„ვისაც ხელფასის ჩარიცხვა არ უნდოდა, ის საკუთარ მონაცემებს, ანგარიშებს გამოიტანდა, ვისაც ჩარიცხვა უნდოდა, იმან დატოვა. ვიღაცას ჩაერიცხა და მერე გაიგო, არ მიაქციეს ყურადღება და ამისგან რა სკანდალის შექმნას ცდილობენ, არ ვიცი“,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ხელფასის ჩარიცხვის თაობაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დეპუტატების ნაწილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრიც იყო, შესაბამისად, მათი საბანკო ანგარიშები პარლამენტის აპარატს ჰქონდა.
„ვინც იყო წინა, მეცხრე მოწვევის პარლამენტში, იმათ თავისი ბუღალტრული მონაცემები, ანგარიშები წარდგენილი აქვთ და ავტომატურად ჩაერიცხათ. ზოგმა დააბრუნა, ზოგმა არ დააბრუნა, ვისაც უნდა დააბრუნებს, ვისაც უნდა დაიტოვებს, ვინც ახლები არიან და ანგარიშები არ წარუდგენიათ, რასაკვირველია, იმათ არ ჩაერიცხებათ, ვისი ანგარიშებიც ბუღალტერიაში აქვთ, იმათ ჩაერიცხათ. ბუღალტერიამ ყველას მიმართა წარმოედგინათ ეს დოკუმენტი, ეს ნიშნავს, რომ ვისაც არ უნდა, ხელფასი ჩაერიცხოს, ის გამოიტანდა თავის მონაცემებს, ანგარიშებს, ვისაც უნდა, რომ ჩაერიცხოს, იმან დატოვა. ვიღაცას ჩაერიცხა და მერე გაიგო, არ მიაქციეს ყურადღება და ამისგან რა სკანდალის შექმნას ცდილობენ, არ ვიცი. ზოგს არ აინტერესებს, რამდენი აქვს და როგორ აქვს, ზოგს აინტერესებს და უნდა, რომ ჰქონდეს ჩარიცხული, მიაჩნია, რომ ეკუთვნის. ეს პოლიტიკური თემა არ არის, ბუღალტერიის საკითხია“, - განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისათვის, აღნიშნულ საკითხზე განცხადება პარლამენტის აპარატმაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ დეპუტატებს, რომელთაც არ სურთ ხელფასის აღება, შესაბამისი წერილით პარლამენტს უნდა მიმართონ. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ხელფასი, კანონის დაცვით, მხოლოდ მათ ჩაერიცხათ, რომლებიც მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრებიც იყვნენ და მათი რეკვიზიტები სისტემაში დაფიქსირებული იყო.