ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „დილის შოუ“ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ორი ტერმინის - ინფიცირებულისა და დაავადებულის მნიშვნელობა განმარტა. მანვე აღნიშნა, რომ დაავადებულთა რაოდენობა გეომეტრიული პროგრესიით იზრდება:
„ექიმები სულ ვამბობდით, რომ ინფიცირება დაავადებას არ ნიშნავს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ზრდის მატება ნიშნავს, რომ დაავადებულთა რაოდენობა პირდაპირ იზრდება. ახალ კორონავირუსს ახასიათებს ერთი რამ: შესაძლებელია, ადამიანი იყოს ინფიცირებული, მაგრამ არ იყოს დაავადებული. მართალია, ეს 100-დან 80% შემთხვევაშია, როცა, შეიძლება, ვიყოთ მხოლოდ ინფექციის მატარებელი და არა დაავადებული, მაგრამ 20% შემდეგნაირად ნაწილდება – არსებობს საშუალო, მსუბუქი, მძიმე და კრიტიკული პაციენტები. აღნიშნულიდან გამომდინარე, პირდაპირ კავშირშია ინფიცირებულთა რაოდენობა COVID-19-ით დაავადებულთან. ამიტომ, ეს ძალიან ცუდი ტენდენციის მანიშნებელია. ფაქტი სახეზეა, ეს გეომეტრიული პროგრესიით იზრდება. ეს დაავადება არის სახადი. ამ ეპოქაში მცხოვრებმა კაცობრიობამ ეს ინფექცია უნდა მოიხადოს“ – განაცხადა რატიანმა.
მანვე დაასახელა ის ნიშნები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში კლინიკას უნდა მივმართოთ:
„სუნთქვის უკმარისობა
ესაა პირველი მანიშნებელი, რომლის შემდეგაც კლინიკას უნდა მივმართოთ.
ჩვენი გამოცდილებით, თუ კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმდება, ეს დამძიმება იწყება მეშვიდე-მერვე დღეს.
ადამიანს უჭირს ერთნაირად ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა,
ტკივილი გულმკერდის არეში,
შეუპოვარი ხველა
ძლიერი საერთო სისუსტე
ეს არის ის სიგნალები, რომელთა არსებობის დროსაც პაციენტმა აუცილებლად უნდა მიმართო კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.