„ოპოზიციის მოთხოვნები უკვე შიზოფრენიაშია გადასული. ბოკერია და უგულავა ისედაც ვერ შედიან პარლამენტში, მევახშეების პარტია „ლელოც" ხალხს არ უნდა, სააკაშვილი კი პოზიციას კარგავს. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად მელია კი არა, სტალინიც რომ ააყენო, ისიც ვეღარ უშველის" - ასე ეხმაურება პოლიტოლოგი ედიშერ გვენეტაძე ოპოზიციაში მიმდინარე მოვლენებს.
ოპოზიცია მოლაპარაკების მე-5 რაუნდის მოლოდინშია და მისი გამართვის შემთხვევაში აპირებს, ისევ დააყენოს პლებისციტის საკითხი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ პლებისციტი ოპოზიციის მხრიდან მანიპულაციაა, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ, სამართლებრივად, პლებისციტი და რეფერენდუმი არ ტარდება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით.
„რაც უნდა შესთავაზოს ხელისუფლებამ ოპოზიციას, ყველაფერზე უარს ამბობენ, მხოლოდ აუჩემებიათ, გაყალბდა-გაყალბდაო. არჩევნები თუ გაყალბდა, შევიდნენ პარლამენტში და იქ დაამტკიცონ თავიანთი სიმართლე. შექმნან საგამოძიებო კომისია, რომლის თავმჯდომარეც მათი რიგებიდან იქნება, მაგრამ არ უნდათ, რადგან დავალება აქვთ მიღებული რუსეთიდან და რუსეთთან მიბმული სააკაშვილისგან, რომ საქართველოში მუდმივი დესტაბილიზაცია უნდა იყოს. მათ მოქმედებას სხვაგვარად ვერ შევაფასებ.
მათი მოთხოვნები უკვე შიზოფრენიაშია გადასული. რომ ეკითხები, მაინც რამდენ პროცენტს ელოდითო, პასუხი არა აქვთ. პარლამენტში მუშაობა არ უნდათ, სამაგიეროდ უნდათ ფული და ამიტომაც ატეხეს ხმაური, დაფინანსებას გვიწყვეტენ და ოპოზიციის გაქრობა უნდათო. არავის არ უნდა მათი გაქრობა, მთელი მსოფლიო ეუბნება, შედით პარლამენტშიო.
„კომუნისტების დროს იყო ასეთი ლოზუნგი - „ვინც არ მუშაობს, ის არ ჭამს." ჰოდა, ახლა თავიანთი ახირებით მართლაც დარჩებიან ქუჩაში, აღარც დაფინანსება ექნებათ და მოხდება მათი მარგინალიზაცია, საერთოდ გაქრებიან პოლიტიკური ველიდან. ბოკერია და უგულავა ისედაც ვერ შედიან პარლამენტში, მევახშეების პარტია „ლელოც" ხალხს არ უნდა, სააკაშვილი კი პოზიციას კარგავს. „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერად მელია კი არა, სტალინიც რომ ააყენო, ისიც ვეღარ უშველის," - განაცხადა „რეზონანსთან" ედიშერ გვენეტაძემ.