logo_geo
eng_logo
როგორ გამოიძია ალექსეი ნავალნიმ საკუთარი მკვლელობის მცდელობა
- +

27 დეკემბერი. 2020. 11:01

 

 

2020 წლის 20 აგვისტოს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსმა ექიმებმა ნავალნის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ აღმოაჩინეს. ორი დღეს შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა შარიტეში გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. გერმანიის სამხედრო ლაბორატორიამ, შვედეთისა და საფრანგეთის დამოუკიდებელმა ლაბორატორიებმა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ დაადასტურა, რომ ტოქსინი, რომლითაც ნავალნი მოწამლეს ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტია. ამასთანავე, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის თანახმად, ქოლინესტერაზას ინჰიბიტორი სტრუქტურულად ჰგავს ნოვიჩოკის ცნობილ ვარიანტებს, თუმცა ის არ არის შეყვანილი აკრძალული ნერვული აგენტების სიაში, რომელიც 2018 წელს სკრიპალების მოწამვლის შემდეგ განახლდა, რაც ნიშნავს, რომ ნავალნის მოწამვლისთვის ნოვიჩოკის ახალი და აქამდე უცნობი ვერსია გამოიყენეს. რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს ის გერმანიაში აგრძელებს. პოლიტიკოსი ამ დრომდე ევროპაში რჩება.

 

14 დეკემბერს Bellingcat-მა გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება, რომელშიც The Insider-ი, CNN-ი, Der Spiegel და El Pais-ი მონაწილეობდნენ. ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის (FSB-ს) სპეციალური ქვედანაყოფი წლების მანძილზე უთვალთვალებდა ნავალნის და სწორედ FSB-ია პასუხისმგებელი ტომსკში ნავალნის მოწამვლაზე. იმავე დღეს თავის YouTube-არხზე ნავალნიმაც გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჟურნალისტურ გამოძიებაზე საუბრობს. ნავალნის თანახმად, ის გამოძიებას ბოლო ეტაპზე შეუერთდა და მოწამვლის საქმე ძირითადად კრისტო გროზევმა გამოიძია.

 

რას ამბობს ჟურნალისტური გამოძიება?

 

სატელეფონო ზარების მონაცემებსა და მოგზაურობის მარშუტების მონაცემებზე დაყრდნობით, Bellingcat-ის გამოძიებამ გამოავლინა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც წლების მანძილზე უთვალთვალებდნენ ნავალნის და პარალელურად მგზავრობდნენ რუსეთის მასშტაბით, მათ შორის 2020 წლის აგვისტოში ისინი ნავალნისთან ერთად ჩაფრინდნენ ციმბირში. როგორც ნავალნი განმარტავს, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ ჯავშნის ბილეთებს თვითმფრინავის რეისებზე, მარტივად არის ხელმისაწვდომი რუსეთის შავ ბაზარზე. გამოძიების თანახმად, აგვისტოში ნავალნის კვალდაკვალ მოსკოვიდან ნოვოსიბირსკში გადაფრინდა სამი ადამიანი, ვლადიმირ პანაევი, ალექსეი ფროლოპი, ივან სპირიდონოვი. როგორც შემდგომ გაირკვა, ფროლოპი და სპირიდონოვი ფსევდონიმებით მგზავრობდნენ და მათი ნამდვილი სახელებია: ალექსეი ალექსანდროვი და ივან ოსიპოვი. პანაევზე დამატებითი ინფორმაციის მოძიების შემდეგ გაირკვა, რომ ის FSB-ს თანამშრომელია და ალექსეი ნავალნის მეზობელ სადარბაზოში ცხოვრობდა.

 

ასობით ათასი სატელეფონო კავშირის შემოწმების შედეგად ჟურნალისტურმა გამოძიებამ იპოვა კავშირი პანაევს, ოსიპოვს, ალექსანდროვსა და FSB-ს სპეციალური ტექნიკის ცენტრის კრიმინალისტიკის ინსტიტუტს შორის. საიდუმლო ქვედანაყოფი, რომელის წევრებიც იყვნენ პანევი, ოსიპოვი და ალექსანდროვი პოლკოვნიკ სტანისლავ მაკშაკოვის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობს. მაკშაკოვი სამხედრო მეცნიერია, რომელიც წარსულში მუშაობდა ორგანული სინთეზის სახელმწიფო ინსტიტუტში, სამხედრო ქალაქ შიხანი 1-ში. რუსეთში ქიმიური იარაღის პროგრამის ოფიციალურად შეწყვეტამდე ეს სამხედრო ინსტიტუტი მონაწილებდა ქიმიური იარაღის, მათ შორის ნოვიჩოკის ჯგუფის ნერვული აგენტების, შემუშავებაში. მაკშაკოვის უშუალო ზედამხედველია სპეციალური ტექნიკის ცენტრის კრიმინალისტიკის ინსტიტუტის დირექტორი, გენერალი კირილ ვასილიევი. ვასილიევი გენერალ-მაიორ ვლადიმირ ბოგდანოვის ქვეშევრდომია. ბოგდანოვი FSB-ს სპეციალური ტექნიკის ცენტრის დირექტორია. კრიმინალისტიკის ინსტიტუტი კი ამ ცენტრის დაქვემდებარებაშია. ბოგდანოვის უშუალო უფროსი FSB-ს დირექტორი, ალექსანდრ ბორტნიკოვია, ვინც თავის მხრივ, პასუხისმგებელია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინაშე.

 

ვინ არიან დაკავშირებულები ალექსეი ნავალნის მოწამვლის საქმესთან ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით?

 

ძირითადი გუნდი, რომელიც დაკავშირებულია ნავალნისთან, შვიდი ადამიანისგან შედგება. მათ აქტიური კონტაქტი აქვთ მაკშაკოვთან. წლების განმავლობაში ისინი ნავალნის პარალელურად მგზავრობდნენ ხოლმე რუსეთის მასშტაბით როგორც ფსევდონიმების, ასევე ნამდვილი სახელების გამოყენებით.

 

Bellingcat-ის მიერ დასახელებული FSB-ს თანამშრომლები არიან: ოლეგ ტაიაკინი - ყოფილი ქირურგი; ალექსეი ალექსანდროვი - ყოფილი სასწრაფო დახმარებისა და სამხედრო ექიმი; ივან ოსპოვი - განათლებით ექიმი; კონსტანტინ კუდრიავცევი - შიხანის სამხედრო ქიმიური ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, განათლება მიღებული აქვს ბიოქიმიური თავდაცვის სამხედრო აკადემიაში; ალექსეი კრივშოკოვი - წარსულში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში, მიხაილ შვეცი - FSB-ს აგენტი, ვლადიმირ პანაევი - აქვს საშუალო რანგის მედმუშაკის კვალიფიკაცია, ის იმავე კორპუსში ცხოვრობდა, რომელშიც ნავალნი. ნავალნის მოწამვლის შემდეგ მისი მისამართი FSB-ს სათაო ოფისის მისამართით შეიცვალა.

 

ნავალნის მოწამვლის შესაძლო მცდელობები 2020 წლის აგვისტომდე

 

მგზავრობის მარშუტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, Bellingcat-ი ამბობს, რომ ნავალნის FSB-ს მიერ ნავალნის აქტიური თვალთვალი,  სულ მცირე, 2017 წლის 16 იანვრიდან იწყება, ერთი თვის შემდეგ, რაც ნავალნიმ გამოაცხადა, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებდა. ნავალნი თვლის, რომ სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი მისი თვალთვალის გააქტიურებისა და პუტინის მიერ მისი მოკვლის ბრძანების გაცემისა.

 

2017-2020 წლის პერიოდში FSB-ს თანამშრომლები ნავალნის პარალელურად ჩადიოდნენ იმავე ადგილებზე, რომლებსაც ოპოზიციონერი სტუმრობდა. მთლიანობაში FSB-ს ქვედანაყოფი ნავალნის 37 მარშუტზე გაჰყვა.

 

ჟურნალისტური გამოძიების პერიოდში ნავალნი იხსენებს ორ შემთხვევას, ერთხელ,  როდესაც 2019 წელს თვითმფრინავში ის, ხოლო მეორეჯერ მისი ცოლი იულია გახდა  ცუდად. ნავალნი ამბობს, რომ უცნაური სიმპტომები, რომლებიც მან 2019 წელს იგრძნო ძალიან ჰგავდა იმ სიმპტომებს, რომლებიც ტომსკში მოწამვლის შემდეგ გამოუვლინდა. რუსი ოპოზიციონერი ასევე იხსენებს შემთხვევას 2020 წლის ივლისიდან. 6 ივლისს, კალინინგრადში ყოფნისას, მისი ცოლი იულია ცუდად გახდა. ნავალნი აღნიშნავს, რომ მდგომარეობა, რომელიც იულიამ აღწერა, ჰგავს იმას, თუ როგორ გრძნობდა თავს ნავალნი ნოვიჩოკით მოწამვლის შემდეგ. ოპოზიციონერი თვლის, რომ ეს ორი შემთხვევა მისი მოწამვლის წარუმატებელი მცდელობები იყო. ის ვარაუდობს, რომ შეიძლება თავდამსხმელებმა ნოვიჩოკის სწორი დოზა ვერ გათვალეს.

 

Bellingcat-ის ინფორმაციით, ალექსეი და იულია ნავალნები კალინინგრადში ჩავიდნენ 2020 წლის 3 ივლისს. 2 ივლისს კალინინგრადში ჩასასვლელად ბილეთი იყიდა პანიაევმა, იმავე მიმართულებით 3 ივლისის ბილეთები იყიდეს ალექსანდროვმა და შვეცმა. იულია ნავალნი ცუდად 6 ივლისს გახდა. მთელი ამ დროის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა პანიაევს, ალექსანდროვს, შვეცსა და მათ უფროსს, პოლკოვნიკ მაკშაკოვს შორისა და მაკშაკოვსა და გენერლებს  - ვასილიევსა და ბოგდანოვს შორის. Bellingcat-ის ინფორმაციით, კომუნიკაცია განსაკუთრებით აქტიური ხდება 6 ივლისის პერიოდში, როდესაც იულია ნავალნი ცუდად ხდება.

 

2020 წლის 12-21 აგვისტო: FSB-ს თანამშრომლები მიჰყვებიან ნავალნის ციმბირში

 

2020 წლის 12 აგვისტოს ალექსანდროვმა, ოსიპოვმა და პანევმა ნოვოსიბრიკსში გასამგზავრებელი ბილეთები დაჯავშნეს. ამავე პერიოდში ნოვოსიბირსკში გამგზავრებას აპირებდა ნავალნის გუნდიც. ნოვსიბირსკიდან ტომსკში გამგზავრებას ნავალნი მანქანით აპირებდა და მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთები ტომსკიდან მიმავალ რეისზე მისმა გუნდმა 17 აგვისტოს დაჯავშნა. ჩვიდმეტშივე დაჯავშნეს მოსკოვში დასაბრუნებელი ბილეთები FSB-ს აგენტებმა. ნავალნი მოსკოვში 20 აგვისტოს უნდა დაბრუნებულიყო, FSB-ს აგენტები - 21 აგვისტოს.

 

ნოვოსიბირსკში ყოფნისას კომუნიკაცია ძალიან აქტიური იყო FSB-ს გუნდსა და მათ უფროს მაშკაკოვსა და მაშკაკოვსა და ვასილიევს შორის. კომუნიკაცია განსაკუთრებით აქტიურდება 19 აგვისტოს, იმ დღეს, როცა, სავარაუდოდ, ნავალნი მოწამლეს. ტელეფონის სიგნალის გეოლოკაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, Bellingcat-ი ამბობს, რომ 19 აგვისტოს ღამეს FSB-ს აგენტები ნავალნის სასტუმროდან სულ რამდენიმე კილომეტრში დაშორებულ სასტუმროში ჩერდებოდნენ. 20 აგვისტოს ნავალნი თვითმფრინავის აფრენიდან, დაახლოებით, 30 წუთში ცუდად გახდა და მალევე კომაში ჩავარდა. თვითმფრინავი ომსკში 5:15-ზე დასვეს და ნავალნი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ პერიოდიდან კვლავ გრძელდება FSB-ს საიდუმლო დანაყოფის წევრებსა და ხელმძღვანელებს შორის აქტიური კომუნიკაცია სატელეფონო ზარებით და მოკლეტექსტური შეტობინებებით.

 

ალექსეი ნავალნის ზარი "მის მკვლელთან" და 49 წუთიანი საუბარი

 

21 დეკემბერს ალექსეი ნავალნიმ თავის YouTube-ის არხზე გამოაქვეყნა ვიდეო სათაურით: მე დავურეკე ჩემს მკვლელს, მან დანაშაული აღიარა. ვიდეოში ის ჰყვება, როგორ დაურეკა FSB-ს თანამშრომელს, რომელიც მისი მოწამვლის ოპერაციაში იღებდა მონაწილეობას.

 

14 დეკემბერს Bellingcat-ის, CNN-ის, The Insider-ისა და Der Spiegel-ის ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნებამდე რამდენიმე საათით ადრე, მოსკოვის დროით დილის 6:30 საათისთვის ნავალნიმ გადაწყვიტა, დაერეკა FSB-ს იმ თანამშრომლებთან, რომლებიც გამოძიების თანახმად, მისი მოწამვლის საქმეში მონაწილეობდნენ. მან FBS-ს თანამშრომლებს აპლიკაციის გამოყენებით დაურეკა, რომელიც ნომრის შეცვლის საშუალებას იძლევა, რათა ზარის მიმღებს ჩაეთვალა, რომ სამსახურეობრივი FSB-ს ნომრიდან ურეკავდნენ.

 

მოწამვლის საქმესთან დაკავშირებულ FSB-ს თანამშრომლების ნაწილს ნავალნიმ თავისი სახელით დაურეკა და ჰკითხა, რატომ დასთანხმდნენ მისი მოკვლის გეგმაში მონაწილეობას, მათ ტელეფონი გათიშეს. ბოლოს ნავალნიმ დაურეკა მიხაილ შვეცს და კონსტანტინ კუდრიაცევს და მათ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანაშემწე მაქსიმ უსტინოვად მოაჩვენა თავი. Bellingcat-ის თანახმად, შვეცმა ნავალნი იცნო და ტელეფონი გაუთიშა.

 

კონსტანტინ კუდრიავცევთან ალექსეი ნავალნი 49 წუთი ლაპარაკობდა.

 

რა ჩანს კუდრიავცევისა და ნავალნის საუბრიდან?

 

FSB-ს სპეციალური გუნდის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი მაშკაკოვი იყო.

 

კუდრიავცევი მას რამდენჯერმე ასახელებს, როგორც ზემდგომ ოფიცერს და ურჩევს “მაქსიმს”, (ნავალნის) დამატებითი ინფორმაციისთვის მას მიმართოს.

 

FSB-მ მიზანი ნავალნის მოკვლა იყო. ოპერაცია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეს არ იყო პირველი შემთხვევა

 

კუდრიავცევი აღნიშნავს, რომ სასურველი შედეგი, ნავალნის სიკვდილი, არ დადგა, გარე ფაქტორების გავლენის გამო და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ რამდენიმე ოპერაცია იყო დაგეგმილი. კუდრიავცევის განმარტებით, ნავალნი ვერ გადარჩებოდა, პილოტს სწრაფად რომ არ დაესვა თვითმფრინავი, ხოლო სასწრაფო დახმარების ექიმებს სიმპტომების შეფასების შემდეგ ატროპინი არ შეეყვანათ მის ორგანიზმში.

 

FSB-მ აქტიურად ცდილობდა გაექრო ნოვიჩოკის კვალი ნავალნის ტანსაცმლიდან და სხეულიდან.

 

კუდრიავცევის საუბრიდან ჩანს, რომ მას სწორედ ტანსაცმლიდან ნოვიჩოკის კვალის მოშორება ევალებოდა. ნავალნის ტანსაცმელი მას ომსკის ტრანსპორტის პოლიციის თანამშრომლებმა მიუტანეს და გაწმენდის შემდეგ კუდრიავცევმა სამხილები მათვე დაუბრუნა. საუბარში ნავალნი ეკითხება კუდრიავცევს, როგორ აღმოაჩინეს გერმანელებმა ნოვიჩოკის კვალი. კუდრიავცევის ვარაუდით, ნოვიჩოკის კვალი სისხლში აღმოაჩინეს, ხოლო სხეულზე მის აღმოჩენას ვერ შეძლებდნენ, ვინაიდან ომსკის საავადმყოფოში ნავალნი დაბანეს.

 

ნოვიჩოკი ნავალნის საცვლების შიდა მხარეს იყო დატანილი

 

სატალეფონო საუბარში კუდრიავცევი ამბობს, რომ მას ჰქონდა მითითება, ტანსაცმლის გაწმენდის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ნავალნის საცვლებისთვის. ტოქსიკოლოგები, რომლებსაც CNN-ი ესაუბრა, ამბობენ, რომ თუ ტანსაცმელზე ნოვიჩოკის გრანულებია დატანილი, ადამიანის გაოფლიანებისას ისინი კანში შეიწოვება.

 

 

22 დეკემბერს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურმა კომენტარი გააკეთა ნავალნის მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ. უწყებამ ნავალნის სატელეფონო ჩანაწერს გაყალბებული უწოდა.

 

"ვიდეო სატელეფონო საუბრით გაყალბებულია. ეს კარგად ნაცნობი ტექნიკაა უცხოური სადაზვერვო სააგენტოებისათვის და წარსულშიც არაერთხელ გამოუყენებიათ ანტირუსულ კამპანიაში. ამგვარად, შეუძლებელი ხდება იმის დადგენა, ვინ მონაწილეობდა რეალურად სატელეფონო საუბარში". – ნათქვამია FSB-ს განცხადებაში.

 

FSB-ს სპიკერებმა ასევე განაცხადეს, რომ ჟურნალისტური გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ მათი აგენტები ნავალნის უთვალთვალებდნენ, რუსეთის წინააღმდეგ უცხოური დაზვერვის მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა.

 

რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან პირველი, ვინც ჟურნალისტურ გამოძიებას გამოეხმაურა, საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. სერგეი ლავროვმა გამოძიებას “სასაცილო საკითხავი” უწოდა.

 

მოგვიანებით გამოძიებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტების მიერ მოძიებული ინფორმაცია "ინფორმაციული ომის" ნაწილი იყო. პუტინმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ნავალნის ფედერალური უშიშროების სააგენტოს თანამშრომლები უთვალთვალებდნენ, თუმცა აღნიშნა, რომ FSB-ს მისი მოწამვლა რომ სდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა.

 

"ჩვენს უშიშროების სამსახურებს თვალი უჭირავთ მასზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მისი მოწამვლა გვჭირდება... ჩვენ ის არ მოგვიწამლავს, ვის სჭირდება ის? ვინმეს მისი მოწამვლა რომ სდომოდა, საქმეს ბოლომდე მიიყვანდა". – თქვა ვლადიმირ პუტინმა.

 

ევროკავშირმა რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის, მოწამვლისთვის სანქციები დაუწესა რუსეთის ექვს მაღალჩინოსანს, ქიმიური კვლევის ცენტრსა და ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის რუსეთის სახელმწიფო კვლევით ინსტიტუტს.

 

სანქცირებულებს შორის არიან: ალექსანდრ ბორტნიკოვი – ფედერალური უშიშროების სამსახურის დირექტორი, პაველ პოპოვი – თავდაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილე, ალექსეი კრივორუჩკო – თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანდრეი იარინი – პრეზიდენტის აღმასრულებელ ადმინისტრაციაში პრეზიდენტის საშინაო პოლიტიკის დირექტორატის ხელმძღვანელი, სერგეი კირიენკო – პრეზიდენტის აღმასრულებელი ადმინისტრაციის შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი მენიაილო – ვლადიმირ პუტინის სრულუფლებიანი წარმომადგენელი ციმბირის ფედერალურ რაიონში.

 

რაც შეეხება ორგანული ქიმიისა და ტექნოლოგიის სახელმწიფო სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტს (GosNIIOKhT), ეს არის სახელმწიფო კვლევითი ინსტიტუტი, რომელსაც ევალება საბჭოთა კავშირიდან მემკვიდრეობით მიღებული ქიმიური იარაღის მარაგების განადგურება. 1994 წლამდე ორგანიზაცია ქიმიურ იარაღებს ავითარებდა, მათ შორის – ნოვიჩოკს.

 

"იმის გათვალისწინებით, რომ ალექსეი ნავალნი მეთვალყურეობის ქვეშ იყო მისი მოწამვლის დროს, გონივრულია დავასკვნათ, რომ მოწამვლა მხოლოდ ფედერალური უშიშროების სამსახურის ჩართულობით იყო შესაძლებელი”.  – ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.

 

ევროკავშირისავე განცხადებით, სანქციები არის ნაწილი იმ ქმედებებისა, რითაც უნდა შეეწინააღმდეგონ  "ქიმიური იარაღების გამოყენებასა და გავრცელებას".

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner