საქართველოს და სომხეთის ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებმა ვიდეო–კონფერენცია გამართეს, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს უფლებადამცველმა არბაკ ხაჩატრიანმა, კულტუროლოგმა გაგიკ მანასიანმა, ბალეტმეისტერმა კარენ გევორქიანმა, კომპოზიტორმა არამ სატიანმა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებმა. რაც შეეხება ქართულ მხარეს, ონლაინ–შეხვედრას საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილი, კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი, შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი გია თევზაძე, თეატრ „გლობუსის“ ხელმძღვანელი მიხეილ მრევლიშვილი და თეატრისა, კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი მარგველაშვილი და ხელოვნების სხვა მოღვაწეები, ესწრებოდნენ. შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, თუ როგორი გავლენა იქონია კულტურის სფეროზე კორონავირუსის პანდემიამ. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ორგანიზაციები არ ნებდებიან და ამჯერად, საერთაშიროსო, უპრეცენდენტო პროექტებზე იწყებენ მუშაობას.
როგორც სომხური მხარის წარმომადგენელმა, უფლებადამცველმა არბაკ ხაჩატრიანმა აღნიშნა, GERA-მ და სომხეთში მოქმედმა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციამ“, ასოციაცია „IP Chain Armenia“-ის უშუალო ჩართულობით, პანდემიის პირობებში ერთ პროექტს უკვე ჩაუყარა საფუძველი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგიონალური თანამშრომლობა ამით შემოიფარგლება.
„ინტელექტუალური პოტენციალის გაერთიანება აუცილებელია, რადგანაც შექმნილმა სიტუაციამ შესაძლოა სრულად დაანგრიოს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კულტურულ–სულიერი კავშირები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ხელოვნება და სულიერება ერთიანდება, რაც უფრო მეტად დაახლოვების საშუალებას გვაძლევს“, – აცხადებს ხაჩატრიანი.
საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA) გამგეობის თავმჯდომარის, ალექსანდრე გვარიშვილის განმარტებით კი ქართული ორგანიზაცია 500 ავტორს აერთიანებს და უფლებების დაცვიდან შემოსული ჰონორარი ბევრისთვის ერთადერთი საარსებო წყარო გახდა.
„კულტურის დარგში ცვლილებებმა გავლენა მოახდინა ყველა ავტორზე, რეჟისორისა და ჩვენი ორგანიზაციის სხვა წევრებზე. ყველაზე მეტად შეფერხდა საერთაშორისო პროექტები. ამავდროულად, მიუხედავად პანდემიისა, ომისა და კრიზისისა GERA-მ, სომხეთში მოქმედმა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის ასოციაციამ“ და ასოციაციამ „IP Chain Armenia“ დაიწყეს თანამშრომლობა. საუბარია გარნის წარმართულ ტაძარში გამოჩენილი გერმანელი კომპოზიტორის, გეორგ ფრიდრიხ ჰენდელის ოპერა „რადამისტოს“ დადგმაზე. ამ საქმეს სომხეთისა და საქართველოს კულტურის სფეროს მოღვაწეები ერთობლივად შეეჭიდნენ“, – აღნიშნავს ალექსანდრე გვარიშვილი.
ვიდეო–კონფერენციის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს ერთობლივი თანამშრომლობის სამომავლო გეგმებიც, რომლებიც მემორანდუმზე ხელის მოწერას და კავშირის შექმნას გულისხმობს.
„საუკუნოვანი მეგობრობა ქრისტიანულ ერებს შორის მნიშვნელოვანი საკითხია და შექმნილ სიატუაციაში პრობლემების მოგვარება ერთობილივი ძალებით უნდა შევძლოთ“, – განაცხადა სომეხ ინტელექტუალთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გაგიკ მანასიანმა.
ასევე, შეხვედრაში ჩაერთო ცნობილი მაესტრო ჯორჯ ფახლივანიანი, რომელიც უკვე არსებული პროექტის, ოპერა „რადამისტოს“ დირიჟორია.
შეგახსენებთ, რომ I საუკუნის ქართულ–სომხურ ურთიერთობებზე აგებული ოპერის დამდგმელი რეჟისორი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი – რობერტ სტურუაა, ხოლო სპექტაკლის მუსიკალურ თანხლებაზე საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრი „სიმფონეტა“ და მისი სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ქარელაშვილი იზრუნებენ. ოპერა გარნის წარმართული ტაძრის ტერიტორიაზე დაიდგმება.