logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ჯეჯელავა: ინტერნეტში შუა საუკუნეების სკოლა რომ ნახოთ, გეგონებათ დღევანდელია...
- +

5 ივლისი. 2016. 02:48


„არსებობს ასეთი გამოთქმა, რომ სკოლა ძალიან საინტერესო ადგილია, სადაც ბავშვებს, რომლებიც იცხოვრებენ მომავალში, რომელიც არ ვიცით როგორი იქნებაასწავლიან ხანში შესული ადამიანები, რომლებმაც განათლება დიდი ხნის წინ მიიღეს და ეს ყველაფერი შუა საუკუნეებში გამოგონებული ფორმატით ხდება", - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.


"ამ გამოთქმაში კოდირებულია განათლების სისტემის მთავარი პრობლემა და გამოწვევა, რომლითაც ძველმა ხალხმა ახლებს მომავალში ცხოვრება უნდა ასწავლოს, რაც ძალიან ძნელია. მითუმეტეს, თუ ეს მომავალი, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ყოველდღიურად იცვლება. პრობლემა შუა საუკუნეების ფორმატშია. ინტერნეტში შუა საუკუნეების სკოლა რომ ნახოთ, გეგონებათ დღევანდელია - სახაზავიანი მკაცრი მასწავლებელი, მოსწავლეები მერხებთან და ასე შემდეგ. თანამედროვე გარემო ასეთი არ არის. ბევრ ქვეყანაში სკოლა კლუბს გავს - „პუფებითა" და თავისუფალი ატმოსფეროთი", - განაცხადა ჯეჯელავამ.


მისი თქმით, დღეს, ჩვენს სკოლებში ბავშვები ძალიან დატვირთულები არიან. მსოფლიოში ტენდენცია კი იქით მიდის, რომ შუა ეტაპზე სკოლა უფრო მეტად სახალისო იყოს.


„ბავშვები ძალიან დატვირთულები გვყავს. მსოფლიოში ტენდენცია იქით მიდის, რომ სკოლა, შუა ეტაპზე, სანამ უმაღლესი მოახლოვდება, უფრო მეტად სახალისო იყოს. დღეს სახალისო ნაწილი საკმარისი არ არის და ბავშვებს სკოლა მასობრივად არ უყვართ. იმ სკოლებში, სადაც ტექნოლოგიები, გუნდური და საპროექტო მუშაობა არის, ბავშვებს მიუხარიათ", - განაცხადა განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.


როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლებს სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ.


„მჯერა, რომ ჩვენ  ძალიან მაგარი მასწავლებლები გვყავს და მათ სწორი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობა უნდა მივცეთ . ვაპირებთ, ყველა რეგიონში გაჩნდეს მეტი სერტიფიცირებული სასწავლო ცენტრი  და მასწავლებელს ჰქონდეს საშუალება, ტრენინგების მისაღებად გრძელ რიგში არ იდგეს. გარდა ამისა, უნდა გამოვიყენოთ ონლაინრესურსები, რითაც მასწავლებლები თვითგანვითარებას შეძლებენ.

 

მასწავლებელთა ანაზღაურების საკითხი აუცილებლად გადაიხედება. მეორე მხრივ, მოტივაცია მხოლოდ ანაზღაურებით არავითარ შემთხვევაში არ მიიღწევა. თუ მასწავლებელს პიროვნული დაფასება არ დავუბრუნეთმას ხუთჯერ მეტიც რომ გადავუხადოთ, მოტივირებული არ იქნება. საბაზო ხელფასი უნდა გაიზარდოს, ეს გარდაუვალი აუცილებლობაა, მეორე მხრივ კი, შედეგზე მიბმული გამომუშავების არსებობაც აუცილებელია. მასწავლებლებს არ უნდათ შეშინება და დაძალება, მათ ასპარეზი უნდათ. მე მინდა, სისტემა მთლიანად შემოვატრიალოთ. არავის არსად არ გავუშვებთ. თუ მასწავლებელი სურვილს გამოთქვამს, განვითარდეს, ისწავლოს და სკოლაში დარჩეს, ჩვენ მას ამის საშუალებას მივცემთ. ჩვენ შევძლებთ, ძველი კარგი მასწავლებლებიც შევინარჩუნოთ და სისტემაში ახალგაზრდებიც შევუშვათ", - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.



 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner