.კ. იმ დროს დააჯარიმეს, როდესაც იგი ვარკეთილის დასახლებაში ავტომობილით გადაადგილდებოდა. რაც შეეხება კოვიდ-აღრიცხვაზე მყოფ ბ.ჯ.-ს, ის თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე, ქვეითად გადაადგილებისას დაჯარიმდა.
პოლიციამ ორივე კოვიდ-ინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 421-10 მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისთვის 2000-2000 ლარით. დაჯარიმების შემდეგ, ისინი კოვიდ-სასტუმროში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, დაიცვან კანონი და დაემორჩილონ დაწესებულ რეგულაციებს.