logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: მოსაზრება, რომ გიგი წერეთლის არჩევით ქვეყანა დაიქცევა, არასწორია
- +

5 ივლისი. 2016. 10:50


პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე გიგი წერეთლის კანდიდატურასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, შეხედულება, რომ თუ წერეთელი დაიკავებს აღნიშნულ პოსტს, ქვეყანა დაიქცევა, არასწორია.


„ყველას ვუსურვებ, ცოტა უფრო ღრმად გაერკვეს ხოლმე სიტუაციაში, როდესაც საფრთხეებზე საუბრობს. იმიტომ, რომ მაგალითად, EPP-ის ფრაქციის ხელმძღვანელი წერეთელი გაცილებით თავისუფალია თავის ქმედებებში, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტი წერეთელი ამავე ორგანიზაციაში. ამიტომ, აქ ასე ცალსახად საკითხის დასმა, რომ თუ წერეთელი ავირჩიეთ, ამით ქვეყანა დაიქცევა და საქართველოს არჩევნები გადაელოცება მიშა სააკაშვილს, ასე არ არის. პოლიტიკა, მათ შორის, საერთაშორისო არენაზე, ცოტა უფრო მეტ დაფიქრებას და სიღრმეში ჩახედვას მოითხოვს ხოლმე იმისთვის, რომ საკუთარ ინტერესს მივაღწიოთ. ყველა ვცდებით ხოლმე ხანდახან, შეიძლება, მე ვცდები ახლა, შეიძლება - ჩემი კოლეგები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

აქვე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ თუ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტს ქალბატონი კრისტინე მუტონენი დაიკავებს, უკეთესი იქნება როგორც ეუთო-სთვის, ისე საქართველოსთვისაც.


„თავიდანვე განვაცხადე, რომ ჩემთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის იქნებოდა ის პოლიტიკური კონსულტაციები, რომელიც პოლიტიკურ ფრაქციებს, პოლიტიკურ გუნდებს შორის იმართება ასეთ შემთხვევაში. მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი „ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის" ეგიდით გამართულ საუბრებში. მათთან ერთად ჩავთვალეთ, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მომავალი ერთი წლის განმავლობაში, უკეთესია, თუ იქნება ქალბატონი კრისტინე მუტონენი, ეს იქნება კარგი ეუთოს-თვის და ეს იქნება კარგი საქართველოსთვისაც", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner