logo_geo
eng_logo
ნანა დევდარიანი: „ნაცები“ რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე სულ ტყუილად ოცნებობენ!
- +

26 დეკემბერი. 2020. 12:06

 

 

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ამასწინათ სატელევიზიო გამოსვლაში განაცხადა – არ ვაღიარებთ გაყალბებული არჩევნების შედეგებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილმა და ნანა დევდარიანად გადაქცეულმა თამარ ჟვანიამ შემოგვთავაზესო!

 

ცოტა არ იყოს, არაორდინალური ამბავია: ერთი მხრივ, ნანა დევდარიანი, როგორც „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის მე–6 ნომერი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, მეორე მხრივ კი, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ასევე გაყალბებულად აცხადებს, ნანა დევდარიანს არჩევნების გაყალბების სიმბოლოდ ასახელებს.

 

ჰოდა, ისღა დაგვრჩენოდა, ნანა დევდარიანისთვის, რომელიც საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მაშინ ხელმძღვანელობდა, როცა ნაცმოძრაობამ, საპარლამენტო არჩევნების გაყალბების საბაბით, „ვარდების რევოლუცია“ მოაწყო, ბოკუჩავას განცხადებაზე კომენტარი და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შეფასება გვეთხოვა:

 

– თინა ბოკუჩავა არჩევნების გაყალბების კონტექსტში ჩემს სახელს როგორ ახსენებს, როცა ცესკოს ყოფილი თავმჯდომარეები – ზურაბ ჭიაბერაშვილი, ლევან თარხნიშვილი და ზურაბ ხარატიშვილი, რომლებსაც სააკაშვილის რეჟიმის მიერ არჩევნების გაყალბებაში ლომის წილი შეჰქონდათ, მისი მეგობრები და პოლიტიკური პარტნიორები არიან?! თანაც ყველა მათგანმა არჩევნების გაყალბებისთვის სხვადასხვა ჯილდო მიიღო, მე კი არაფერი მიმიღია, გარდა იმისა, რომ ქუდი დავიხურე და თანამდებობიდან ჩემი ნებით წავედი, არავის გადავუყენებივარ.

 

– თუმცა, 2003 წელს „ვარდების რევოლუციის“ ლიდერები თქვენს გადადგომას მოითხოვდნენ!

 

– მათ ჩემი გადადგომის მოთხოვნა ერთადერთხელ გაახმიანეს! როცა „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობა ცესკოს შენობასთან შეიკრიბა, ჩავედი და ვუთხარი – გადადგომა ყველაზე ადვილია, წავალ სახლში და ყველანაირ პასუხისმგებლობას მოვიხსნი, მაგრამ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ავტომატურად გახდება „აღორძინების“ წარმომადგენელი, რომელსაც, კაცმა რომ გკითხოთ, ებრძვით და თუ ეს გინდათ, კი ბატონო, დღესვე გადავდგები-მეთქი! ეს იყო და ეს, ჩემი გადადგომის თაობაზე ხმაც აღარ ამოუღიათ!

 

– თუ ასე იყო, ცესკოს თავმჯდომარეობიდან რატომღა გადადექით?

 

– ის საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთა თხოვნითა და რეკომენდაციითაც ცესკოს თავმჯდომარეობას დავთანხმდი, ე.წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩემთან მოვიდნენ და მთხოვდნენ – დარჩი და იმუშავე, შენთან არავითარი პრეტენზიები არ არსებობსო, მაგრამ კატეგორიული უარი ვუთხარი – ამ ხალხმა არჩევნების გაყალბების საბაბით სახელმწიფო გადატრიალება მოახდინა და ახლა თანამდებობაზე რომ დავრჩე, ეს ჩემი მხრიდან უთავმოყვარეობა იქნება-მეთქი!

 

– ე.წ. ვარდების რევოლუციიდან 17 წელია გასული და დღეს გულწრფელად შეგიძლიათ თქვათ, რომ მაშინ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა?

 

– ბოლო დღეების განმავლობაში ქართული მედია აქტიურად აშუქებს უკრაინელი ჟურნალისტების მიერ ჩატარებულ გამოძიებას, რომლის მიხედვითაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნები“, რომლებმაც 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლა განახორციელა, სააკაშვილის დაკვეთით მოქმედებდა. კერძოდ, უკრაინელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ არჩევნებამდე სააკაშვილის წარმომადგენლები „სამართლიანი არჩევნების“ პროგრამისტს თურქეთში კონფიდენციალურად ხვდებოდნენ და დავალებებს აძლევდნენ, რაც რევოლუციური სცენარის ნაწილი იყო.

 

– მკითხველს შევახსენოთ, რომ „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლის შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შედეგებს არ დაემთხვა და სწორედ ეს იყო მთავარი არგუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე აპელირებდა, თუმცა, ამას წლის 11 დეკემბერს „სამართლიანმა არჩევნებმა“ აღიარა, რომ შეცდომა დაუშვა და გამოაქვეყნა შესწორებული მონაცემები, რომლებიც ცესკოს მონაცემებს თითქმის ერთი-ერთში ემთხვევა.

 

– თუმცა, უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ „სამართლიანმა არჩევნებმა“ შეცდომა კი არ დაუშვა, სააკაშვილის დაკვეთა შეასრულა და არჩევნების შედეგები განგებ დაამახინჯა, რათა ნაცმოძრაობის რევოლუციური სცენარისთვის შეეწყოთ ხელი. უკრაინელმა ჟურნალისტებმა ხაზი გაუსვეს, რომ 2003 წელსაც, როცა „სამართლიან არჩევნებს“ ზურაბ ჭიაბერაშვილი ხელმძღვანელობდა, ამ ორგანიზაციამ პარალელური დათვლის შედეგები, სავარაუდოდ, განგებ გააყალბა, რათა „ვარდების რევოლუციისთვის“ შეეწყო ხელი.

 

– თქვენ ეთანხმებით უკრაინელი ჟურნალისტების ამ შეფასებას?

 

– რა თქმა უნდა, 2003 წელს ჭიაბერაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედმა „სამართლიანმა არჩევნებმა“ პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, რის გამოც ჭიაბერაშვილი ჯერ ცესკოს თავმჯდომარეობით დააჯილდოვეს, შემდეგ კი – თბილისის მერის თანამდებობით.

 

თუმცა, ის ფაქტი, რომ 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბდა.

 

– პირადად თქვენ რა არგუმენტები გაქვთ იმის დასამტკიცებლად, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა?

 

– იქიდან გამომდინარე, რომ არჩევნების გაყალბების ოსტატი არასოდეს (ვყოფილვარ, ნამდვილად ვერ აგიხსნით, კონკრეტულად რა მანიპულაციებს მიმართა ხელისუფლებამ 31 ოქტომბერს, მაგრამ ერთი რამ ფაქტია – „პატრიოტთა ალიანსს“, რომელსაც ერთ დაძახებაზე მიტინგზე 100 ათასი კაცი გამოჰყავს, არ შეიძლება არჩევნებში 60 ათას ხმაზე მეტი არ ჰქონდეს. საერთოდ, ითვლება, რომ არჩევნები იმაზე 3-4-ჯერ მეტი რაოდენობის ხალხი გაძლევს ხმას, ვიდრე მიტინგზე გამოჰყავს.

 

– მაგ ფორმულის მიხედვით „ნაცმოძრაობა“ არჩევნებში 25-30 ათას ხმაზე მეტს ვერ უნდა იღებდეს, რადგან მიტინგზე 60-7 ათასი კაცის გამოყვანას ძლივს ახერხებს, მაგრამ ვნახეთ, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 500 ათასზე მეტი ხმა მიიღო.

 

– ვიღაც ცდილობს, დაგვარწმუნოს, რომ საქართველოში მევახშე-ბანკირებს, ნარკოტიკების ლეგალიზაციის ლობისტებსა და სამშობლოს პატრიოტებს თითქმის ერთნაირი რაოდენობის მხარდამჭერი ჰყავთ! როგორც სხვადასხვა სოციოლოგიური კვლევის მეშვეობით წლების განმავლობაში გვაჩვევდნენ, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი ქართველებისთვის, თურმე, მეცხრე-მეათე ადგილზეა...სწორედ ასე გვიდებენ თავში, რომ ყოველი ათი ქართველიდან სამშობლო მარტო სამს უყვარს, სამაგიეროდ, ყოველი ასი ქართველიდან 30 მკვლელების რეჟიმს უჭერს მხარს!

 

– დღეს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ზოგიერთი 2003 წლის სიტუაციასა და „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდს ადარებს. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა რესურსი „ნაცმოძრაობას“, გაიმეოროს ის, რაც 17 წლის წინათ გააკეთა?

 

– „ნაცმოძრაობას“ სახელმწიფო გადატრიალების მოხდენის მინიმალური შანსი მაინც რომ ჰქონდეს, კარგა ხნის წინათ მოახდენდა, მით უმეტეს, რამდენიმე მცდელობა ჰქონდა კიდეც, მაგრამ დღეს საქართველოში რევოლუციური ვითარება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, „ნაცები“ რევოლუციასა და სახელმწიფო გადატრიალებაზე სულ ტყუილად ოცნებობენ.

 

– პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საუკეთესო გზად რა მიგაჩნიათ?

 

– რა თქმა უნდა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნები! დღევანდელი ერთპარტიული პარლამენტი ქმედუუნარობისთვის არის განწირული, რადგან ვერცერთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. წარმოიდგინეთ, ერთპარტიული პარლამენტი საერთაშორისო ორგანიზაციებში დელეგაციასაც ვერ დააკომპლექტებს, რადგან არცერთი საერთაშორისო ინსტიტუტი არ მიიღებს საპარლამენტო დელეგაციას, რომელიც მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან შედგება.

 

პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ერთპარტიული პარლამენტის გამო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში სრულიად დისკრედიტებულია და თურქმენბაშთან არის გათანაბრებული!

 

ამდენად, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარება „ქართული ოცნებისთვისაც“ და საქართველოსთვისაც ერთადერთი გამოსავალია!

 

ჯაბა ხუბუა

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner