logo_geo
eng_logo
ქუთაისს თანამედროვე სტანდარტების 36 ავტობუსი გადაეცა
- +

26 დეკემბერი. 2020. 15:30

 

ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, 6 ქალაქისთვის განკუთვნილი 175 ავტობუსიდან 36 ერთეული EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსი ქალაქ ქუთაისს უკვე გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი ავრცელებს.

 

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, ქუთაისს, ჯამში, გადაეცა 50 მგზავრზე გათვლილი 30 ახალი ავტობუსი და 83 მგზავრზე გათვლილი 6 ახალი ავტობუსი. ყველა სატრანსპორტო საშუალება სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

 

„პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მოიცავს სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული თანამედროვე სტანდარტების ავტობუსის შეძენას.

 

ურბანული ტრანსპორტის განვითარებისათვის შერჩეულია საქართველოს 6 ქალაქი. 175 ერთეული ავტობუსიდან თელავსა და ფოთს გადაეცემა 10-10 ავტობუსი, გორს - 30, ზუგდიდს - 25, რუსთავს - 40, ხოლო ქუთაისს 60 ერთეული ავტობუსი.

 

პროგრამა საშუალებას მისცემს ქალაქებს განავითარონ მუნიციპალური ტრანსპორტის სექტორი, ხოლო მოსახლეობა ისარგებლებს თანამდეროვე, კომფორტული და რაც მთავარია, გარემოსთვის უვნებელი ავტობუსებით.

 

175 ავტობუსი სხვადასხვა მუნიციპალიტეტს მომდევნო წლის გაზაფხულამდე ეტაპობრივად გადაეცემა.

 

ახალი ავტობუსების მარშრუტებსა და სატრანსპორტო დერეფნებს მუნიციპალიტეტები განსაზღვრავენ.

 

ყველა ახალი ავტობუსი ჩაერთვება ქალაქის სატრანსპორტო ქსელში და ჩაანაცვლებს ქუთაისში ყველაზე დატვირთულ მარშრუტებზე მოძრავ ავტობუსებს.

 

პროგრამის ფარგლებში, პირველი 10 ერთეული ავტობუსი ქალაქ ქუთაისს 19 ნოემბერს გადაეცა“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner