ავტორი ნუგზარ ფოფხაძე
რუსი ოპოზიციონერის ნავალნის მოწამლვის საიდუმლო ამოხსნილია?
ნავალნიმ გამოაქვეყნა მის მოწამლვასთან დაკავშირებული ჟურნალისტური გამოძიების მასალები.
სუპერ!
თანაც, ასგზის!
ამერიკული "უოტორგეიტის" სკანდალის შემდეგ, რომელსაც პრეზიდენტ ნიქსონის გადადგომა მოჰყვა, ჟურნალისტური გამოძიების ასეთი სუპერ-ფაქტი არ მახსოვს.
ვვარაუდობ, რომ ეს მოვლენა სახელმძღვანელოებში შევა. და არა მარტო...
"უოტორგეიტის" ისტორიის, მაშინდელი პოლიტტექნოლოგიის, შედეგების გაცნობას, თავის დროზე, სტუდენტებს ვურჩევდით.
არ ვიცი ახლა როგორ არის.
ასეა თუ ისე, ამ მხრივ ნავალნის და მისი თანამებრძოლების, მათ შორის ბულგარელი, გერმანელი, ამერიკელი და სხვ.
ჟურნალისტების ფანტასტიური გამოძიების ტექნოლოგიის და შედეგების შესწავლას ახლაც დაბეჯითებით ვურჩევ ყოფილ მეექვსე კორპუსელებს და მათ "დაქვემდებარებაში" მყოფ მოუზრდელო-მოჟურნალისტო გოგო-ბიჭუნებს. (მათ მასწავლებლებსაც), ვისაც თავი მართლა სახელმწიფო სტრუქტურების გ ა მ ო მ ძ ი ე ბ ლ ე ბ ა დ წარმოუდგენიათ და ჯერ კიდევ ვერ გაურკვევიათ, რომ "მეოთხე ხელისუფლება" მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორაა და არა კონსტიტუციური ორგანო, აღჭურვილი ყველა სამართლებრივი მექანიზმით.
ამ უცოდინრობის და პრიმიტივიზმის შედეგია ის ფორმა და მეთოდი, რაც მეტისმეტად ამაზრზენი გახდა ბოლო წლებში და რამაც, პრაქტიკულად, დაიპყრო პროფესიული სფერო, უმთავრესად კი ტელეეკრანი.
ჩვეულებრივ ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა კადრები, როცა მარტო სტუდიაში კი არა, ყველგან - ქალაქად თუ სოფლად, საჯარო თუ კერძო შენობებში, პარლამენტისა თუ კანცელარიის კორიდორებში, ქუჩებში - ქვეით თუ მანქანებში მსხდომ "საჭირო" რესპონდენტებს, "ბოშა ქალებივით" მოსაბეზრებლად დასდევენ, "ეხვეწებიან", ან, პროკურორის ტონალობა-ლექსიკით, მიკროფონის ლამის პირში "ჩათხრით", ზოგჯერ - თავხედურადაც კი, ცდილობენ აიძულონ თუ გამოსტყუონ "საჭირო" ინფორმაცია. არცთუ იშვიათად ამ პროვოცირებას მოჰყვება საპასუხო რეაქცია და... მერე მიდის ვაი-უი იმის თაობაზე, თუ როგორ ავიწროებენ სიმართლის მაძიებელ "ჟურნალისტებს". (ეს სრულებით არ ნიშნავს, მედიასთან არაკოლეგიალური დამოკიდებულებით რომელიმე საჯარო მოხელის(!!!) სულ პაწია გამართლებასაც კი.)
არაერთგზის გავმხდარვართ მოწმენი იმ აღმაშფოთებელი სცენებისა, როცა ჩვენი ზოგიერთი ახალგაზრდა კოლეგა, არც გარდაცვლილთა ოჯახებში შევარდნას არ თაკილობს და მგლოვიარე ახლობლებს უტაქტო შეკითხვებით გამაოგნებელ მდგომარეობაში აყენებენ.
და ყოველივე ამ სამარცხვინო ვითარების გამართლება ("გაპრავებას" რომ უწოდებენ თავად) "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით" და რაღაც "ახალი ჟურნალისტური სტანდარტის" დამკვიდრების მცდელობით, სხვა არაფერია, თუ არა პრიმიტივიზმი, არაპროფესიონალიზმი და უზნეობა.
ეს ამოუწურავი თემაა და თუ დავუბრუნდებით ისევ ნავალნის ამ ვიდეო ჩანაწერს, ვიტყვი, რომ ამ პუბლიკაციით ჩვენი ჟურნალისტიკის ახალგაზრდულმა ფრთამ და ზოგიერთმა ე.წ. "გურუმ, მიუხედავად იმისა სად, ვისთან გაიარა "ტრენინგი" ან აქვს თუ არა "მდიდარი სექსუალური გამოცდილება", შესაძლოა ჟურნალისტური გამოძიების თუ პროფესიული ეთიკის ღირებული გაკვეთილი მიიღოს. უფასოდ!
ბოლომდე გაეცანით, თავად დარწმუნდებით!
(მას, ვისაც უნდა ამ საქმის (პუბლიკაციის) შემოკლებულ შინაარსს მშობლიურ ენაზე გაეცნოს, შეუძლია ისარგებლოს ბმულით:
https://reportiori.ge/inside.php?menuid=4&id=143040