logo_geo
eng_logo
20 წლის ფეხბურთელი გოგოს ამბავი, დამსხვრეული სტერეოტიპი და მსახიობობის სურვილი
- +

26 დეკემბერი. 2020. 20:22

 

 

– გურიიდან ვარ, ჩოხატაურში დავიბადე და გავიზარდე, 4-5 წელია რაც ლანჩხუთში მიწევს ცხოვრება, ფეხბურთს სამოყვარულო დონეზე 7 წლიდან ვთამაშობდი, 15 წლის ვიყავი, რომ სანაკრებო დონეზე თამაში დავიწყე, მანამდე ყოველთვის სკოლის ტურნირებზე გავდიოდი, გასვლები გვქონდა რაიონებში.

 

– როგო ფეხბურთელობა ოჯახში როგორ მიიღეს?

 

– ყველაზე მეტად მამა მეწინააღმდეგებოდა, მაგრამ დღეს ის ჩემი პირველი გულშემატკივარია.

 

– თუმცა ამ სტერეოტიპს თქვენ ამსხვრევთ.

 

– ვცდილობთ, მამას არგუმენტები მაშინ ეს იყო, თუმცა, თან მეუბნებოდა, აგერთე ის, რაც ბედნიერებას მოგიტანსო. მე კი ვამტკიცებდი, რომ ჩემი ბედნიერება ფეხბურთი იყო, როცა მამამ ჩემში ასეთი დიდი ინტერესი შენიშნა, მიუხედავად ქალთა ფეხბურთის დაბალი რეიტინგისა, პატარა წინსვლებიც მქონდა, ამის შემდეგ სულ ცდილობდა მხარში ამომდგომოდა, მაქსიმალურად დავხარჯულიყავი და ჩემი შესაძლებლობები გამომევლინა.

 

– დედა რას გეუბნებოდა?

 

– დედა ყოველთვის ცდილობდა რა გადაწყვეტილებაც უნდა მიმეღო, მხარი დაეჭირა.

 

– ქალთა ფეხბურთის დაბალი რეიტინგი ახსენე, მაშინ როგორ პირობებში გიწევდა თამაში, ვარჯიში?

 

– გუნდში რომ მივედი, არც ხელფასი გვქონდა და არც არანაირი პირობა. მეტიც, ზოგჯერ დახეული, დაგლეჯილი ბურთებით ვთამაშობდით, მოედნის სავალალო მდგომარეობა ცალკე თემაა, ხან ტალახი იყო, ხან დიდი ბალახი. სასტუმროში ცხოვრებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ვარჯიშზე რომ გვიძახებდნენ, სტაფის წევრებთან ვცხოვრობდით, მათთან ვიკვებებოდით, მათ ხარჯზე ვიყავით სახლიდან სამოსგამოცვლილები, მოედანზე გასასვლელი ფორმით მივდიოდით, რადგან იქ გამოსაცვლელი ოთახი არ იყო, სპორტული ტანსაცმლითა და ბუცებითვე ვბრუნდებოდით უკან.

 

– გუნდის წევრები მეგობრობთ?

 

– რა თქმა უნდა, ჩვენ ოჯახის წევრებივით ვართ.

 

– თამაშისას, როცა მოწინააღმდეგე გუნდის თავდამსხმელი გიახლოვდება, რა ხდება შენში, შეგიძლია გადმოსცე?

 

– ამ მომენტში იმდენად ვარ ჩართული, ახლა რომ დავფიქრდი, ვერც გავიხსენე, ამ დროს რა ემოცია მაქვს, ამაზე არც დავფიქრებულვარ.

 

– როგორ ფიქრობ, ფეხბურთი პირადი ცხოვრების აწყობაში ხელს შეგიშლის?

 

– ამაზე მიფიქრია, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხელისშემშლელი ფაქტორი არ იქნება, ახლო მომავალში გათხოვებას არ ვაპირებ, მაგრამ, როცა ამ ნაბიჯს გადავდგამ, ჩემ გვერდით აუცილებლად ისეთი ადამიანი იქნება, რომელიც ხელს შემიწყობს და ჩემს ყველა გადაწყვეტილებას პატივს სცემს, რაც მთავარია, ფეხბურთი ეყვარება, ამის გარეშე შანსი არავის ექნება.

 

– შენს სპორტულ წარმატებებს ალბათ უნივერსიტეტშიც სიხარულით აღნიშნავენ?

 

– ონლაინლექციებს რომ ვერთვებოდი, ყოველი თამაშის შემდეგ შეგრძნება, რომ მხარში მიდგანან, მიორმაგდებოდა. აქ სულ მამხნევებენ და მოტივაციას მმატებენ, კურსელები და ლექტორები ჩემი გულშემატკივრები არიან, ყველა მეუბნება, ჩვენ თქვენი გუნდით ვამაყობთო. ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის დიდი ბედნიერებაა.

 

– 10 წლის შემდეგ საკუთარი თავი სად უფრო წარმოგიდგენია – სცენაზე თუ მოედანზე?

 

– არ ვიცი, არ მინდა, ფეხბურთს ჩამოვშორდე, მაგრამ მაინც მგონია, რომ სცენაზე ვიქნები.

 

– სცენაზე სიამოვნებით გიხილავ, მსახიობისთვის მაყურებელი მნიშვნელოვანია, ისევე, როგორც სტადიონზე – გულშემატკივარი, ახლა, როცა თამაში მაყურებლის გარეშე გიწევთ, თქვენზე მოქმედებს?

 

– გულშემატკივრები ძალას გვმატებენ, ბოლო თამაშის წინადღეს რამდენიმე ლანჩხუთელმა მომწერა, თამაშზე უნდა მოვიდეთო. ეგ როგორ, მაყურებლის გარეშე ტარდება... მოკლედ, გურიიდან რამდენიმე გულშემატკივარი მაინც ჩამოვიდა, „ლოკომოტივის“ სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და ყვიროდნენ „გურია-ლანჩხუთი!!!“ რა თქმა უნდა, გუნდის ყველა წევრისთვის ეს გამხნევება ამაღელვებელი მომენტი იყო, მიუხედავად თამაშის წაგებისა, ბოლომდე ჩვენ გვერდით იყვნენ და გვგულშემატკივრობდნენ.

 

– როგორია, როცა შინ წაგებული მატჩიდან ბრუნდებია?

 

– ყველაზე რთულია, როცა წაგებული უცხო ქვეყნის მოედნიდან გამოდიხარ, ამ დროს შეიძლება ვერც გაიხსენო, სასტუმრომდე როგორ მიხვედი... მერე ემოცია ცხრება, ანალიზს აკეთებ, ლაგდები და შემდეგი შეხვედრისთვის ემზადები.

 

– მომავალი თამაში როდის გაქვთ?

 

– 16 დეკემბერს საქართველოს დროით საღამოს 9 საათზე გვაქვს, გასვლითი მატჩი იმათვე შვედურ „როზენგარდთანაა“, რომელთანაც ახლახან წავაგეთ.

 

– წააგეთ, თუმცა ამ დღეს 21-ჯერ შეძელი ბურთის აღება.

 

– მთავარი ხომ მატჩის შედეგია, ეს ძალიან ძლიერი გუნდია.

 

– გგულშემატკივრობთ, შემდეგი და ყველა მომდევნო მატჩის მოგებას გისურვებთ!

 

– დიდი მადლობა, ამ გუნდთან წაგების შემდეგ ძალიან გაგვაკრიტიკეს, სოციალურ ქსელში გვწერენ – ქალის ადგილი სამზარეულოშია, მოედანზე რა გინდათო?! ჩვენ ხელწამოსაკრავები არ ვართ. ყველანაირი კრიტიკისა და უარყოფითი მუხტის მიუხედავად, ჩემს გოგონებს მინდა მადლობა გადავუხადო ბრძოლისთვის, თავდადებისთვის... მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს ბოლომდე მხარში დგომისთვის.

 

თამუნა კვინიკაძე

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner