გასულ კვირას ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ ამერიკის ახლანდელი ელჩის კელი დეგნანის მიმართ პროტესტი გამოთქვა, არც ელჩის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი ელიზაბეთ რუთი დაინდო და გია ჯაჯანიძესთან ერთად ხარაგაულში მისი სეირნობის კადრები გაავრცელა. გვარამიას აზრით, ქალბატონი რუთი „იმედის“ მსუბუქი გადაცემებისთვის იცლიდა, ხოლო „მთავარ არხზე“ საჭირბოროტო საკითხებზე საუბარს თავს არიდებდა. ამ ფაქტის მიმართ გია ჯაჯანიძეს თავისი დამოკიდებულება აქვს და თვლის თუ არა ამ ფაქტს თავისი გადაცემის დაკნინების მცდელობად, ქვემოთ მოგვახსენებს:
– გვარამიამ კი გამოხატა პროტესტი, მაგრამ მე არ გავბრაზებულვარ და არც ის ვიცი, ქალბატონი ელზაბეთ რუთი როგორ შეხვდა ამ განცხადებას. ერთადერთი, როცა კადრები დავინახე, აღტაცებით შევყვირე: ქალბატონი ელიზაბეთი-მეთქი! ნეტავ, სხვა ფრაგმენტები კიდევ ეჩვენებინათ, ქალბატონმა ელიზაბეთმა შესანიშნავად იცის ქართული ენა, ჩვენი კულტურა და ისტორია, უყვარს საქართველო, ვიმოგზაურეთ ხარაგაულში (ადრეც ნამყოფი იყო+, მივედით დევის გამოქვაბულთან, სადაც ნაცარქექიას ზღაპარი მოვუყევი, დავათვალიერეთ ეთნოგრაფიული მუზეუმი, შემდეგ გამოფენა. ბოლოს იმღერა ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერა – „ზესტაფონო, გშორდები“. ხალხი ძალიან კარგად ხვდებოდა და თვითონაც ბედნიერი იყო. გადაცემის მერე ამერიკის საელჩოდან კულტურის ატაშემ დამირეკა – ელიზაბეთ რუთს გადაცემა ძალიან მოეწონაო. დიდი მადლობა მას ჩვენი სამშობლოსა და ხალხის სიყვარულისთვის. ამიტომ გვარამიას დამოკიდებულებაზე მხოლოდ ეს შემიძლია, ვთქვა – ნეტავ, მთლიანად გადაცემა ეჩვენებინა! ერთს დავამატებ მხოლოდ – ნუ ამბობენ, რომ თავისუფალი მედიასივრცე შეზღუდულია – აკი, ტელევიზორში ამბობენ იმას, რაც უნდათ და ის ყველას ესმის.
– გაგიჭირდათ ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ელიზაბეთ რუთის დათანხმება გადაცემაში მონაწილეობაზე? ნიკა გვარამიას, თურმე, არ ხვდებიან...
– საელჩოში გავგზავნეთ თხოვნა ელჩის მოვალეობის შემსრულებლის გადაცემაში მონაწილეობაზე. დაგვთანხმდა. სიამოვნებით გადავიღებთ სხვა ელჩებსაც, თუკი წამოვლენ, რეგიონებში დავპატიჟებთ. ის მითი დავანგრიე, რომ უცხო ქვეყნების ელჩები მიუწვდომელნი და ხელშეუხებელნი არიან – ისინი არიან კეთილგანწყობილნი და არამარტო პოლიტიკა იციან, არამედ ცეკვაც და სიმღერაც.
ამერიკის ახლანდელ ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანსაც დიდი სიამოვნებით დავპატიჟებ ჭიათურაში, თუკი იკადრებს, კლდეში შედგმულ ჩემს სახელსაც ვაჩვენებ, ახლა შეიძლება აგრესიულმა ხალხმა ჩემზე ისიც თქვას, ჯაჯანიძე კლდეშია გაზრდილო – თქვან, კლდეში ვარ გაზრდილი!
– „მთავარ არხზე“ თქვენი გადაცემის კადრის ჩვენება მოულოდნელი იყო?
– ქვეტექსტებს არ ჩავღრმავებივარ, რასაც მეუბნებიან, პირდაპირ ვიგებ... აჩვენეს კადრები და ეს კარგია, სხვა დამოკიდებულებაზე არც მინერვიულია და, საერთოდ, პოლიტიკაზე შეფასებებს ვერ გამაკეთებინებენ. ისე დავბერდი, მიტინგზე არ ვყოფილვარ, მაქვს ჩემი მოქალაქეობრივი პოზიცია, დავდივარ არჩევნებზე, არ ვთაკილობ ქუჩაში სხვისი დაგდებული ნაგვის აღებას და ურნაში ჩაგდებას, არ ველოდები ჩემს სახლთან ქუჩას სხვა როდის დაგვის და მე თვითონ ვასუფთავებ, მიმაჩნია, რომ ესეც ქვეყნის მოვლაა და სხვა რამ არ მაინტერესებს. რეზო ამაშუკელიც ხშირად მლანძღავს, მაგრამ, თუკი მას ეს ბედნიერებას ანიჭებს, დაე, მლანძღოს, თუკი ამით თავისუფლდება – გათავისუფლდეს!!! საერთოდ კი, ბილწსიტყვაობა ცოდვაა და ყველას შევახსენებ, გარდაცვალების მერე, როცა სული საზვერეებს გადის, ბილწი სიტყვის მქონე, აგრესიულ ადამიანს ენით ჰკიდებენ. ასე რომ, არავის ვერჩი, ბოლოს ისტორია განსჯის, ვინ კარგი თქვა და ვინ ცუდი. ჭიათურაში ერთი ადგილია, სადაც ნაგავს ყრიან, მაგრამ შორიდან მხოლოდ სიჭრელე ჩანს და არა გადაყრილი საგნები და ეს ფერადი სიჭრელე ძალიან ლამაზია. ამის ანალოგიით გეტყვით, ცხოვრებიდან მხოლოდ დადებითს ვიღებ, კარგ ემოციას და ახლოდან ნაგავს არ ვქექავ!
– ალბათ, „მთავარი არხის“ ირონიაც ამით აიხსნება, რომ დღევანდელი პრობლემების ფონზე გადაცემებში მძიმე თემებზე არ საუბრობთ, თუნდაც, ელჩთან...
– ელჩების უფლება-მოვალეობებში ვერ შევიჭრები, ყველას თავისი მისია აქვს და პატივისცემით ვეკიდები. მათ, ვინც რაღაც გადაამეტა, ისევ ელჩები და საერთაშორისო ორგანიზაციები გასცემენ პასუხს. ახლა პანდემიაა, ადამიანები იხოცებიან და გადაცემებში ხალხი უფრო დავძაბო? წესებს ვიცავ, პირბადეს ვიკეთებ, მაგრამ ქუჩაში ხალხი გაჩერებს და ჩემთან ერთად ფოტოების გადაღებას მთხოვს. ვიხსნი პირბადეს და ვიღებთ ფოტოებს. რა ვუთხრა, პანდემიაა, ცხოვრება მძიმეა და ფოტოებს ვერ გადავიღებ-მეთქი?! ბედნიერებაა სიცოცხლე და ის, რომ 60 წლის ასაკში ცოცხალი ვარ და სიარული შემიძლია, რაც შეეხება პოლიტიკურ ფონს – ზვიადის პერიოდიც გამოვიარე, შევარდნაძისაც და სააკაშვილისაც, სამივე განსხვავებული იყო და სამივეს გარემოცვამ უღალატა! ამბობენ, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილსაც ღალატობენ. პოლიტიკაში ვისი მხარე დამეჭირა, ვის ავყოლოდი? მე ჩემი ქვეყნისა და ხალხის მოყვარული ადამიანი ვარ, არც ოპოზიცია მეზიზღება და არც პოზიცია, მიყვარს ადამიანი განურჩევლად სქესისა და კანის ფერისა, პატივს ვცემ აზროვნებას!
– თქვენი სახელის გამოყენება ერთ-ერთმა პროდიუსერმა სცადა, თითქოს მას მავნეთათვის ამერიკის ვიზის მიღებაში ეხმარებოდით. ეს საქმე როგორ დამთავრდა?
– როცა ეს ამბავი გავიგე, კინაღამ შოკში ჩავვარდი, თავის მართლება დავიწყე. კანონმორჩილი ვარ, სანამ რაიმე საბუთზე ხელს მოვაწერ, ასჯერ ვკითხულობ. გამორიცხულია, რაღაც ჯგუფი შევქმნა და უცხოეთში წავიყვანო, შვილსაც კი ვერ წავიყვან. ჩვენი ჯგუფის, სადაც ჩემს გარდა კიდევ ოპერატორია და პროდიუსერია, წასვლას ამერიკაში ოფიციალურად აგვარებს ტელეკომპანია „იმედი“, ჩვენს გვარებზე ამერიკიდან იგზავნება საბუთი და ორმხრივი დოკუმენტაცია დგება. კანონს არავინ დაარღვევს, არც მე დავუშვებ და არც ტელეკომპანია. საბოლოოდ გაირკვა, ვინც მოისურვა ჩემი სახელით მანიპულირება! აქამდე შრომით მოვედი, უწყვეტი სტაჟი მაქვს, ჯერ კიდევ ბრეჟნევის დროს ხის საამქროში დავიწყე მუშაობა, ლიმონათის ყუთებს ვკრავდი, 7 კაპიკს მიხდიდნენ, თუ მავთულსაც დავახვევდი – 11 კაპიკს. შრომითა და პატიოსანი გზით მოვიპოვე ყველაფერი და ცუდად ვერავინ შემეხება!
ქეთევან ხამიცაშვილი